საზოგადოებრივი მართვის კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოლო დროს გამოჩენამ საზოგადოების დამოკიდებულება ზოგიერთ პროცესთან მიმართებაში რადიკალურად შეცვალა.
"რეზონანსთან" საუბრისას გამზარდია ამბობს, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში ხელოვნურად დაძაბული და ქაოსური სიტუაცია თავისი გამოჩენით ჩააცხრო, ხოლო დაბნეულ საზოგადოებას, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მიმართებაში პროცესებზე რეალური სიტუაცია დაანახვა.
ის ფიქრობს, რომ ივანიშვილი თავისი ამ გამოჩენით ხელისუფლების დახმარებას არ ცდილობს, თუმცა თვლის, რომ საზოგადოებაში კვლავ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
"რეზონანსი": რას უკავშირებთ ბოლო დღეებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას?
არჩილ გამზარდია: მის გამოჩენას მე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს ვერ დავუკავშირებ, რადგანაც, რამდენადაც მახსოვს, ივანიშვილი აკეთებდა განცხადებებს, რომ ის საშემოდგომოდ პოცესებში ჩართვას აქტიურად აპირებდა.
ამიტომაც მისი გამოჩენა მე უფრო გეგმაზომიერად მიმაჩნია. პოლიტიკური ცხოვრება ნელ-ნელა გადადის წინასაარჩევნო პროცესში, ამიტომაც, ვფიქრობ, მან გააქტიურება გადაწყვიტა.
ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას ეხმარება, უფრო მგონია, რომ ამჟამინდელი ჩართულობით მეტი სიმშვიდის მიღწევას ცდილობს. ვფიქრობ, მან დასახულ მიზანს მიაღწია და მისი გამოჩენის შემდეგ პროცესები ჩაცხრა.
ბოლო დღეებში საზოგადოებაში არსებობდა - ქაოსი, დაბნეულობა, პოზიციებში გაურკვევლობა. ვფიქრობ, ივანიშვილმა თავისი გამოსვლით მოქალაქეებს რაღაც მიმართულება მისცა.
ის ცდილობს, რომ ხალხს უბრალოდ საკუთარი მოსაზრება გააცნოს, ხოლო საზოგადოებამ სიტუაცია თავად განსაჯოს და თავად გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა. ის ხელოვნურად ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ საუბრობს. პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მისი შეხედულებები ისედაც ცნობილია.
ივანიშვილმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან "რუსთავი 2"-ზე განცხადების გაკეთებით მოქალაქეებს დაანახვა, რომ ეს ტელევიზია არ მოსწონს და მასში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიასა და პროპაგანდას ხედავს. მაგრამ აქვე თქვა, რომ ასეთი მედია ჩვეულებრივ უნდა მუშაობდეს და ეს აჟიოტაჟი, რაც ამ თემასთან დაკავშირებით აგორდა, ხელოვნურად არის გამოწვეული.
მისმა ამ პოზიციამ საზოგადოებაში არსებული აზრობრივი სიცარიელე შეავსო. მოქალაქეებს რაღაც საკითხებზე თვალი აეხილათ და ივანიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა. საზოგადოება დამშვიდდა და მიხვდა, რომ ეს მედიასა და სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლა არ არის. ამ მხრივ მან მეტი ინფორმაცია შეიტანა.
ბოლო დღეებში "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებები უფრო აგონიური და შტაბბინიდან მართული გახდა, რამაც საზოგადოებას საშუალება მისცა, ბევრი სიყალბე თავადვე აღმოეჩინა. მეორე მხრივ, ივანიშვილის განმარტებები ხალხისთვის ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი აღმოჩნდა, ვიდრე "რუსთავი 2"-ის 24 საათიანი ისტერიკული პროპაგანდა.
"რ": ენ-დი-აი-ს კვლევებში გამოჩნდა, რომ ხალხის დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეცვლილია და მისი რეიტინგი შემცირებულია. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ხომ არ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ ამ კვლევების შემდეგ საზოგადოებას უფრო ხშირად უნდა მიმართოს?
ა.გ: ჩვენ ყურადღება ერთ რამეს უნდა მივაქციოთ. მე ენდი-აი-ს მიმართ ჩემი პირადი პოზიციები მაქვს. ის ტენდეციებს, როგორც წესი, სწორად გამოხატავს. მაგრამ რიცხვებში, ასე ვთქვათ, ცოტა მოიკოჭლებს. საინტერესოა, რომ დავინახეთ, როგორ არის დაკლებული ხელისუფლების რეიტინგი. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგიც მკვეთრადაა დაწეული.
კი ბატონო, ივანიშვილი როგორც კი გადადგა, ამ პარტიას რეიტინგის მხრივ ძალიან გაუჭირდა. ის ხელისუფლებისგან საკმაოდ დისტანცირებულია, მიუხედავად მისი ოპონენტების განცახდებისა, რომ თითქოს ის ქვეყანას არაფორმალურად მართავს. ხელისუფლების მიმართ განწყობა და ივანიშვილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ერთი და იგივე არ არის. თავისთავად ლოგიკურია, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი შემცირდა.
ეს არის სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც, რომელიც არასაკმარისი საინფორმაციო პოლიტიკით არის გამოწვეული. მაგრამ ამ ყველაფერში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 50%-ზე მეტი ადამიანი კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.
სინამდვილეში მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის არჩევნებზე ხალხმა თავისი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დააფიქსირა.
სწორედ ეს 50%-ია ის ხალხი, რომლებიც, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არჩევნების დღეს გადაწყვეტილებას ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მისცემს. რეალურად, დიდი ალბათობით, ისინი "ქართული ოცნების" ამომრჩევლებლად მოგვევლინებიან.
"რ": თუკი ივანიშვილი ნახავს, რომ 2016 წლისთვის "ქართულ ოცნებას" გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს, ის პოლიტიკაში დაბრუნებაზე იფიქრებს?
ა.გ: მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის პოლიტიკაში უფრო მეტად ჩართვა შეუძლებელია. ის ამას საჯაროდაც აცხადებს და ჩემთანაც უსაუბრია. ამიტომ, ის პოლიტიკურ პროცესში ჩართვას არ აპირებს. ის ხალხს მოუწოდებს, რომ აქცენტი პოლიტკურ გუნდზე გააკეთონ და არა პირადად მასზე.
ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ექნება "ქართული ოცნება" საზოგადოებას რა პროგრამით და როგორი ადამიანური რესურსით წარუდგება. ახლა ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" საკუთარი ნიშის ქვეშ არ გაუშვებს. მან თავად უნდა მოახერხოს საზოგადოების სიმპატიების დამსახურება.