3 დაყენებული შუამდგომლობა და არც ერთი დაკმაყოფილებული - "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი დარწმუნებულია, რომ სასამართლო ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს გადასცემს და არ აპირებს, ამას შეეგუოს. ამიტომ, მან დღეს, 1-ელ საათზე მხარდამჭერებს ტელეკომპანიის ეზოში უხმო. ამბობს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მცდელობა, რისთვისაც სპეცრაზმი უკვე მობილიზებულია.
"ჩვენ ვიხილავთ სპეცდანიშნულების რაზმს "რუსთავი 2"-ის ეზოში", - განაცხადა გვარამიამ.
ამავე დროს, არხის გენერალური დირექტორის თქმით, ტელევიზია ქიბარ ხალვაშს არავითარ შემთხვევაში არ დარჩება და ამისთვის, თუ საჭირო იქნება, საპროტესტო აქციებიც გაიმართება.
ვაპირებთ ბოლომდე სამართლებრივ ბრძოლას. გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, სამი თამაზ ურთმელიძე ვერ შეგროვდება ვერასდროს.
ასე რომ, ეს კომპანია ქიბარ ხალვაშს მაინც არ დარჩება. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიერ იხილება როგორც არალეგიტიმური და ყველას ვანახვებთ, როგორ მოიქცა ურთმელიძე პროცესზე, ერთი დღეც არ მისცა ჩვენს იურისტებს იმისთვის, რომ შემაჯამებელი სხდომისთვის მომზადებულიყვნენ. ეს არ არის სასამართლო პროცესი, ამიტომ ხელისუფლება ამით აუცილებლად დაზიანდება. საპროტესტო აქციები იქნება საჭიროების მიხედვით. ჩვენ არ დავთმობთ კომპანიას, გამორიცხულია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნიკა გვარამია.
ამ საუბრის შემდეგ, სავარაუდოდ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მან სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ აქვს ცნობები, რომ მოსამართლე გამოიტანს ქიბარ ხალვაშისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას, რისი დაუყოვნებლივ აღსრულება სპეცდანიშნულების რაზმს დაევალება, რისთვისაც სპეცრაზმი უკვე გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე.
"დღეს საქართველოში სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ დასამარდა მოსამართლე ურთმელიძის ხელით. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ურთმელიძის მიერ წარმოებულ პროცესზე "რუსთავი 2" დარჩა სამართლიანი სასამართლოს უფლების გარეშე, კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვის გარეშე. ჩვენს ადვოკატებს უარი ეთქვათ მთავარზე - მომზადებულიყვნენ, გაეაზრებინათ ამ დღეების განმავლობაში არანორმალური ტემპით განვითარებული მოვლენები, 9 სამუშაო დღეში პრაქტიკულად ყველა სხდომა ჩატარდა, არ მიეცათ საშუალება მოესმინათ და წაეკითხათ ყველა ის არგუმენტი, რაც სხდომაზე იქნა წარმოდგენილი, არ მიეცათ შესაძლებლობა, გაეაზრებინათ ექსპერტის მიერ გაკეთებული დასკვნები და ეპასუხებათ მათ ძალიან მწვავე შეკითხვებზე.
"სხდომა ხვალ დილით ჩაინიშნა. პროცესი დღეს 18:00 საათზე დამთავრდა, შესაბამისად, არც ერთი სამუშაო საათი, რათა ჩვენმა გუნდმა მოამზადოს საკუთარი პოზიცია, მოსამართლე ურთმელიძემ არ მოგვცა. ის დადგა საქართველოს კონსტიტუაციაზე მაღლა.
"საქართველოს კონსტიტუცია გარდა სასამართლო უფლებისა, ადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით, რომელიც ხვალ ან ზეგ აუცილებლად გამოვა, ჩვენ ეს უფლებაც ჩამოგვერთმევა.
"ამიტომ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა "რუსთავი 2", არამედ სიტყვის თავისუფლება და ამ ქვეყნის მომავალი, მოვუწოდებთ, დადგეს "რუსთავი 2"-ის სადარაჯოზე, დაიცავით, ჩვენი და თქვენი სიტყვის თავისუფლება, დადექით ხვალ პირველი საათიდან "რუსთავი 2"-ის, მთავრობისგან დამოუკიდებელი ერთადერთი მედიის სადარაჯოზე, იმდენად, რამდენადაც არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი, არამედ არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება აღსასრულებლად და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს. ეს ყურმოკვრით გაგონილი არ არის, ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი და შესაძლებელია მიიღონ ბრძანება, რომლის ობიექტიც იქნება "რუსთავი 2", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავის 2" წილებთან დაკავშირებით გუშინ საქალაქო სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
3 საათის განმავლობაში იკითხებოდა საქმეში არსებული ერთადერთი მოწმე, ლევან სამხარაულის ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შოთა ივანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირის მიერ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საბაზრო ღირებულება 2004-2006 წლებში დაახლოებით 70 მილიონ ლარად შეფასდა. ქიბარ ხალვაში კი ამბობს, რომ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი 265 ათას ლარად დაათმობინეს. ეს დასკვნა ქიბარ ხალვაშს საქმეში მთავარ მტკიცებულებად უდევს, სწორედ ამიტომ იქნა ივანაშვილი დაკითხვაზე დაბარებული.
ექსპერტს კითხვები ძირითადად "რუსთავი 2" ადვოკატებმა დაუსვეს. თავდაპირველად ექსპერტის კომპეტენციითა და განათლებით დაინტერესდნენ, შემდეგ კი იმისთვის უსაყვედურეს თუ რატომ არ დაინტერესდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ გაგზავნილი ფინანსური დოკუმენტის აუთენტურობით, რომელსაც ხელს რევაზ ბერიაშვილი აწერს.
ნიკა გვარამიას თქმით, ბერიაშვილს ტელეკომპანიაში არასდროს უმუშავია. შესაბამისად ადვოკატები ამბობენ, რომ დოკუმენტი გაყალბებულია. ივანაშვილის თქმით კი ეს საკითხი მის კომპენტენციას სცდება. რაც შეეხება დასკვნას, ექსპერტი ამბობს, რომ მოთხოვნილი 8 დოკუმენტისგან ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ მხოლოდ ორის გადაცემა შეძლო, თუმცა მისი თქმით, დასკვნის გასაკეთებლად ეს სავსებით საკმარისი იყო.
თითქმის 3-საათიანი კითხვა-პასუხისას მოსამართლემ მოპასუხე მხარეს კითხვების დასმის დროს შენიშვნა რამდენჯერმე მისცა. ერთ-ერთი "ქართუ ბანკის" საბაზრო ფასს შეეხებოდა. ადვოკატები დაინტერესდნენ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკის საბაზრო ღირებულებას ექსპერტი რამდენად შეაფასებდა. მოსამართლემ ეს პოლიტიკურ ნიუანსად აღიქვა, ამიტომ ადვოკატებს ამ კითხვის დასმის საშუალება აღარ მისცა.
ექსპერტის პასუხებით უკმაყოფილო დარჩა მოპასუხე მხარე, ამიტომ მტკიცებულებების გამორკვევის პროცესში საქმეში დართული რამდენიმე მტკიცებულების ამოღება მოითხოვეს.
ის მტკიცებულებები, რომლის ამორიცხვასაც "რუსთავი 2"-ის ადვოკატები ითხოვდნენ, ეხება 2006 წლიდან ტელეკომპანიის წილების გასხვისებას, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ძმები ყარამანიშვილები არ არიან კეთილსინდისიერი მფლობელები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და იმ საექსპერტო დასკვნა, რომლითაც ტელეკომპანიის საბაზრო ღირებულება 70 მილიონ ლარად შეფასდა.
დაყენებული შუამდგომლობებიდან, 10-წუთიანი ფიქრის შემდეგ, მოსამართლემ არც ერთი არ დააკმაყოფილა, რასაც მოპასუხე მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სწორედ, ამიტომ ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა მოსამართლის აცილების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა, თუმცა ურთმელიძემ არც ეს გაითვალისწინა და მხარეები სასამართლოს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
"თუ არ მოგწონთ გადაწყვეტილება, შეგიძლიათ გაასაჩივროთ - ეს არგუმენტი და პასუხი არაა. თუ ტყუილად ვსხედვართ აქ და ვლაპარაკობთ, და თქვენ მაინც იმას იტყვით, რაც წინასწარ გაქვთ განსაზღვრული, გვითხარით და წავალთ. თქვენ კომპეტენცია არ გყოფნით," - მიმართა "რუსთავი 2"-ის მხარემ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს.
ურთმელიძემ კი განაცხადა, რომ მისი აცილების შესახებ შუამდგომლობა, პროცესის ჩაშლასა და სასამართლოს დისკრედიტაციას ემსახურება.
მოსარჩლე მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მოსამართლემ პროცესი 29 ოქტომბრისთვის გადადო, რასაც "რუსთავი 2"-ის დაცვის მხრიდან კიდევ ერთი პროტესტი მიჰყვა. იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლის ქცევაში სს დანაშაულის ნიშნები დაინახა.
"ე.წ. მტკიცებულება, რომელსაც ურთმელიძე-ქიბარ ხალვაში ეყრდნობა, არის ორ ფარატინა ყალბ ფურცელზე დაფუძნებული დასკვნა. მოსამართლე ურთმელიძეს თავზე ხელი აქვს აღებული. ის გავიდა ყველანაირი საკანონმდებლო სივრციდან. მან ცხრა სამუშაო დღეში ხვალ უკვე მეხუთე სხდომა ჩანიშნა. სასამართლოს ისტორიაში არ არსებობს მეორე სამოქალაქო დავა, რომელზეც ასეთი ტემპით მიმდინარეობს საქმის განხილვა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მისი თქმით, მოსამართლე მოპასუხე მხარის შუამდგომლობებს არ ითვალისწინებს.
"თამაზ ურთმელიძე არ ითვალისწინებს ჩვენს შუამდგომლობებს, რომ 2-3 დღით მაინც გადადოს სხდომა. ის თავისი დავალებების შესაბამისად მოქმედებს. ეჭვი მაქვს, რომ სახეზეა სს დანაშაულის ნიშნები," - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი კი სასამართლოს მსვლელობით კმაყოფილია.
"ვთვლით, რომ ეს შუამდგომლობები არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ეს გახდა მოწინააღმდეგე მხარის აღელვების საფუძველი და დააყენეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. არ შეიძლება მოსამართლის აცილება იყოს მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს. ჩვენც გვქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი გვეთქვა და ვაპირებთ მათ გასაჩივრებას," - აღნიშნა პაატა სალიამ.
აღსანიშნავია, რომ "რუსთავის 2" საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც დასკვნითი სიტყვით წარსდგება მოპასუხე მხარე. ამის მერე მოსამართლე სათათბიროდ გავა და არ არის გამორიცხული, განაჩენი იმ დღესვე გამოიტანოს.