"რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობით სასამართლო პროცესი ერთი დღით გადაიდო. დღევანდელ პროცესზე კი მოპასუხე მხარე დასკვნითი სიტყვით გამოვა, რის შემდეგადაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და არ არის გამორიცხული განაჩენიც დღესვე გამოაცხადოს. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ მოსამართლე ქიბარ ხალვაშს გაამართლებს, ამიტომ იგი სამართლებრივი ბრძოლის და ქუჩის აქციებისთვის ემზადება.
ამასთან დაკავშირებით გუშინ ტელეკომპანიასთან მცირე საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც მხარდამჭერებს ნიკა გვარამიამ მიმართა.
"ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოვუწოდეთ, რომ ამ ადამიანს არ მისცეს ქვეყანაში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დანგრევის შესაძლებლობა. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა, ისეთი გამოიტანოს, არ არსებობს ქვეყანაში მეორე ურთმელიძე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებს და ძალაში დატოვებს, კერძოდ, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში.
"ჩვენ არ გვეშინია იმ გადაწყვეტილების, რომელსაც ურთმელიძე გამოიტანს, მაგრამ მან შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების განჩინება გამოიტანოს. ჩვენ სწორედ ეს ნორმა გვაქვს გასაჩივრებული და ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია ქვეყნისა და დემოკრატიის გადარჩენა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება, საკონსტიტუციო სასამართლოა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანიას რუსთავი-2"-ის წილების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გიამართა, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული შუამდგმლობის გამო მალევე დასრულდა და ერთი დღით გადაიდო.მანამდე კი მოსამართლესა და მოპასუხე მხარის ადვოკატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"რუსთავი 2"-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა მოსამართლე არაადამიანურ და არაჰუმანურ მოპყრობაში დაადანაშაულა.
"თქვენ უნდა იყოთ თვალდახუჭული თემიდას სიმბოლო, თუმცა ჩვენ არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ მოსამართლესთან მოვდივართ, მოვდივართ მხარესთან," - მიმართა მოსამართლეს მურადაშვილმა.
თამაზ ურთმელიძემ მოპასუხე მხარის კიდევ ერთ იურისტ ზაზა ბიბილაშვილს, მხარის დაცვის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. ამის მიზეზი მოსამართლისთვის სახელით მიმართვა გახდა.
ბიბილაშვილის თქმით, იგი ამას შეგნებულად აკეთებს, რადგან მას მოსამართლის სამართლიანობის შეგრძნება არა აქვს. მოსამართლის განცხადებით კი მოპასუხე მხარე სასამართლოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ადანაშაულებს.
აღნიშნული დაპირისპირების მიუხედავად თამაზ ურთმელიძემ გუშინ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული ორი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომის გადადებასთან ერთად საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო "რუსთავი 2"-ის სიუჟეტი სამხარაულის ექსპერტ შოთა ივანაშვილზე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირის მიერ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საბაზრო ღირებულება 2004-2006 წლებში დაახლოებით 70 მილიონ ლარად შეფასდა, მაშინ, როდესაც ბიზნესმენს ტელეკომპანიის 100% წილი ქიბარ ხალვაშის თქმით, 265 ათას ლარად დაათმობინეს. აღნიშნული დასკვნა ქიბარ ხალვაშს საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად უდევს, სწორედ ამიტომ იქნა ივანაშვილი დაკითხვაზე დაბარებული.
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ამ ადამიანს სასამართლო პროცესებზე უკან დაჰყვება თავისი უფროსი გიორგი ჩადუნელი. დაკითხვისას კი ივანაშვილმა თქვა, რომ მხოლოდ ერთხელ ახლდა, იმიტომ, რომ პროცესის შემდეგ საქმეზე ერთად მიდიოდნენ.
ამასთან სიუჟეტის მიხედვით ივანაშვილს საექსპერტო გამოცდილების საქმეში წინა ხელისუფლების დროს ორი სკანდალური საქმის ექსპერტიზა აქვს გაკეთებული. ორივე მათგანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშიდება. "რუსთავი 2"-ის მიხედვით, შოთა ივანაშვილი მოსახლეობისთვის "გლობალ ტვ"-ის ანტენების დამონტაჟების და "ქართუ ბანკის" საქმეში ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყო.
ერთსაათიანი დისკუსიისა და მცირე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოსამართლემ მოპასუხე მხარის ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი ერთი დღით გადადო, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩლე მხარე.
"ჩვენ ფაქტობრივად საერთოდ არ გვქონდა დრო, ეს საკითხი დავაყენე სასამართლოზეც, თუმცა სასამართლომ გააგრძელა სამუშაო საათებში განხილვა. მე წარვადგინე ის პოზიცია, რაც იყო ჩვენს საპაექრო სიტყვაში. აქედან გამომდინარე, ჩავეტიეთ იმ დროში, რა დროც დარჩენილი იყო სამუშაო საათების დასრულებამდე. ჩვენ მხარეს დარჩა მხოლოდ რეპლიკის უფლება.
"მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დღევანდელი დღისთვის მომზადებუულიყვნენ, მაგრამ როგორც ამბობენ, ექსპერტიზის დაკითხვის მოსმენა უნდათ კიდევ ერთხელ. ვთვლი, რომ სრულიად ზედმეტია, იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ საკმარისი დრო შეესწავლათ დასკვნა.
"მათ ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვეს ექსპერტს, რამდენჯერმე იყო დასმული ერთი და იგივე შეკითხვები და ვთლი, რომ არაფერი განსაკუთრებული ისეთი არ ყოფილა, რაზეც დღეს არ შეეძლოთ საუბარი. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობა სრულიად ზედმეტი იყო, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
"მოპასუხე მხარე სასამართლოსაც და ქიბარ ხალვაშსაც ეჭვქვეშ აყენებს, ამიტომ "რუსთავი 2"-ის ეჭვებზე ვერ ვისაუბრებ. მათ პირველივე დღიდანვე გამოაცხადეს, რომ ამ საქმეზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არავის ჰქონდა, რაშიც ვერ დავეთანხმები. მოპასუხეს შეიძლება ძალიან ბევრი ეჭვი ჰქონდეს, თუმცა ეს ეჭვები რაღაცით უნდა საბუთდებოდეს, გარდა მათი პირადი სურვილებისა. მე ჯერ სურვილების გარდა ვერაფერი მოვისმინე.
"თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმ მონაცემების სისწორეში, "რუსთავი 2"-ის ხელთ იყო ყველა დოკუმენტი მისი პარტნიორების და ნებისმიერ დროს შეეძლოთ წარმოედგინათ ალტერნატიული მონაცემები. ეს არ გაუკეთებიათ და ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები მოვისმინოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.
ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომელიმე არხი რამე ფორმით ჩარევის შედეგად ხელოვნურად დაიხუროს.
"მე ხშირად ღია კრიტიკა გამომითქვამს ამა თუ იმ ტელევიზიის მუშაობასთან დაკავშირებით. ეს ნორმალური, ჩვეულებრივი პროცესია. ეს არის ჯანსაღი, დემოკრატიის დამახასიათებელი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვისმენთ კრიტიკას და ჩვენც გვაქვს კონსტიტუციური უფლება, ასევე გავაკრიტიკოთ, გამოვთქვათ აზრი, მაგრამ თუ ეს კრიტიკული აზრი გარდაისახება უკუქმედებაში, რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო.
"დამისახელოს რომელიმემ - ან ქართველმა ან უცხოელმა, როდის გარდაისახა ჩვენი კრიტიკული აზრი შესაბამის ქმედებაში მედიასაშუალებებთან, ან არასამთავრობოებთან მიმართებაში? ერთი ფაქტი ხომ შეიძლება დაასახელონ? ცოტა ხნის წინ მე შევხვდი ერთ ამერიკელ მეგობარს (არ მინდა სახელი ვახსენო), რომელმაც მითხრა, რომ ჰქონდა შეხვედრა ჩვენს არასამთავრობოებსა და მედიასაშუალებებთან და მათგან მოისმინა ძალიან ბევრი კრიტიკა, რომ მთავრობის მეთაური, ან ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოდის და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს.
"ჩვენმა ამერიკელმა მეგობარმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარია და არა ჩვენი პირადი მეგობარი, მკითხა: როდის მომხდარა, რომ თქვენი კრიტიკული აზრი რეალურ ქმედებაში გამოიხატა? პასუხი იყო - არასოდეს. დიახ მეგობრებო, არასოდეს, რადგან ეს ჩვენი მთავარი პრინციპია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის მტკიცებით, მთავრობამ საქართველოში აბსოლუტურად თავისუფალი გარემო შექმნა როგორც მედიისთვის, ისე სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ყველა დანარჩენი ნაწილისთვის.
"დღეს ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა, არის აბსოლუტურად თავისუფალი. ასე რომ, იქნება ეს "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო" თუ სხვა რომელიმე არხი, იმუშავებს ყოველთვის და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ რომელიმე არხი რამე ფორმით ჩარევის შედეგად ხელოვნურად დაიხუროს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.