"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინულ გამოცემა "უარევიუ.ინ.უა"-ს მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და მისი სატელეფონო საუბრის ავთენტურობას ადასტურებს.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში ამ ფაქტით, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური, უკანონო მოსმენები, ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სივრცე, - წერს "ინტერპრესნიუსი".
"ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ვერ იარსებებს ვერანაირი სანქცია ფარული მიყურადების შესახებ. ერთადერთი, რის გამოც მე შეიძლება მისმენდნენ, ეს არის 315-ე მუხლით აღძრული საქმე, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, აღძრულია იმიტომ, რომ ლეგალიზება მოახდინოს ფარული მოსმენებისა.
"მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა და ამის შესახებ განცხადება გაკეთდებოდა. ეს არის სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და უნდა დავათარიღოთ სავარაუდოდ 19 ოქტომბრით.
"პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი. მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ეს ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს და ყველაფერში ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს.
"რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომლებზეც არის საუბარი, დიახ, ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს, ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა.
"რამდენად გავიზიარე მე ეს დამოკიდებულება ბარიკადების აგების და ა.შ. შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ. გასულია დაახლოებით 10 დღე ამ საუბრიდან და თუ იპოვით ერთ ბარიკადს მაინც, მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამაზე საუბარი", - განაცხადა გვარამიამ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის განცხადება საზოგადოებას "კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა გააცნო.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არ უკავშირდება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს და ჩვენი მიზანია მხოლოდ ის, რომ მოგვეცეს საშუალება, სრულფასოვნად შევასრულოთ ჟურნალისტებზე დაკისრებული მოვალეობები, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს.
"ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინიცირებული. ამ შემთხვევაში სწორედ ჩვენ ვართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის ქვეშ.
"იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება აცილებული თავიდან ძალადობრივი ქმედებები, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება.
ასევე მოვითხოვთ, ხელისუფლებამ განმარტოს ამ ჩანაწერების წარმომავლობა, მოპოვების კანონიერება და ის, თუ როგორ მოხვდა ეს აუდიომასალა უკრაინულ ინტერნეტსივრცეში.
"ასევე ვითხოვთ დამატებით განმარტებებს, რატომ არ გაასაჯაროა ეს ჩანაწერები მათი მოპოვებისთანავე, რამდენადაც ჩანაწერებიდან სავარაუდოდ ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა მათი შინაარსი ამ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ყოფილიყო.
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ შევინარჩუნებთ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენი და თავისუფალი სიტყვის დაცვის ერთდაერთი საშუალება მხოლოდ კამერა და მიკროფონია.
"მოვუწოდებთ სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობას, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვას ტელეკომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირები, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები", - ნათქვამია განცხადებაში "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით.
უკრაინული გამოცემა ცცც.გფკუმშუც.შტ.გფ ავრცელებს აუდიოჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა ბოკერიას საუბარი. აუდიოჩანაწერის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ბოკერიას ეუბნება, უთხრას გვარამიას, რომ 22-ში სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და 22-შივე აღასრულებენ და შევლენ "რუსთავი 2-ში".
მიხეილ სააკაშვილი: ეს რომ არ დაუშვას, ხვალიდან უნდა დაიწყოს მშენებლობა - რკინის კონსტრუქციები მოაწყოს მანდ და ბევრი ბარიკადი უნდა გააკეთოს, თავისი დაცვით, გამაგრებებით, "ბოევიკებით", რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ. გიგა ბოკერია: ბოევიკები მაგათ არ ჰყავთ, მაგრამ... მიხეილ სააკაშვილი: რა შუაშია, ბარიკადები უნდა დააყენოს? ბოკერია: მაგისთვის ჩვენ ვემზადებით.... დღეს შევხედეთ, როგორ არის, დიდი სივრცეა ძაან, მაგრამ მანდ პრობლემა ის არის, რომ ორი ადგილია, სადაც უნდა შევიდნენ. გათიშვა თუ უნდათ დელისში შეუძლიათ, შევიდნენ.
მიხეილ სააკაშვილი: - სად? დელისში? გიგა ბოკერია: ხო, სიგნალი იქიდან მოდის. მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, ჯობია, სიგნალი გათიშონ მანდ, "რუსთავი" არსებობდეს ინტერნეტში, იმაში, ამაში. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "დელისის" გამაგრება ძალიან ადვილია, ბოკერია კი ეუბნება, რომ ბევრი ხალხის დაყენებაა რთული.
მიხეილ სააკაშვილი კი ისევ რკინის კონსტრუქციების აგებაზე საუბრობს. გიგა ბოკერია: ხო, მაგრამ, მანდ ადგილი გახსოვს როგორია? ერთი რკინის კონსტრუქცია, ეგრე რომ ვერ შეაღწიონ, არ არსებობს. მანდ უნდა იყოს, რომ უნდა ჯახი მოხდეს, ანუ მაგრად მოგერიონ, რომ აიღონ, თორემ რკინის კონსტრუქცია, რომ ვერ შევიდეს სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეგეთი მე ასე უცებ რაც წარმოვიდგინე, იმხელა სივრცეა.. მიხეილ სააკაშვილი: აშენებადია გიგა ახლა რას მიყვები. თუ ააშენებთ აშენებადია. ამის შემდეგ სააკაშვილი უცხოელების რეაქციით ინტერესდება. მიხეილ სააკაშვილი: ეს იდიოტი უცხოელები რას შვრებიან?
გიგა ბოკერია: ხვალ რაღაც დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე. მიხეილ სააკაშვილი: დიდ განცხადებას, თუ პროსტა კითხავენ სპიკერს და რაღაცას წაიკითხავს. გიგა ბოკერია: ამათ შეხვდნენ, დაუძახეს და უთხრეს, რომ მოდით, უნდა გადმოგცეთ განცხადებაო. არ ვიცი, ვნახოთ რა. ეგ ამბავი რაც ხდება ჩვენს ხელში პირდაპირ არ არის და არ ვიცი გამოხმაურება პერსონალურად რას გვეტყვის ქალბატონი ტორია. ვნახოთ კიდევ რამეს აპირებენ თუ არა დამატებით, მაგრამ მაგისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ ჩვენ ადგილზე. შენ იქ ხომ იქნები და გეტყვით დამატებით რაღაცეებს კიდე, ტელეფონით არ მინდა. როდის ჩამოდიხარ შენ?
მიხეილ სააკაშვილი: მე ჩამოვდივარ 3 საათით და უკან მოვდივართ. გიგა ბოკერია: ვიცი, მაგრამ ხომ გექნება ერთი ნახევარი საათი მაინც... ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებზე საუბრობს და ამბობს, რომ დაბნეული არიან ახლა ჟურნალისტები, მაგრამ უნდა გაამხნევოს გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილი: მანამდე უნდა ააშენოთ რკინის კონსტრუქცია, ფიზიკური მე ვუთხარი, ნიკა, შეიძლება ატყდეს სროლა, მაგისთვისაც მზად უნდა იყო ვაიმე, ვაიმეო. ეგრეა. საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება, უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია სხვანაირად ვერ მივიქცევთ ყურადღებას. გიგა ბოკერია: ყურადღებაზე არ არის, ბრძოლისუნარიანობა უნდა ვაჩვენოთ. მიხეილ სააკაშვილი: უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვა და თუ გაისვრიან და, გაისროლონ, რა ვქნათ."