იურისტები იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად აფასებენ
სალომე სარიშვილი
31.10.2015

 იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. შესაბამისი განცხადება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ გააკეთა.

ამას იურისტთა და უფლებადამცველთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და ამასთან ერთად, იგი რაიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთმევა გამართლებული არაა. ხოლო ნაწილი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა საქმის წარმოებას ხელს არ შეუშლის, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დაინტერესებულ პირს - მიხეილ სააკაშვილს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ უკრაინაში წერილობით ეცნობება და საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გონივრული ვადა მიეცემა.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "გ" პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის აზრით, მოქალაქეობის ჩამორთმევისას უნდა არსებობდეს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს არათუ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა, არამედ პირიქით - უნდა შეუნარჩუნდეს. მისი აზრით, მოცემულ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი სამართლებრივად სწორი არ არის.

"თუ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ვერ მოხდება, ამიტომ მოცემულ ეტაპზე ამაზე საუბარი ვფიქრობ სამართლებრივად სწორი არ არის. არ ვიცი რა საფუძველს შეიძლება გულისხმობდეს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ეს საფუძველი არსებობდეს.

"თუ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ან არსებობს ეჭვები, რომ შეიძლება მონაწილეობდეს რაიმე ფორმით რაიმე დანაშაულში, პირიქით, ამ შემთხვევაში ვერ მოხდება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. არც საფუძვლები ითვალისწინებს ამას. ასეთ შემთხვევაში პირიქით, პირს მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს და გამოძიება გაგრძელდეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ანა ნაცვლიშვილმა.

მისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს "პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარეს იურისტ ამირან გიგუაშვილს. მისი თქმით, პირისადმი მოქალაქეობის ჩამორთმევა, სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების ხელის შემშლელი ფაქტორი ვერ იქნება. როგორც იურისტმა "რეზონანსს" განუცხადა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება და შესაბამისად, მასში კანონსაწინააღმდეგო არაფერია.

"მოქალაქეობის ჩამორთმევა არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება შეწყდეს, ვინაიდან და რადგანაც ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა, თუ მოქალაქეობის არმქონე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირმა.

"დანაშაული, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი, ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, ჩვეულებრივად საქართველოს საერთო სასამართლოებში განიხილება. შესაბამისად, განცხადებები იმის თაობაზე, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა ამ ტიპის პროცედურებსა და სისხლის სამართლის გამოძიებას ხელს შეუშლის, სამართლებრივ განაწესს არ შეესაბამება.

"იუსიტიცის სამინისტრო მოცემულ შემთხვევაში კანონის ძალით მინიჭებულ უფლებამოსილებას იყენებს, ეს კი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მოქმედებს," - გვითხრა იურისტმა და დასძინა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდგომ, მიხეილ სააკაშვილი ვერც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას და ვერც არჩევნებში, ვინაიდან პასიური და აქტიური საარჩევნო უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს გააჩნია.

იგივეს ამბობს უფლებადამცველი და ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილიც, რომელიც ჩვენთან საუბრისას ყურადღებას "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში არსებულ პუნქტებზე ამახვილებს. მისი თქმით, კანონში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა გამოძიების პროცესში პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. ამბობს, რომ თუკი სააკაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მიუხედავად მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა, იგი პასუხს საქართველოს კანონმდებლობის წინაშე აგებს.

"საქართველოს კანონში მოქალაქეობის შესახებ მითითებული არაფერია გამოძიების პროცესში შეუძლია თუ არა და აქვს თუ არა ხელისუფლებას უფლება, პირს მოქალაქეობა ჩამოართვას, იქ არის ერთადერთი პუნქტი, რაც მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს - ეს გახლავთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება. ასე რომ, იმ დღიდან, რა დღიდანაც სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა სრულიად ლეგიტიმური და კანონიერი უფლება, მისთვის საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევათ.

"რაც შეეხება გამოძიებას, არავის არასოდეს არ უთქვამს და არცერთ ქვეყანაში არ დაუწერია, რომ თუკი შენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვინმე დანაშაულს სჩადის და ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა, უფლება არ გაქვს გაასამართლო. აქ საუბარი მოქალაქეობაზე კი არა, ადგილმდებარეობაზეა - თუ ქვეყნის შიგნით, ნებისმიერი პიროვნება, განურჩევლად ქვეყნის მოქალაქეობისა, დანაშაულშია მხილებული, ის პასუხს საქართველოს კანონმდებლობის წინაშე აგებს.

"სწორედ ამიტომ ზის საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის არაერთი მოქალაქე. თუ დადასტურდა, რომ სააკაშვილს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, იგი სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება.

"მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდგომ კი, რა თქმა უნდა, სააკაშვილს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება აღარ ექნება. საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×