ვინ გააკეთა იმ სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან და "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან სასამართლოს სავარაუდო განაჩენის აღსრულებისათვის ხელის შეშლის მეთოდებს განიხილავს? შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საუბრების ჩანაწერები ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან ხუთშაბათს უკრაინულმა ვებ-გვერდმა "უარევიუმ" გაავრცელა.
გუშინ ამ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც გაკეთდა განცხადება, თუმცა, სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ მხოლოდ ის თქვა, რომ ქართულმა მხარემ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისათვის უკრაინის შესაბამის სამსახურს მიმართა. სხვა განმარტებას სამსახურში ამასთან დაკავშირებით არ აკეთებენ და უცნობია რისი გარკვევა სურს უსაფრთხოების სამსახურს უკრაინაში - იმის, თუ ვინ და როგორ მოახერხა ამ საუბრების ჩაწერა, თუ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერები უკრაინულ საიტზე.
აღსანიშნავია, რომ 24 ოქტომბერს, როდესაც კიდევ ერთ უკრაინულ საიტზე სააკაშვილისა და ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნდა, უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის მუხლით საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. მაშინ ამის მიზეზად მედიაში გარცელებული ინფორმაცია და სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებები იქნა დასახელებული. თუმცა, დღეს უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, ოპერატიულ ღონისძიებებში სწორედ ეს ჩანაწერები ხომ არ იყო ნაგულისხმები.
იურისტები კი იმაზე მიუთითებენ, რომ სასამართლო ამ ჩანაწერებს მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ეს ჩანაწერები ქართული ან უკრაინული სპეცსამსახურების მიერ არის გაკეთებული და თანაც კანონის სრული დაცვით.
თავად გვარამია ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და საქართველოს ხელისუფლებას უკანონო მოსმენაში ადანაშაულებს.
"ერთადერთი, რის გამოც შეიძლება მისმენდნენ, ეს არის 315-ე მუხლით აღძრული საქმე, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, აღძრულია იმისთვის, რომ ფარული მოსმენის ლეგალიზება მოახდინონ. მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა. ეს არის სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და უნდა დავათარიღოთ სავარაუდოდ 19 ოქტომბრით.
"პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი. მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს.
"რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომელზედაც არის საუბარი, დიახ, ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რაზეც ის საუბრობს. ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოკრება და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა.
"რამდენად გავიზიარე ეს რჩევა, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ, თუ იპოვით ერთ ბარიკადს მაინც, გავაგრძელოთ საუბარი", - აცახდებს გვარამია.
მის მსგავსად, გიგა ბოკერიაც ადასტურებს, რომ აუდიო ჩანაწერი ავთენტურია და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მსგავსი შინაარსის საუბარი ჰქონდა. თუმცა, მისი განცხადებით, ეს ჩანაწერი საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურამ უკანონოდ მოიპოვა.
"ჩანაწერი ადასტურებს ორ რამეს - ერთი იმას, რომ უკანონო მოსმენა გრეძელდება და თავხედურად მერე ამას გვაჩვენებენ, და მეორე, კონკრეტული მუქარაც იყო გვარამიას მისამართით, რომ გამოაქვეყნებდნენ სააკაშვილთან საუბარს.
"ეს ადასტურებს იმას, რომ შიკრიკი, რომელიც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამიასთან, ნამდვილად არსებობდა. პროკურატურამ აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოძიების დასაწყებად. ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა, არ ვიცი. ახალი სათქმელი არაფერია", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცებულება აუცილებლად კანონიერი გზით მოპოვებული უნდა იყოს. ასევე საჯარო სივრცეში მისი განთავსება კანონიერად უნდა მოხდეს. ამიტომაც, თუკი გამოძიება მიიჩნევს, რომ ეს აუდიო ჩანაწერი მტკიცებულების სახით უნდა გამოიყენოს, ამ შემთხვევაში სასამართლოში მან უნდა ამტკიცოს, რომ მისი მოპოვება კანონიერად მოხდა.
"ჩვენს სამართალდამცავებს საქმეს ის ფაქტი ურთულებს, რომ საუბარი ორი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება. თან იმ პირობებში, როდესაც ერთი მათგანი საზღვარგარეთ იმყოფება. შესაბამისად, ამ აუდიო ჩანაწერის კანონიერება არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დადგინდეს, არამედ იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისადაც, რომლის მოქალაქეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. ასე რომ, მოხდა თუ არა მისი ჩაწერა კანონიერად და სად განხორციელდა, რომელ ქვეყანაში - ეს გამოძიების მთავარი საგანი უნდა გახდეს.
"აქვე ალბათ არ იქნება სწორი, თუკი სავარაუდო ინფორმაციას არ მიმოვიხილავთ, რაც 24 ოქტომბერს, უშიშროების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებიდან შევიტყვეთ, მათ თქვეს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებული ოპერატიული მასალის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ამიტომაც შესაძლებელია, ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით, მხედველობაში მაქვს სანქცირება და ორი გასაღები და ა.შ., ეს ყველაფერი მომხდარიყო კანონის სრული დაცვით. ვგულისხმობ სანქცირებულ მოსმენას კონკრეტული ადამიანების მიმართ.
"ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კანონმდებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები მოიხსნება. თუმცა, მყისიერად სხვა ტიპის კითხვა გაჩნდება - თუკი ჩვენმა სამართალდამცავებმა ეს აუდიო ჩანაწერი კანონიერად მოიპოვეს, მაშინ როგორ მოხვდა საიდუმლო გამოძიების მასალების გამჟღავნება? სხვა, მესამე პირის ხელში როგორ მოხვდა? იმიტომ, რომ ოპერატიული და საგამოძიებო საქმე სავარაუდოდ გრიფით საიდუმლოს მატარებელი უნდა იყოს.
"რა თქმა უნდა, ასევე შესაძლებელია ის ფაქტიც, რომ მოსმენა და ამ აუდიო ჩანაწერის გაკეთება თავად უკრაინაში მომხდარიყო. მაგრამ, თუკი არც უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად არ მოხდა ამ ჩანაწერის გაკეთება, ამ შემთხვევაშიც უკანონოდ ჩაითვლება. მაგრამ თუკი უკრაინის ოფიციალური წყაროები განაცხადებენ, რომ ჩაწერა განხორციელებულია მათ ტერიტორიაზე, მაშინ ყველა იურისტი ერთი და იგივე კითხვას დასვამს - ეს ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა? თუკი ქართულ მხარეს ამ ყველაფერზე პასუხი არ ექნება, მაშინ ამ აუდიოჩანაწერს სასამართლოზე ნივთმტკიცებად გამოძიება ვერ გამოიყენებს.
"მე უსაფრთხოების სამსახურიდან ველი უფრო გონივრულ და სწორ გადაწყვეტილებებს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სწორედ ამ ორგანოების პრეროგატივაა. მესმის, რომ საქმე სპეცსამსახურს შეეხება და სრულად საჯარო ვერ იქნება, მაგრამ მინიმალური სტანდარტების დონეზე მე მაქვს მოლოდინი, რომ რეალურად შესაძლებელია ამ საქმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეებს ინტერპრეტაციის საშუალება ექნებათ. ეს კი თავისთავად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, საზოგადოების მანიპულირების კიდევ ერთი საშუალება იქნება.
"რაც შეეხება საუბარში მონაწილე პირების დაკითხვას პროკურატურაში, გამოძიებას, რა თქმა უნდა, ამის სრული უფლება აქვს იქიდან გამომდინარე, რომ თავად გვარამიამ და ბოკერიამ აღნიშნული საუბრის ავთენტურობა დაადასტურეს. გარდა ამისა, ჩანაწერი გავრცელებულია საჯაროდ და მესამე - ჯერ ჩვენ არ ვიცით დარწმუნებით არის თუ არა ჩანაწერი უკანონო ან კანონიერი. ამიტომაც გამოძიებას ამ პირების დაკითხვის სრული უფლება აქვს", - განაცხადა ალაფიშვილმა.
იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ასეთი საუბრის ჩანაწერი რომ სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარდგენილი იქნეს, ის აუცილებლად მოსამართლის მიერ უნდა იყოს წინასწარ დაკანონებული, ან გადაუდებელი აუცილებლობის გამო 24 საათის განმავლობაში ჩაწერილი.
იურისტი აცხადებს, რომ კითხვას, თუ რამდენად კანონიერად მოხდა საგამოძიებო ორგანოების მიერ ამ ჩანაწერის გაკეთება, თვითონ პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი. ხოლო თუკი ეს კერძო პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერია, მაშინ აშკარად უკანონოა და ის სასამართლოზე ამ პირების წინააღმდეგ გამოყენებული ვერ იქნება.
"ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ვფიქრობ, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ ძალიან მკაფიო განცხადება უნდა ყოფილიყო გაკეთებული, თუ ვის მიერ არის ჩაწერილი. რადგანაც ასეთი სახის განცხადება არ გაკეთდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი მოსმენას აგრძელებენ და ამიტომ გამოძიების ინტერესიდან გმომდინარე, ამის გახმაურება არ შეიძლება, რადგანაც ამ პირების მიმართ მოსმენა კვლავ გრძელდება, იმ მიზეზით, რომ გამოძიებისთვის მხოლოდ ეს აუდიო ჩანაწერი საკმარის მტკიცებულებას საბრალდებო დასკვნის დასადებად არ წარმოადგენს.
"მაგრამ ვინაიდან საკითხი არის ასეთი მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, საგამოძიებო ორგანოებმა, ჩემი ღრმა რწმენით, განმარტება უნდა გააკეთონ და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია იმ დოზით, რისი საშუალებაც აქვთ.
"გაგვცენ პასუხი ეს ჩანაწერი გაკეთდა თუ არა მათ მიერ და სასამართლოს დადგენილებით. თუ ეს ასე არ არის, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოძიება ვერ დაიწყებოდა და ეს ინფორმაცია ვერ გაიცემოდა. ხოლო თუ მოსმენა დაწყებულია და ამ ინფორმაციამ უბრალოდ გაჟონა, ვაი ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს, საქმე ბევრად უფო ცუდად გვქონია.
"მაგრამ თუ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს თავად მიაწოდეს უკრაინულ საიტს და შეგნებულად გააკეთეს, მაშინ ეს მოსაწონი საქციელი არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფორმაციამ გაჟონა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ამაზე სხვაგვარ რეაქციას მოახდენდნენ. ამიტომაც იყო უშიშროების სამსახურიდან ასეთი არასრული კომენტარი გაკეთებული, რომელმაც კიდევ უფრო ბევრი კითხვა გააჩინა.
"ასევე არ არის გამორიცხული, რომ მოსმენა უკრაინაში მოხდა, ხოლო შემდეგ, როდესაც გამოქვეყნდა, ჩვენი საგამოძიებო ორგანოების ყურადღება მიიქცია. მით უფრო სამწუხაროა, თუკი ასე მოხდა, რადგანაც ჩვენს სამართალდამცავებს ასეთი საშიში მოვლენები გაეპარათ.
"თუ ეს ჩანაწერი ჩვენი სამართალდამცავების მიერ უკანონოდაა მოპოვებული ან რომელიმე კერძო პირის მიერ არის ჩაწერილი და შემდეგ გავრცელებული, ის სასამართლოზე მტკიცებულებად გამოყენებული ვერ იქნება.
"თუმცა, ყველაფერი გამოძიებამ შეიძლება მხოლოდ ტაქტიკურად გამოიყენოს, მოწმეებს დაკითხვისას რაიმე ათქმევინოს გამოძიებისთვის საყურადღებო. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაკანონიერად თუ კი არის ჩაწერილი, ის სასამართლოზე მტკიცებულებად გამოყენებული ვერ იქნება", - აცახდებს ლია მუხაშავრია.