გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2" არა ქიბარ ხალვაშს, არამედ ტელეკომპანიის პირველად მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს
ია აბულაშვილი
31.10.2015

 "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი "რეზონანსთან" 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ იმას, რაც დღეს "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ხდება, საერთო არაფერი აქვს მოვლენებთან, რომელიც "იმედში" მოხდა.

გიორგი ახვლედიანი: 2007 წლის 7 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში გვქონდა მოლოდინი, რომ ტელევიზიაში შემოვიდოდნენ. დღის განმავლობაში თანამშრომლები ვიყავით მობილიზებული ტელევიზიაში. მობილიზებული იმ თვალსაზრისით, რომ არ მიგვეტოვებინა ერთმანეთი, თორემ რაიმე ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის საშუალება ჩვენ არ გვქონდა. არც ბარიკადები გვქონდა აშენებული, არც ტანკები გვეყენა და არც ავტომატები გვეჭირა ხელში, უბრალოდ ერთმანეთს ვედექით გვერდით.

მთელი დღის განმავლობაში გვემუქრებოდნენ. გახსოვთ, რა საშინელ განცხადებებს აკეთებდნენ ხან ბოკერია, ხან გივი თარგამაძე, ხან სააკაშვილი და სხვები დამნაშავე ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა, წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ, რომ ნამდვილად სპეცრაზმელების რაზმი შემოვიდოდა, უბრალოდ გვქონდა მოლოდინი, რომ ტელევიზიას თავს დაესხმებოდნენ, რადგან მათი მთავარი მტერი, მთავარი პრობლემა იყო ტელეკომპენია "იმედი", რომელიც არ აკეთებდა მათ პროპაგანდას. თუმცა, ვიტოვებდით იმედს, რომ ამ სისულელეს არ ჩაიდენდნენ.

მახსოვს, როდესაც გამოვიდა სააკაშვილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თუ გამოაცხადებდა საგანგებო მდგომარეობას, აუცილებლად შემოვიდოდნენ ტელევიზიაში, მაგრამ არ გამოაცხადა, ისე შემოვიდნენ. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მაშინ, როცა ტელევიზიაში შემოვიდნენ და ამის თაობაზე განცხადება გააკეთა პრემიერმა ნოღაიდელმა.

"რეზონანსი": თუმცა დღეს იმ მოვლენებსა და დღევანდელ ვითარებას შორის ბევრი პარალელს ავლებს...

გ.ა.: პარალელის გავლება ნამდვილად არ შეიძლება 2007 წლის "იმედთან" და 2015 წლის "რუსთვი 2"-თან მიმართებაში. აქ საერთო არფერი არ არის, გარდა ერთისა - ეს ერთი არის ნიკა გვარამია, რომელიც მაშინ იყო გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, დღეს კი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორია. მაშინ ეს ადამიანი ებრძოდა სიტყვის თავისუფლებას, რეალურ სიტყვის თავისუფლებას. ყველანაირად იბრძოდა ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ როგორც იდეოლოგიურად, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით. ეს ადამიანი იყო სიმბოლო იმისა, რაც ხდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს.

საზოგადოებას თუ არ ახსოვს, შევახსენებ მის დოკუმენტურ შედევრებს "ნოემბრიდან ნოემბრამდე", "ბადრი პატარკაციშვილის საქმე", სადაც ჩვენ, "იმედის" ჟურნალისტები ვიყავით გამოყვანილი სამშობლოს მტრებად, დივერსანტებად და გადამტრიალებლებად. სათითაოდ ყველანი ვიყავით პუტინის აგენტები და უბედურების მომტანები ამ ქვეყნის. ისეთი ზღაპრები იყო მოყოლილი, რომ თმები ყალყზე დაუდგა მთელ საქართველოს.

2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ნიკა გვარამია "ნაცმოძრაობის" და უშუალოდ სააკაშვილის მიერ დაინიშნა "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად, რადგან სხვას ვერ ანდობდნენ "რუსთავი 2"-ის ბედს.

2004 წლიდან "რუსთავი 2" ოკუპირებულია "ნაცმოძრობის" მიერ, მას შემდეგ, რაც აიძულეს მისი ძირითადი დამფუძნებლები, დაეთმოთ და გაესხვისებინათ ეს ტელევიზია და გადაეცათ "ნაცმოძრაობისთვის".

"რ": თქვენით აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები "რუსთავი 2"-თან დაკავშირებთი?

გ.ა.: ძირითადად დაზარალდება ორი პარტია. პირველ რიგში "ნაცმოძრაობა" და მათ იციან, რომ ძალიან დიდ და სერიოზულ ზარალს მიიღებენ. ეს იქნება მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან დაკარგავენ პროპაგანდის მანქანას. სამწუხაროდ, დღეს "რუსთავი 2" ოკუპირებულია, "ნაცმოძრაობის" ხელით და იძულებულია აწარმოოს "ნაცმოძრაობის" პროპაგანდა, რასაც აკეთებს 2004 წლიდან.

დაზარალდება "ოცნებაც", რომელიც ძალიან დილეტანტურად და არაპროფესიონალურად იქცევა. დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ის კავშირშია მიმდინარე სასამართლო პროცესთან, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ასე. ამისთვის ის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის საერთაშორისო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით.

ამ ორი პარტიის ბედი მე არ მანაღვლებს. ჩემთვის მთავარია, რომ არ დაზარალდეს თავად "რუთავი 2".

"რ": ამის საფრთხეს ხედავთ?

გ.ა.: თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ეს ტელეკომპანია ჩამოერთვას მის დღევანდელ მფლობელს და გადაეცეს ხალვაშს, მე არ მიმაჩნია ეს სამართლიანობის აღდგენად. ხალვაში იყო ის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე "რუსთავი 2" წაართვა მის ძირითად დამფუძნებლებს. თვითონ გაიხსენოს, როგორ გააკეთა ეს ყველაფერი.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს მაუწყებლობა. თუმცა, გვარამიასგან ისმის მუქარა, რომ ტელევიზიას გათიშავენ. დღეს აცხადებს, რომ თვითონ არ გათიშავენ, რადგან პატივს ვცემთ მაყურებელსო. ძალიან კარგი, თუ ამას არ ჩაიდენენ.

რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსავი 2"-ის მომავალს, ყველა შემთხვევაში არის რეალური შანსი მისი ნაწილობრივი განთავისუფლებისა "ნაციონალური მოძრაობისგან". ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა პირველადი მესაკუთრეებისთვის დაბრუნება, ეს ჩემი პირადი განწყობაა.

მთავარია, რომ არ დაზარალდნენ ჟურნალისტები. ამ ტელეკომპანიაში ძალიან კარგი ადამიანები და ნამდვილი პროფესონალები მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, მათ გაცილებით მეტი საშუალება ექნებათ, იმუშაონ თავისუფლად, პროპაგანდის გარეშე, რის გაკეთებასაც მათ "ნაცმოძრაობა" აიძულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×