29 ოქტომბერს ინტერნეტში სატელეფონო საუბრების ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორისა და ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბარია ასახული. საუბრის მონაწილეებმა დაადასტურს, რომ ჩანაწერი ნამდვილი და ავთენტურია.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს საუბრები საკომუნიკაციო პროგრამა "ვაიბერით" განხორციელდა. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ "ვაიბერი" საიმედო და მოსმენებისაგან დაცულ პროგრამად ითვლება და საქართველოშიც ბევრი მომხმარებელი კონფიდენციალურ საუბრებს სწორედ "ვაიბერით" ახორციელებს.
აქედან გამომდინარე კითხვა, თუ რომელი საკომუნიკაციო პროგრამაა ყველაზე საიმედო და როგორ დავიცვათ თავი მოსმენებისაგან, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური.
აღსანიშნავია, რომ თავად უკრაინაში ამ ზაფხულს "ვაიბერთან" დაკავშირებით რამდენიმე პოლიტიკური სკანდალი აგორდა. მაგალითად, პრესაში კიევის პროკურატურის თანამშრომელთა მიმოწერის გამოქვეყნების შემდეგ, რომლიც "ვაიბერით" იყო განხორციელებული, რამდენიმე პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს. აგვისტოში კი უკრაინის რადის დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაპოსტა, რომ მის მიერ კომპეტენტური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, "ვაიბერის" გამოყენება სახიფათოა.
კერძოდ, ნაიემი წერს, რომ პირადად იცნობს რამდენიმე პოლიტიკოსს, რომლებმაც თავად ნახეს თავისი კონფიდენციალური საუბრების ჩანაწერები. გარდა ამისა, გაურკვეველი ადამიანები პოლიტიკოსებს შესაბამისი ანაზღაურების ფასად სასურველი ადამიანის "ვაიბერით" განხორციელებული ნებისმიერი ზარისა თუ "ესემეს" მიმოწერის ჩანაწერს სთავაზობენ.
მეტიც, ნაიემის თქმით, მას ჰქონდა საუბარი შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ "ვაიბერში" შეღწევა და საუბრის ჩაწერა, თუ "ესემეს" მიმოწერის მოპარვა მეტად მარტივი გახდა.
ყოველივე ამის შედეგი ისაა, რომ უკრაინელი და დასავლეთ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა უკვე უარს ამბობს "ვაიბერზე" და სხვა საკომუნიკაციო პროგრამებზე გადადის - ძირითადად "ვოტსაპსა" და "ტელეგრამზე". მაგალითად, უკრაინული მედია აგვისტოში წერდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო "ვიაბერიდან" "ტელეგრამზე" გადავიდა.
ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ არც ესაა გამოსავალი და რომ სურვილისა და შესაბამისი მოწყობილობის ქონის შემთხვევაში ნებისმიერი პროგრამით განხორციელებული საუბრის ჩაწერა და მოსმენა შეიძლება.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ალექსანდრე ღარიბაშვილი აცახდებს, რომ კავშირგაბმულობის ტექნოლოგიის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ ინფორმაციის მოცულობა, რომელიც სატელეფონო სადენებითა და ფიჭური ანტენების მეშვეობით გადაიცემა. ეს კი საშუალებას იძლევა, აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულ პირთა ხელში მოხვდეს.
"პატრონს ჰგონია, რომ თავისი ტელეფონი, რომელიც მაგიდაზე დევს, გამორთულია, სინამდვილეში კი ჩართულია ხაზი, რომელიც გადასცემს ნებისმიერ ხმას, რომელიც ახლომახლო გაისმება.
"მობილური ტელეფონები პატარა კომპიუტერებია და მათი დაპროგრამება შეიძლება რადიოთი, რასაც ბევრი მწარმოებელი სრულიად შეუმჩნევლად აკეთებს. ხოლო სპეცსამსახურების თანამშრომლებს ან ჰაკერებს შეუძლიათ, გაუგზავნონ ჩუმი "ესემესები" მობილურის კოორდინატების დასადგენად. შესაძლებელია როგორც მობილური ტელეფონების, ასევე სიმ-ბარათების გადაპროგრამება. ეს არც ისე რთულია.
"მობილური ტელეფონები არასოდეს არ არის უსაფრთხო, მით უმეტეს, სმარტფონები და მასში ჩაწერილია როგრამები "ვაიბერი", "სკაიპი", "ვოტსაპი", "ტელეგრამი" და ა.შ. მობილურებით შპიონაჟის თავიდან აცილების მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს - ტელეფონს ამოვაცალოთ აკუმულატორი ან გამოვიყენოთ მობილურის ბლოკირების მოწყობილობა. ან სადაც ვიმყოფებით და ვსაუბრობთ, იქ გამორთული ტელეფონიც კი არ დავდოთ. ან შევიძინოთ ისრაელის წარმოების ჩამხშობი გენერატორი, რომელიც 4000 ევრო ღირს.
"თუ ვინმემ გითხრათ, რომ "ჯიესემ" სისტემის ტელეფონების მოსმენა შეუძლებელია, არ დაუჯეროთ. ყველა მოდიფიკაციის მობილურების მოსმენა შესაძლებელია.
"ჯიესემის" ტელეფონების კონტროლი სხვაზე ძვირი ჯდება. არის ერთი დეტალი, რომლის ცოდნა სასარგებლოა: ფიჭური ტელეფონის მიყურადება შეუძლებელია, თუ თქვენ საუბრობთ მოძრავ მანქანაში, რომლის სიჩქარე საათში 80 კილომეტრზე მეტია", - აცხადებს ალექსანდრე ღარიბაშვილი.მობილური კავშირის ფარული მოსმენა არც ისე ძვირი სიამოვნებაა. ასე, მაგალითად, 10 მობილურზე მიყურადება შეიძლება განხორციელდეს ერთი მოწყობილობით, რომელიც დაახლოებით 50 000 დოლარი ღირს. ასეთია ექსპერტთა მონაცემები.
ისინი ამტკიცებენ, რომ ისეთი მეგაპოლისის, როგორიც, ვთქვათ, მოსკოვია, მიყურადება (მოწყობილობა, მიღებულ მონაცემთა დამუშავება, ჩანაწერების შენახვა, ძებნის ალგორითმის შექმნა და მონაცემთა ბაზის ფორმირება, პლუს იმათი ხელფასები, ვინც ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს) წელიწადში 500 000 დოლარზე მეტი არ დაჯდება, ხოლო თბილისში გაცილებით იაფია.
"ნუ გგონიათ, რომ მიყურადებისაგან დაგიცავთ ბაზარზე ახლახან გამოჩენილი სმარტფონი, რომელშიც გამოყენებულია საუბრების დაშიფვრის უფრო რთული ტიპი, ვიდრე ის, რასაც ფიჭური კავშირის ოპერატორები გთავაზობენ. ამ მიმართულებით მუშაობდნენ ისრაელისა და აშშ-ის კრიპტოგრაფები, ასევე აზიელი მწარმოებლები, რომლებიც თავიანთ მიკროსქემებზე სასწაულებს ახდენენ.
"შედეგად შეიქმნა პორტატული, 12 კილოგრამიანი ხელსაწყო, რომელიც ერთდროულად 10 000 მობილური ხაზის მოსმენის საშუალებას იძლევა. ეს ხელსაწყო სულ რაღაც 50 000 დოლარი ღირს. ამ მოწყობილობას შეუძლია როგორც მარტივი, ასევე რთული დაშიფვრაც და ფიჭური კავშირის მოდემების დაცვაც.
"საქმე ის არის, რომ მიყურადების ტექნოლოგიის სრულყოფა საჭირო აბონენტის პოვნის პრობლემას ხსნის. საკმარისია გქონდეთ საჭირო ხმის აუდიოჩანაწერი, რომ ჰაკერების გარეშეც იოლად გახვალთ ფონს. ახალი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, მოვნახოთ აბონენტის ხმა ქსელში მისი გასვლიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში.
"მიყურადება მით უფრო არ არის პრობლემა მაშინ, როცა სახელმწიფო ორგანოები საამისო სანქციას გასცემენ. მობილური კავშირის ყველა ოპერატორს აქვს "ჯიესემ"-ით გადაცემული ინფორმაციის დაჭერის სპეციალიზებული ცენტრები. თქვენ საუბრობთ "ჯიესემ"-ის ხმოვანი არხით და თქვენი ყველა საუბარი რეგისტრირდება (მიუხედავად იმისა, რომელ სიმ ბარათ ხმარობთ) და ინახება მონაცემთა ერთიან ბაზაში. ევროპაში მიღებულია, რომ ასეთი ინფორმაცია რამდენიმე წლის განმავლობაში იქნეს დაცული.
"მიყურადებაზე სანქციის მიღებისას დგინდება ადამიანის ხმის ფენომენები, რომლებიც ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც თითების ანაბეჭდები. ისინი შეაქვთ ციფრული სახით ძებნის სისტემაში. როცა ადამიანი იწყებს საუბარს თავისი ტელეფონით, რომელიც "ჯიესემ"-ის ფორმატში მუშაობს, ავტომატურად მოქმედი ძებნის სისტემა მომენტალურად გამოავლენს მის ხმას. მნიშვნელობა არა აქვს, რომელი სიმ ბარათიდან საუბრობს ის პიროვნება, ვისითაც სპეცსამსახური დაინტერესდა.
"ტელეფონის საშუალებით ადვილად შეიძლება იმ საუბრების მოსმენაც, რომლებიც მის სიახლოვეს მიმდინარეობს. ამისათვის საკმარისია, რომ ტელეფონი ქსელში იყოს დარეგისტრირებული და მისი მკვებავი ბატარეები ძალიან განმუხტული არ იყოს.
"ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მიაგნეს ხერხს, თუ როგორ უნდა ჩაირთოს მობილური ტელეფონი ისე, რომ პატრონმა ვერაფერი გაიგოს. ეს ტექნოლოგია რუსეთის სპეცსამსახურებსაც ათვისებული აქვთ", - აცხადებს ღარიბაშვილი.
სპეციალისტების აზრით, თანამედროვე ტელეფონების ერთ-ერთი უსუსტესი ადგილი სასამსახურო ესემესების დამუშავებოს პროცედურაა. სწორედ ეს აძლევს საშუალებას გარეშე ადამიანს, გააკონტროლოს თქვენი ტელეფონი. ეს ესემესები სჭირდება ოპერატორს იმისთვის, რომ მაგალითად, თქვენი ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზება მოახდინოს სასამსახურო ესემესებიდან განკარგულების გაცემით.
ინფორმატიკოსი სანდრო ასათიანი აცახდებს, რომ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომელთა ჩამონტაჟება ტელეფონში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ხოლო მისი პატრონისგან ყველა ინფორმაციის მიღება ავტომატურ რეჟიმში გახდება შესაძლებელი.
მისი თქმით, არსებობს იტალიური კომპანია "ჰაქტი", რომელიც მოსასმენ პროგრამებს სრულიად ლეგალურად ამზადებს. ეს პროგრამები მობილურ ტელეფონში ყენდება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ადამინის ნებისმიერი საუბრის თუ მიმოწერის ავტომატურ რეჟიმში მიღება და ჩაწერა.
"ალბათ ყველას გვახსოვს "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული ინფრომაცია, რომელიც ერთ-ერთ კომპანიას მოჰპარა და სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე მინაწერიც იყო. სწორედ ასეთი სახის პროგრამებით ხდება ამ ინფორმაციების მიღება.
"აქ არ აქვს მნიშვნელობა რა პროგრამით საუბრობს. ეს იქნება "ვაიბერი", "სკაიპი", თუ ნებისმიერი სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ტელეფონში რა ხმაც გადის, ნებისმიერს იწერს, ხოლო ვინც დააყენა, იმას პასუხად რეპორტის სახით უგზავნის.
"ეს პროგრამა შეიძლება სიმ ბარათზე იყოს ან ვიღაცამ აპლიკაცია თამაშის სახით გადმოწეროს და იმას გადმოჰყვეს. ან უბრალოდ დაინტერესებულმა პირმა ჰაკერმა ესემესის სახით მოგწეროთ. ამ პროგრამის ტელეფონში მოხვედრის ბევრი გზა არსებობს.
"ჰაქტის" და მისი მსგავსი კომპანიების კლიენტები ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომლის პროგრამებსაც სამართალდამცავი სტრუქტურები იყენებენ. მე არ ვიცი საქართველო თუ სარგებლობს მსგავსი ტიპის კომპანიების მომსახურებით. თუმცა ვიცი, რომ ამ კომპანიამ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს ამ პროგრამების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. არსებობს ღია დოკუმენტები, სადაც ამ კომპანიის კლიენტები არიან დასახელებული, ვნახე, რომ ესენი არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, მაგრამ საქართველო და უკარინა კლიენტების სიაში არ ჩანან.
"საინეტერსო ის ფაქტია, რომ ასეთი პროგრამების ყიდვა ინტერნეტითაც კი შეიძლება. მაგრამ უფრო ძვირი ღირს, როდესაც ვიღაცა პროგრამას გარანტიით ყიდის. ანუ, მისი მუშაობის ხარისხი უფრო მაღალია. პროგრამამ რომ გაჭედოს, ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მის ამუშავებას შეძლებენ. რა თქმა უნდა, ასეთი პროგრამები ბევრად ძვირი ღირს და მისი შესყიდვა ყველას არ შეუძლია.
"საინტერესო ის არის, რომ ასეთ პროგრამებს "ნოკიას" ტიპის ტელეფონზე, რომელსაც მხოლოდ ღილაკები აქვს, ვერ დააყენებ. ხოლო თუ სმარტფონია, მასზე ამ პროგრამის დაყენების ბევრი გზა არსებობს. ტელეფონის პატრონი კი ამ ყველაფერს ვერც კი მიხვდება", - აცახდებს სანდრო ასათიანი.