ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და უახლოეს დღეებში შესაძლოა, გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს.
მოპასუხე მხარე ფიქრობს, რომ მოსამართლე ტელეკომპანიის წილს მის ყოფილ მეწილე ქიბარ ხალვაშს გადასცემს, ამიტომ ისინი შემდეგი სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადებიან. თუმცა, როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაში ქონების განკარგვას სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ შეძლებს, რადგან ამ პროცესების პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა.
"ისე ჩანს, თითქოს მოსამართლე არ მიიღებს ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ მოსამართლე გადახრილია მათ მხარეს და ეს მაძლევს უფლებას, ვივარაუდო, რომ შეიძლება საავტორო უფლებები არ დაუკმაყოფილოს და დანარჩენი დააკმაყოფილოს", - უთხრა "რეზონანსს" "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოპასუხე მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, თუმცა თამაზ ურთმელიძემ არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, საქმეს დართვოდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის განცხადება ბალანსის შესახებ. განცხადებაში ხალვაში ამბობს, რომ ბალანსის შესახებ ინფორმაცია რევაზ ბერიაშვილს ვერ ექნებოდა. მოპასუხეების განმარტებით, დოკუმენტში ასახული მონაცემები რეალურად ხალვაშთან ინახებოდა.ერთ-ერთი შუამდგომლობა ეხებოდა საქმეზე "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის ეროსი კიწმარიშვილის 2004 წლის 8 ივნისს გაკეთებული განცხადების დართვას, რომელიც შპს "რუსთავი 2"-ის გაკოტრების საქმის გახსნას ეხება. ამასთან, მოპასუხეები ითხოვდნენ, საქმეს დართვოდა სიდი დისკი, რომელზეც წარმოდგენილია ქიბარ ხალვაშის ინტერვიუ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის წილების ღირებულების შესახებ.
მოპასუხეები მიიჩნევდნენ, რომ საქმეზე ზემოთ ხსენებული მტკიცებულებების დართვა ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუწყობს. მოსამართლის შეფასებით, "ფეისბუქი"-ს გვერდიდან ამონაწერი არ წარმოადგენს მხარის ახსნა-განმარტებას და არ შეიძლება მიჩნეული იქნეს აღიარებად.
ამასთან, მოსამართლის თქმით, განცხადებაში არაა პოზიცია დაფიქსირებული მხარის მიმართ და ხალვაშს სულ სხვა პირების მიმართ ჰქონდა მიმოწერა. ამასთან, მოსამართლემ განაცხადა, რომ სიდი დისკი ვერ იქნება მიჩნეული როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რადგან ის წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლო სხდომაზე.
ივანიშვილის და ოქრუაშვილის დაკითხვის მოთხოვნა
ამის მერე ადვოკატებმა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოითხოვეს, რაზედაც უარი მიიღეს.
ადვოკატებმა სხდომაზე ყოფილი პრემიერის 30-წამიანი ინტერვიუ აჩვენეს, სადაც ივანიშვილი საუბრობს, რომ "რუსთავი 2"-ის მეპატრონე ქიბარ ხალვაში შემთხვევით იყო. მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ივანიშვილის დაკითხვა.
ადვოკატების ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოინტერვიუ ახალი გარემოებაა, იმიტომ, რომ ინტერნეტში 29 ოქტომბერს აიტვირთა.
მოპასუხე მხარის პოზიცია არ გაიზიარეს მოსარჩელე მხარის ადვოკატებმა. მათი თქმით, მსგავსი ტიპის შუამდგომლობები დროის გაყვანას ემსახურება.
მოსამართლის განმარტებით, საქმის მასალებში არ ჩანს ბიძინა ივანიშვილის შემხებლობა საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, არ დგინდება, თუ როდის არის აღნიშნული ინტერვიუ მოპოვებული, რაც ვერ ჩაითვლება საქმეში ახალ მტკიცებულებად დართვის მოტივად.
მოსამართლემ არც ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განმარტებით, საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, სასამართლო პროცესის ამ ეტაპზე, როდესაც პაექრობის ეტაპზე გადასვლა იგეგმება, არ შეიძლება საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვა.
შუამდგომლობების დაყენების შემდეგ მოპასუხე მხარის ადვოკატები დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ. თუმცა სამუშაო დროის ამუწურვის გამო "რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია "საქართველოს" ადვოკატების მიერ საპაექრო სიტყვის დასრულება ვერ მოესწრო, ამიტომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სხდომა 3 ნოემბრისთვის ჩანიშნა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ პროცესის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატების სარჩელი დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით.
"როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმამ შესაძლოა, გამოიწვიოს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდს უწოდებს. იგი დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში სასამართლო ამ მუხლს არაკონსტიტუციურად არ ცნობს.
"ჩვენ არ მოგვითხოვია, ეს იყო ვიღაცების ფანტაზია. ასეთი გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, მათ ჩათვალეს, რომ ეს შესაძლებელია და ამიტომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. არ ვიცი, მოტივაცია რა არის, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ეს ნორმა არ იქნება მიჩნეული არაკონსტიტუციურად, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, როგორც იურისტი ვთვლი ამას.
"ყოველ შემთხვევაში, ეს დროებითი მექანიზმი გამოცხადებულია როგორც გამარჯვებად, თუმცა ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ არსებობს, ამ შემთხვევაში ბრძოლა ნამდვილად არ ყოფილა. ეს კიდევ ერთი პიარაქციაა "რუსთავი 2"-ის", - უთხრა "რეზონანსს" სალიამ.
"რუსთავი 2"-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი კი საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ულოცავს.
"საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ვულოცავ სრულიად მოაზროვნე მოქალაქეებს. ეს ნიშნავს, რომ რეიდერული შეტევა, რომელიც ამჟამად ხორციელდება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, ვერ იქნება დაუყოვნებლივ აღსრულებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ, ვიდრე სიმართლე არ დადგინდება", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.