დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და აურზაური თავად ტელეკომპანიაში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფს აწყობს, რომელიც ამ აურზაურით ქვეყანაში დაძაბული ფონის შენარჩუნებას ცდილობს. მისი აზრით, ტელეკომპანიაში ჟურნალისტთა გარკვეული წრე უბრალოდ "ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობაში იმყოფება, რაც, მისი განცახდებით, ფარული აუდიოჩანაწერების გამოაშკარავების შემდეგ უფრო ნათელი გახდა.
თუმცა პოლიტოლოგი აქვე დასძენს, რომ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს თავად ნიკა გვარამიაც გაემიჯნა. გვარამია, ამავე ჩანაწერების მიხედვით, მხოლოდ ექსპრეზიდენტის მსმენელის როლში გვევლინება.
"რეზონანსი": თქვენ აცხადებთ, რომ "რუსთავი 2"-ის პოლიტიკური ნაწილის ინტერესში არეულობა შედის. კონკრეტულად რას გულისხმობთ?
სოსო ცისკარიშვილი: ამით იმის თქმა მსურს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მიმდინარე პროცესებში ერთმანეთისგან გავმიჯნავ პროდუსერებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ტელეკომპანიის მეორე ნაწილს, რომლებიც ტელევიზიის პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ. მათ ჟურნალისტები ტყვეობაში ჰყავთ. სწორედ ამ ხალხის ინტერესშია, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ ასეთი დავიდარაბა არსებობდეს.
"რ": ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ირგვლივ დავა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყდა. როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლო რა როლს ითამაშებს ამ საქმეში?
ს.ც: სწორედაც რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. საკონსტიტუციო სასამართლომ, როგორც ცნობილია, საქმე წარმოებაში მიიღო. ამიტომაც სწრაფ აღსრულებას არ ველი. თავად საკონსტიტუციო სასამართლოსგან კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოველი.
ვფიქრობ, რომ რაც უნდა მოხდეს, ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მძევლებს წარმოადგენენ, ამ მოვლენებს უნდა გაემიჯნონ.
"რ": გამიჯვნაში რას გულისხმობთ, ფიქრობთ, რომ ჟურნალისტებმა "რუსთავი 2" უნდა დატოვონ?
ს.ც: არა, პირიქით - საკუთარი დამოუკიდებლობის მიღწევა უნდა ისწავლონ. იმედი მაქვს, რომ ვინც უნდა იყოს ამ ტელევიზიის მფლობელი, ისინი სარედაქციო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებენ, ამა თუ იმ პირის ვასალები არ გახდებიან და ჟურნალისტური სივრცის დამოუკიდებლობის გარანტორები იქნებიან.
სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვაცხადებ, რომ მათ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ საზოგადოებას უნდა დაანახონ, რომ ისინი ჟურნალისტები არიან და არა ადამიანები, ვისი გამოყენებაც და ყიდვაც ფულით ასე ადვილად შეიძლება.
"რ": თუმცა ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნებიან. ეს არ იყო იმის ნიშანი, რომ ისინი პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებენ?
ს.ც: დრო გვიჩვენებს და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი, ტელეკომპანიაში ჩემ მიერ თქმულ ორ ნაწილს შორის რეალურად რა ხდებოდა. მოხარული ვარ, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები საკუთარ მოვალეობას, ყველაფრის მიუხედავად, ზომიერად და სტაბილურად ასრულებენ. ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მათი შეფასება ნამდვილად რომ ლოგიკური და დროული იყო.
რა თქმა უნდა, ამ ტელეკომპანიის და მისი ჟურნალისტების მთავარი დამაზიანებელი მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა. თუმცა სიმართლე მინდა გითხრათ, რომ რაც კი პროკურატურასთან თანამშრომლობას შეუდგა, აღმოჩნდა, რომ პროცესების შეფასება და თავის გადარჩენა ყველაზე პირველმა დაიწყო. ამიტომაც მასა და ჟურნალისტებს შორის, ვფიქრობ, წყალი ამის შემდეგ უფრო აიმღვრა.
"რ": ნიკა გვარამიას პროკურატურასთან თანამშრომლობაში რას გულისხმობთ?
ს.ც: ვგულისხმობ იმას, რომ მან ამ აუდიოჩანაწერების აუთენტურობა პირველმა დაადასტურა. ხოლო ჩანაწერებში ვნახეთ, რომ ის მხოლოდ უბრალო მსმენელად მოგვევლინა. თუმცა ვინ გააკეთა ეს ჩანაწერები და ვინ არის მისი გამავრცელებელი, ეს კიდევ სხვა ეჭვებს აჩენს. გვარამია სხვა პირობებში არ იყო მსმენელი და პირიქით ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა, ხოლო როგორც კი ეს მასალები ინტერნეტით გავრცელდა, ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია ყრუ-მუნჯის როლში გვევლინება, რომელიც ექსპრეზიდენტს აუდიოჩანაწერში მხოლოდ უსმენს.
"რ": თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ჩანაწერების მიხედვით ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნა?
ს.ც: ამ შეკითხვის პასუხი რომ მივიღოთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ამ ჩანაწერების რეჟისორი. ჩვენ არ ვიცით, მეორე დილას ამ ორმა ადამიანმა რაზე ისაუბრა. როგორც გვახსოვს, ყოფილ პროკურორს ღამე კარგად უნდა გამოეძინა და მეორე დღეს კვლავ უნდა ესაუბრათ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საზოგადოება მხოლოდ იმ აუდიოჩანაწერებს უსმენს, რომელიც მხოლოდ მის რეჟისორს სურს.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ გვარამიამ საკუთარი თავი არ გაწირა, რადგანაც მიხვდა, სააკაშვილის სცენარი მხოლოდ მის გაწირვას ითვალისწინებდა. ამიტომაც ახლა ჩნდება კითხვები, ვინ ვის და რა თამაშს თამაშობს. მე მგონი, ამას უკვე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკუთარ პოლიტიკურ გუნდში არკვევენ. გვარამია ამ სცენარის მიხედვით მთავარი მოქმედი პირი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ მსმენელი ყოფილა, რომელიც ჰოს და არას მეტს არც არაფერს არ ამბობს.
"რ": რაც შეეხება ფარულ აუდიოჩანაწერებს. როგორ ფიქრობთ, ვის მიერ არის გაკეთებული?
ს.ც: მე ამ ჩანაწერებში უკრაინულ კვალს უფრო ვხედავ, რადგანაც ოდესაში ბატონი სააკაშვილი ძალიან მიუღებელი ფიგურა აღმოჩნდა. ეს რეგიონი უკრაინის ყველაზე დიდ სატკივარს წარმოადგენს, რომლის შავი ხვრელის ამოვსება ქვეყნის ვერცერთმა პოლიტიკოსმა თუ ლიდერმა ვერ შეძლო.
სააკაშვილი უკრაინაში საკმაოდ ძლიერ და ბნელ ჯგუფებს დაუპირისპირდა, რომლებიც მას ასე ადვილად თავს არ დააჩაგვრინებენ. როგორც ვხედავთ, სააკაშვილს საკმაოდ ძლიერი მტრები ჰყავს ამ ქვეყანაში და აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებით მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, დისკრედიტაცია სურთ.