წინა კვირას უკრაინულმა ვებგვერდმა ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მათ შორის ექსპრეზიდენტისაც.
პირველი გამოქვეყნებული ჩანაწერების ფიგურანტებმა, გიგა ბოკერიამ და ნიკა გვარამიამ მათი აუთენტურობა დაადასტურეს. თუმცა, მომდევნო ჩანაწერების აუთენტურობა ყველა ფიგურანტმა უარყო. ზოგმა თქვა, რომ ხმა მათია, თუმცა ჩანაწერი დამონტაჟებულია და ის, რაც იქ ისმის, არ უთქვამთ.
გჯერათ თუ არა გავრცელებული აუდიო ჩანაწერების აუთენტურობის? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): დღევანდელი ტექნიკა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერ ადამიანს მოვუსმინოთ. რა თქმა უნდა, ჩანაწერები შეიძლება ყალბიც იყო, მაგრამ დღეს იმის საშუალებაც არსებობს, რომ მათი აუთენტურობა გაირკვეს. ვფიქრობ, ამის გაკეთება არც ისეთი ძნელია. სათანადო ორგანოებმა, მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებით, ამ ჩანაწერების ნამდვილობა უნდა დაადგინონ. აუთენტურობის დადგენის შემთხვევაში კი ეს სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადებას ნიშნავს, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ მთელი საქართველოს.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): საკითხი ისე არ დგას, მე მჯერა თუ არ მჯერა, ეს გამოძიების ამბავია. თუმცა, ასეთი რამ დასაშვებად მიმაჩნია. "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებიც ამაზე მეტყველებს, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო. ეს მძიმე დანაშაულია, რომელიც ფაქტობრივად უნდა დამტკიცდეს. მგონია, რომ გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა მაინც საექსპერტო დასკვენებია საჭირო.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): დარწმუნებული ვარ, რომ ჩანაწერები აუთენტურია. არავის ამის თავი და სურვილი არ აქვს, რომ ეს გააყალბოს და ისე დადონ. დამდებმაც ძალიან კარგად იცის, რომ ამის დადგენა ძალიან ადვილად შეიძლება. თუმცა, რატომღაც წავიდნენ უარზე, იციან, რომ საქართველოში აუთენტურობის დადგენა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ არის ადგილები, სადაც ამის დადგენა შესაძლებელია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამოძიება ამ შესაძლებლობებს გამოიყენებს, იმისათვის, რომ ჩანაწერებს მტკიცებულებების სახე მიეცეს.
როდესაც საქმე გადატრიალების მუხლით აღიძრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სხვა მტკიცებულებებიც ჰქონდა, რადგან მხოლოდ ჩანაწერების საფუძველზე საქმეს არ აღძრავდნენ. გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ეს ზუსტად ის ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს სწორედ გადატრიალების გზით მოვიდა და არა არჩევნების.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რა თქმა უნდა, ჩანაწერების აუთენტურობას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ხმა და იგივე სუნთქვა სააკაშვილისას ძალიან ჰგავს, ასევე წინადადებების წყობა და მისი სურვილებიც კი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სინამდვილეს შეესაბამება. თუმცა, მთავარი დამსჯელი პლანეტა სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის წამატებული მოქმედების შესაძლებლობა უახლოესი 2 წლის განმავლობაში მინიმალური იქნება ან საერთოდ არ ექნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე