"ვაიბერით საუბრები ისმინება უფრო სერიოზული სპეცსამსახურების მიერ"
თიკო ოსმანოვა
05.11.2015

 "ეს საუბრები ისეთი სპეცტექნიკითაა ჩაწერილი, რომლის საშუალება საქართველოს სპეცსამსახურებს არ გაჩნია. ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ ტექნიკა, რომელიც გამოჰყვათ სააკაშვილის დროიდან და ისმინება ჩვეულებრივი მობილური სატელეფონო საუბრები. რაც შეეხება ვაიბერით საუბრებს, ეს ისმინება უფრო სერიოზული სპეცსამსახურების მიერ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 1990-იან წლებში უშიშროების მინისტრის პოსტს იკავებდა.

ირაკლი ბათიაშვილი: ამ ჩანაწერების ნაწილი სერიოზულ მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიებისთვის, რომ მზადდებოდა ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულებრივი ქმედებები. ამაზე მეტყველებს მთელი რიგი ფრაზები. მაგალითად, სააკაშვილის ლაპარაკი ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან, სადაც ამბობენ, რომ რევოლუციური სცენარით უნდა განვითარდეს მოვლენები, იქნება სისხლისღვრა და სხვა.

ეს ჩანაწერები აუცილებლად უნდა განვიხილოთ ერთიან ლოგიკურ კონტექსტში. შემდეგ მისი საუბარი სოფო ნიჟარაძესთან, სადაც ამბობს, სისხლისღვრა იქნება აუცილებლადო.

ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ იყო დიდი დესტაბილიზაციის მომზადების გეგმა. კონკრეტულად საუბარია მასობრივი არეულობის შექმნაზე, რომელიც კვალიფიცირდება სსკ 285-ე მუხლის მიხედვით. ამაზე არაერთხელ მილაპარაკია. ჯერ კიდევ თვეების წინ ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკშვილი აპირებდნენ დესტაბილიზაციის აგორებას და ეს უნდა მომხდარიყო არეულობის ინსცენირებით და ამაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს უნდა შეესრულებინა. თუმცა ეს გეგმა ვერ განხორციელდა, ჩაიფუშა მთელი რიგი მიზეზების გამო - "რუსთავი 2"-ის მოწოდებებზე ხალხი არ გავიდა და ინფორმაციამაც გამოჟონა.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, ეს ჩანაწერები საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

ი.ბ: გამოძიება მიმდინარეობს, მიდის დაკითხვები. პროკურორების მაგივრად ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით, საით მიდის გამოძიება და როგორ მიდის. მთავარია, ეს შოუდ არ გადაიქცეს და ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამ არ მიიღოს ხასიათი, რომ მიმდინარეობს უბრალოდ კომპრომატების ომი.

აუდიოჩანაწერს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გამოძიებისთვის ძალიან კონკრეტული მტკიცებულების ძალა და მნიშვნელობა, რომელიც გამოძიების ორგანოს დაეხმარება დანაშაულის გამოვლენაში.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ავანტიურისტულ გეგმებს ისახავდა და ახლაც ისახავს მიხეილ სააკაშვილი. მას რაღაცაზე აქვს გათვლა გაკეთებული, მაგრამ რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დევნას და გამოძიებას, ეს ყველაფერი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებას.

"რ": ყოველდღე ვხედავთ დაკითხვაზე მოსიარულე ადამიანებს, თუმცა ჯერჯერობით სხვა არაფერი გვესმის, თანაც საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. და ეს ყველაფერი ხომ არ დაემსგავსა ერთგვარ შოუს?

ი.ბ: დაკითხვა თავისთავად გასაგებია, მაგრამ საით მიდის ეს გამოძიება და რა შედეგი ექნება ამას, ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. 2012 წლიდან ვერაფრით ვერ ვიხილეთ სამართლიანობის აღგენა და დღესაც ბევრს ეჭვი ეპარება, რომ ეს გამოძიება რაღაცით დასრულდება.

"რ": "შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად" - ამ მუხლით დაწყებული გამოძიება, ფარული ჩანაწერების ფონზე, საქართველოს ისტორიას არაერთხელ ახსოვს. ხედავთ თუ არა ამ საქმეებში მსგავსებას? ხომ არ არის ეს კვლავ კომპრომატების ომი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად იყენებდა?

ი.ბ: საერთოს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. მაგალითად, ერთ-ერთ ადრინდელ ჩანაწერში გოგა ხაინდრავა ლევან ბერძენიშვილს ჩვეულებრივ კითხულობს და ამაზე დაიწყეს გამოძიება. სააკაშვილი კი პირდაპირ ლაპარაკობს, რომ სისხლისღვრა იქნება, რომ საჭიროა, გაისროლონ, ბარიკადები ააგონ და სხვა.

მაშინ ჩემი საუბრებიც გამოაქვეყნეს და აბსურდული ბრალდება შემითითხნეს ჩემი სატელეფონო და საჯარო განცხადებების გამო.

აქ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი ინსტრუქციებს იძლევა, რომელიც აშკარად მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებაზე. ვინაიდან ამ ჩანაწერებს უკრაინული საიტიდან იღებენ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს არ გამოდის ფარულად მოპოვებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლეგალურია. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იმუშაოს კიდევ უამრავი მიმართულებით იმისათვის, რომ მოიპოვოს გაცილებით მდიდარი ბაზა, რომ საქმეში მხოლოდ ჩანაწერები არ იყოს.

"რ": ანუ ამ ჩანაწერებში თქვენ საქართველოს ხელისუფლების კვალს ვერ ხედავთ?

ი.ბ: დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი სპეცსამსახურების მოპოვებული არ არის.

"რ": რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

ი.ბ: ეს საუბრები ისეთი სპეცტექნიკითაა ჩაწერილი, რომლის საშუალება საქართველოს სპეცსამსახურებს არ გააჩნიათ. ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ ტექნიკა, რომელიც გამოჰყვათ სააკაშვილის დროიდან და ისმინება ჩვეულებრივი მობილური სატელეფონო საუბრები. რაც შეეხება ვაიბერით საუბრებს, ეს ისმინება უფრო სერიოზული სპეცსამსახურების მიერ.

"რ": თქვენი აზრით, ე.წ არეულობის მოწყობის საფრთხე კიდევ არსებობს?

ი.ბ: საფრთხე დროებით ავირიდეთ. ეს ავანტიურა არ გამოუვიდათ, რადგან ხალხი არ აჰყვა. მაგრამ სააკაშვილი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მინდა გითხრათ, რომ მას აქვს თავისი ავანტიურისტული გათვლები. მაგრამ, საბოლოო ჯამში, რა მცდელობაც უნდა ჰქონდეს, არ გამოუვა და ეს ყველაფერი, პირიქით, "ნაციონალურ მოძრაობას" მიუბრუნდება ძალიან ცუდად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×