"რუსთავი 2"-ის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამოქალაქო კოდექსის იმ ორი მუხლის შეჩერებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც შეიტანა სარჩელი და მოიგო პირველი ინსტანციის სასამართლო ქიბარ ხალვაშმა. ამ მუხლების შეჩერებით არა მარტო "რუსთავი 2"-ის წილებზე მიმდინარე დავა გაიწელება, არამედ შეჩერდება ყველა ის საქმეც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკუთრების იძულებით დათმობა-წართმევას ეხება. ასეთი საქმეები კი, იურისტების თქმით, ათასობითაა.
"არ მგონია, რომ ამ ორი ნორმის, რომლებიც ძალიან დიდი ხანია არა მხოლოდ ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში არსებობს, შეჩერება გონივრული იყოს და ღირდეს საჯარო სიკეთის საფრთხის ქვეშ დაყენება, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეს," - აცხადებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი ლევან ალაფიშვილი.
ცნობისათვის, ორი დღის წინ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არჩევნებამდე ისინი ამ პროცესებს აუცილებლად გაჭიმავენ.
"...მერე დარწმუნებული ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ ამ ქვეყანაში ვეღარ ვიხილავთ და "რუსთავი 2"-იც, სასამართლოც, თავისუფალი სიტყვაც, დემოკრატიაც ქვეყანაში იქნება უსაფრთხო, დემოკრატიული ძალების ხელში," - განაცხადა გვარამიამ.
პარალელურად კი ტელეკომპანიის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე სარჩელი შეიტანეს. ისინი სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.
54-ე მუხლში, რომელიც მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებებს ეხება, ვკითხულობთ: "ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს."
55-ე მუხლში კი აღნიშნულია: "გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე."
ხალვაში ამტკიცებს, რომ წილები სწორედ ამორალური გარიგების საფუძველზე დათმო.
იურისტები მიიჩნევენ, რომ ამ ორი ნორმის გაუქმება წარმოუდგენელია. არც ერთი ეს ნორმა არაკონსტიტუციური არ არის. თუმცა იქვე არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ნორმები დროებით შეაჩეროს.
ა/ო "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ელბაქიძეს მოლოდინი აქვს, რომ დიდი ალბათობით, ნორმის დროებით შეჩერება მოხდება და ამ შემთხვევაში რაღაც პერიოდი ვერც ერთი დავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ვერ გადაწყდება. ხოლო თუკი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, რომ ნორმები არაკონსტიტუციურია, ის საერთოდ დაკარგავს ძალას.
"რუსთავი 2"-ის საქმე სააპელაციოში შევა, მაგრამ შესაძლოა, საქმის წარმოება საკონსტიტუციოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს. ნორმების შეჩერება ან საერთოდ არაკონსტიტუციურად ცნობა რას გამოიწვევს, ამის პროგნოზი მიჭირს, რადგან ამ მუხლების საფუძველზე ძალიან ბევრი სარჩელია შეტანილი და ძალიან ბევრი საქმის განხილვა შეჩერდება. საუბარია გარიგების ორ სახეზე - ამორალურ და მოტყუებით დადებულ გარიგებებზე. პროცესი მარტივი არ იქნება, იმიტომ, რომ იყო მოტყუებით დადებული გარიგებები, იძულება, ამორალურ გარიგებებზეც ბევრი იყო საუბარი და ასეთი საქმეები სასამართლოში ერთი და ორი არ დევს," - აღნიშნავს ელბაქიძე და დასძენს: "საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება შეუზღუდავი და განუსაზღვრელი არ არის და თუ მხარე რაღაც ნორმის შეჩერებას ითხოვს, უნდა დაასაბუთოს ამ ნორმის შეჩერების საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ნორმის შეჩერების არც თუ დიდი პრაქტიკა აქვს. თუმცა, თუ მხარის პოზიცია არგუმენტებულია და თუ ნორმის მოქმედება ზიანს აყენებს მოსარჩელეს, საკონსტიტუციოს ნორმის შეჩერების უფლება ცალსახად აქვს. უბრალოდ მხარემ სასამართლოს წინაშე უნდა დაასაბუთოს, ამ ნორმის მოქმედებით რა ზიანი შეიძლება მიადგეს. რაც შეეხება კონკრეტული დავის არსს და შინაარსს, საქმის მასალებს არ ვიცნობ და ვერ ვიტყვი, რამდენად სწორად აქვს "რუსთავი 2"-ს საკონსტიტუციო სასამართლოში მოთხოვნა დაყენებული."
ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე აცხადებს, რომ აქ მარტო "რუსთავი 2"-ის საკითხი არ წყდება და თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ თუნდაც დროებით მაინც შეაჩერა 54-ე და 55-ე მუხლების მოქმედება, ყველა საქმე შეჩერდება, რაც ამ მუხლებითაა გასაჩივრებული და ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდება.
"ეს არის აბსურდი. ეს არ ჯდება ლოგიკურ ჩარჩოში, ამათ საქმის განხილვის და აღსრულების გაჭიანურება უნდათ, ეგ არის მიზანი. ეს უფრო სასამართლოზე წნეხის უპრეცედენტო მცდელობად მიმაჩნია. ეს უკვე თავისუფალი სიტყვის დაცვა აღარ არის. ყველა ვალდებული ვართ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სასამართლო გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. არსებობს გასაჩივრების ზემდგომი ინსტანციები და პროცედურები და თუკი რომელიმე მხარისათვის ესა თუ ის გადაწყვეტილება მისაღები არ არის, სააპელაციოს და შემდგომ საკასაციო ინსტანციას უნდა მიმართოს. საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიღაც დაჯგუფების ჯიბის სასამართლოდ გამოყენების მცდელობა კი დასაგმობია," - აცხადებს შავაძე.
მისივე მტკიცებით, იურიდიულად ეს სარჩელი უსაფუძვლოა და წინასწარვე განწირულია. ეს ნორმები იმიტომ არის სამოქალაქო კოდექსში მოცემული, რომ შესაძლოა, ნდობის ბოროტად გამოყენებით რომელიმე მხარის უკან გაფორმდეს გარიგება.
"არსებობს ფარული გარიგებები და რა ვქნათ, არ ვედავოთ ასეთ გარიგებებს?! თუკი იმ მიზანს მიაღწევენ და ამ ორი ნორმის მოქმედება შეჩერდება, მე, როგორც მოქალაქემ, რა ვქნა, - არ ვიდავო, თუკი გარიგების მეორე მხარის მხრიდან ანალოგიურ სიტუაციაში ჩავთვლი თავს, იმის გამო, რომ "რუსთავი 2"-ში ორ კაცს რაღაც მოეპრიანა და სარჩელი შეიტანა?! არ მომწონს საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი გააქტიურება, ეს უკვე პოლიტიკურ დაჯგუფებას დაემსგავსა, ვიდრე სასამართლოს. რაღაც არ მახსოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ასე აქტიურად დაეკმაყოფილებინოს სარჩელები. ახლა რატომ ხდება?! მით უფრო ასეთი მნიშვნელოვანი ნორმების ბათილობაზე მსჯელობა მარაზმია. თქვა კიდევაც გვარამიამ, ამ პროცესებს ჩვენ არჩევნებამდე გავაჭიანურებთო. ცხადია, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული უდევს. ამიტომაც დიდია მოლოდინი, რომ საკონსტიტუციომ დროებით ეს ნორმები შეაჩეროს. ამით ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანდება. საინტერესოა მოვიკითხოთ სტატისტიკა, ამ ნორმებით დღეს რამდენი ადამიანი დავობს და რამდენი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს. სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, საქმეები უნდა შეჩერდეს. უკვე აბსურდამდე მივედით. ყველამ იცის, რომ ამ ნორმების ბათილად ცნობა დაუშვებელია და იმდენად აბსურდული მოთხოვნაა, რომ წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ წარმოებაშიც არ უნდა მიეღო ეს სარჩელი."
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელის, ლევან ალაფიშვილის თქმით, თეორიულადაც კი დაუშვებელი ამ ორი ნორმის არა თუ არაკონსტიტუციურად ცნობა, არამედ დროებით შეჩერებაც კი, რადგან ამ შემთხვევაში მართლმსაჯულება პრაქტიკულად უნდა გაჩერდეს.
"არ მგონია, რომ ამ ორი ნორმის, რომლებიც ძალიან დიდი ხანია არა მხოლოდ ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში არსებობს, შეჩერება გონივრული იყოს და ღირდეს საჯარო სიკეთის საფრთხის ქვეშ დაყენება, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესაც და ხვალაც არაერთი საქმე განიხილება და დასრულდება სწორედ ამ ნორმების გამოყენებით," - ამბობს ალაფიშვილი და, აქედან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ მოხდება არა მთლიანად ნორმის შეჩერება, არამედ მისი ნორმატიული შინაარსის შეჩერება.
ლევან ალაფიშვილი: "თეორიულად, დავუშვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია თქვას, შეჩერდეს ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, მაგალითად, ამ კონკრეტულ, "რუსთავი 2"-ის, საქმესთან დაკავშირებულ რაღაც ურთიერთობას გულისხმობს. ესეც ლოგიკური მსჯელობაა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო არსებით გადაწყვეტილებებში უკვე ასახავს-ხოლმე, რომ არა კონკრეტულად ნორმა, არამედ მისი ნორმატიული შინაარსი იქნეს ცნობილი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. ნორმა დარჩება, მაგრამ იქვე იქნება შენიშვნა, რომ ამ ნორმის ის შინაარსი, რომელიც ამ თუ იმ ურთიერთობას შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილია არაკონსტიტუციურად. ნორმატიული შინაარსის შეჩერება ძალიან სპეციფიკური საკითხია და რთულია ასახსნელად. მაგალითად, ერთი და იგივე ნორმას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შინაარსი სხვადასხვა ურთიერთობისას: სახელმწიფოსა და კერძო პირების ურთიერთობაში აბსოლუტრად სხვა შინაარსი ჰქონდეს იგივე გავლენის ბოროტად გამოყენებას და კანონსაწინააღმდეგეობას სხვა შინაარსი ჰქონდეს და ე.წ. კერძო ურთიერთობებში - სხვა."
გარდა იმისა, რომ ალაფიშვილი მიიჩნევს ამ ორი ნორმის შეჩერება არაგონივრულია, ასევე აცხადებს იმასაც, რომ თუკი "რუსთავი 2"-ის ადვოკატების სურვილია, პროცესი ყველა ხერხით გააჭიანურონ, ეს ნაბიჯი უშედეგოა. საკონსტიტუციოს "რუსთავი 2"-ის საქმეზე გავლენა ვერ ექნება, რადგან 2006 წელს, როდესაც "რუსთავი 2"-ის წილებზე გარიგება მოხდა, ძველი ნორმა მოქმედებდა და კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს.
"თეორიულად შესაძლებელია რომელიმე ინსტანციის დროს, მაგალითად, როდესაც "რუსთავი 2"-ის საქმე უზენაესში იქნება, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს და გამოაცხადოს ამ ორი ნორმის არაკონსტიტუციურობა, მაგრამ ამის მიუხედავად, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკაა, ამ გადაწყვეტილებას გავლენა მაინც ვერ ექნება "რუსთავი 2"-ის საქმეზე, რადგანაც ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არის, ამა თუ იმ გარიგების მომენტისთვის ნორმა მოქმედებდა თუ არა. ასეთია სასამართლო პრაქტიკა. ამას დიდი მითითება და განსჯა არ სჭირდება, იმიტომ, რომ თვით კონსტიტუციაში და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში პირდაპირაა ჩაწერილი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოცხადების შემდგომ და მას უკუქცევითი ძალა არ აქვს," - აცხადებს ალაფიშვილი.