მოსაზრება
06.11.2015

ანზორ საკანდელიძე

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში განხილვისთვის წარადგინა ქვეყნის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც პენსიონრების პენსია, მიუხედავად ლარის დღევანდელი მნიშვნელოვანი გაუფასურებისა, უცვლელია და ისევ 160 ლარი რჩება. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ ოპოზიციას უდიდესი პოლიტიკური კოზირი უვარდება ხელთ. ეს რომ არ მოხდეს, ხელისუფლებას ვურჩევთ, კრიტიკულად გადახედოს 2004 წელს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ საგადასახადო რეფორმებად შეფუთულ საგადასახადო "აფიორას", აღადგინოს ამ ვაირეფორმებამდე არსებული 30%-იანი სოციალური გადასახადი და პენსიები გაზარდოს 100 აშშ დოლარამდე.

რაში მდგომარეობს ნოღაიდელის საგადასახადო აფიორა? მან 18 გადასახადიდან 12 გადაიტანა მოსაკრებლებში და გადასახადების რაოდენობა ვითომ შეამცირა 6-მდე. ამ აფიორას დღემდე "ჭამენ" საქართველოში, მაგრამ "არ ჭამენ" საზღვარგარეთ, სადაც თვლიან, რომ ჩვენ გვაქვს 18 გადასახადი. ამ 18-გადასახადიანი მაჩვენებლით 5 წლის წინათ გადასახადების რაოდენობის მიხედვით 147 ქვეყანას შორის ვიყავით 92-ე ადგილზე, ხოლო გადასახადების გამოანგარიშების სირთულის მიხედვით კი ერთ-ერთ ბოლო - 145-ე ადგილზე!

როგორც ცნობილია, სოციალური გადასახადი ერიცხებოდა ხელფასებს 30%-ის ოდენობით და ამ გადასახადს იხდიდა არა მუშა-მოსამსახურე, არამედ ის იურიდიული პირი, სადაც მუშაობდა. ნოღაიდელმა ვირეშმაკულად 30%-იანი სოციალური გადასახადი, რომელსაც იურიდიული პირი იხდიდა და 12-20%-იანი საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ფიზიკური პირი იხდიდა ხელფასების ზრდის შესაბამისად, გააერთიანა ერთ 20%-იან საშემოსავლო გადასახადში და საგადასახადო ტვირთი მთლიანად დააკისრა ფიზიკურ პირებს. ამით საერთოდ გაათავისუფლა რა 30%-იანი სოციალური გადასახადებისგან იურიდიული პირები და, მათ შორის, საკუთარი "ბაზისბანკი"!

ნოღაიდელი არც ისეთი მიამიტი და "მარტივი ტვინი" აღმოჩნდა, როგორც მას უწოდებდა ცნობილი ეკონომისტი ნიკო ორველაშვილი. მან ისეთი საოცნებო საგადასახადო შეღავათები და იდეალური ბიზნესგარემო შეუქმნა როგორც საკუთარ "ბაზისბანკს", ისე მთელ საბანკო სისტემას, რომ მულტიმილიონრებად და ხალხის სისხლის მწოველ წურბელებად გადაქცეულმა ბანკირებმა თავიანთ კაბინეტებში ნოღაიდელის გადიდებული სურათები უნდა ჩამოიკიდონ. ეს გადასახადი რომ არ გაუქმებულიყო, ამ 10 წლის განმავლობაში რაც ხელფასები გაიწერა საქართველოში (განსაკუთრებით კი უზარმაზარი ოდენობით საბანკო და მსხვილ ბიზნეს სექტორებში), მისი 30% რომ ბიუჯეტში შესულიყო, წარმოიდგინეთ რა კოლოსალურ საბიუჯეტო შემოსავლებთან გვექნებოდა საქმე და დღეს საუბარი იქნებოდა პენსიების უფრო მასშტაბურ ზრდაზე, ვიდრე 100 აშშ დოლარია. "ფუი ეშმაკს", ახლა მაინც უნდა ვთქვათ და შემოვიღოთ 30%-იანი სოციალური გადასახადი და 300%-იანი მოგებებით გაზულუქებულ ამ მულტიმდიდართა კასტას მისიკვდილებული ასეული ათასობით პენსიონრების 100 აშშ დოლარამდე პენსიების გასაზრდელი თანხა შევიტანოთ ბიუჯეტში კანონიერი გზით.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ის ძველებურად უნდა გადაიხადონ აღმავალი შკალით - 12%-დან 20%-მდე, სადაც დაცული იქნება სოციალური სამართლიანობა - მცირე შემოსავლების დროს გადასახდელი იქნება შემოსავლების 12%, შემოსავლების გაზრდასთან ერთად, გაიზრდება გადასახადიც 20%-მდე და შემდეგ 20% გახდება მუდმივი.

საერთოდ, მომავალში სოციალური სამართლიანობა უნდა შეეხოს ყველა სახის გადასახადს და შემოსავლის გაზრდით გადასახადები საქართველოშიც უნდა გაიზარდოს, ხოლო შემოსავლის შემცირებით უნდა შემცირდეს ისე, როგორც ეს არის აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში და მთელ მსოფლიოში.

აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩვენ მიერ შემოთავაზებული სოციალური გადასახადიც უნდა გახდეს სოციალურად სამართლიანი და მცირე მეწარმემ გადაიხადოს, მაგალითად, 5%, ხოლო მსხვილმა მეწარმემ - 30%; მოგების გადასახადი მცირე მეწარმემ გადაიხადოს, მაგალითად, ასევე 5% და მსხვილმა მეწარმემ - 20% (ჩინეთში მცირე მეწარმეებისთვის მოგების გადასახადი არის 5% და მსხვილი მეწარმეებისთვის 55%!); დღგ მცირე მეწარმეებისთვის, მაგალითად, გავხადოთ 3%, როგორც სინგაპურშია და მსხვილი მეწარმეებისთვის - 32%, როგორც დღეს ბევრ ქვეყანაშია, ადრე იყო საქართველოშიც. ამით ჩვენს საგადასახადო კოდექსს გაუჩნდება სოციალურად სამართლიანი გადანაწილებითი ერთი ფუნქცია მაინც ხალხური "არსენას ლექსის" მიხედვით: "მდიდარს ართმევ, ღარიბს აძლევ", რომელიც დღეს ჩვენი საგადასახადო კოდექსით შებრუნებულია: ღარიბს ართმევ, მდიდარს აძლევ!

1997 წელს ნოღაიდელის მიერ მიღებულ და დღემდე მოქმედ საგადასახადო კოდექსს საფუძვლად უდევს მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელებული ადამ სმიტისეული აბსოლუტური სამეწარმეო თავისუფლების იდეა ყოველგვარი სახელმწიფო რეგულირების გარეშე, რომლის პრაქტიკული შედეგიც გახლდათ მე-19 საუკუნეში "ველური კაპიტალიზმის" ჩამოყალიბება, ქონებრივი უთანასწორობის უკიდურესი გამწვავება, მაფიოზური კლანების თარეში, სოციალური აფეთქებები და ამ ფონზე მე-20 საუკუნეში მარქსიზმის წარმოშობა დამანგრეველი, გაჭიანურებული, კატასტროფული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისებით, რომელმაც თვით მსოფლიო ცივილიზაციის არსებობას შეუქმნა რეალური საფრთხე.

აქედან გამომდინარე, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა უარი თქვეს სრულ სამეწარმეო თავისუფლებაზე და გადავიდნენ ჯონ კეინსისეულ რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაზე, რომლის ძირითადი საფუძველია გადასახადებისთვის სოციალური, მასტიმულირებელი და გადანაწილებითი ფუნქციების მინიჭება. დროა, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ჩარჩენილ საქართველოს საგადასახადო კოდექსს მივანიჭოთ სოციალურ-გადანაწილებითი ფუნქციები. ამით საქართველოში დაიწყება "ველური კაპიტალიზმისა" და მაფიოზური კლანების დემონტაჟი, რათა საქართველო დაადგეს კეინსისეული რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის გზას. პირველ ეტაპზე, ეს უნდა დავიწყოთ სოციალური გადასახადის აღდგენით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×