2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციური სპექტრის რეფორმირებაა მოსალოდნელი. სპეციალისტების აზრით, სამთავრობო კოალიციის დამარცხების შანსი ოპოზიციას მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში ექნება, რადგან ცალ-ცალკე თითოეული პარტიის რეიტინგი საკმაოდ დაბალია.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, მან მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი უკვე დაკარგა.
თუკი არჩევნებამდე პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს არსებული ვითარება შენარჩუნდა და ახალი ძალა არ გამოჩნდა, ან რამდენიმე პარტიამ კოალიცია არ შექმნა, მათი აზრით 2016 წელს უფრო მრავალპარტიული პარლამენტი გვექნება, სადაც ოპოზიციური სპექტრი მცირე დოზით იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობას კი კვლავ "ქართული ოცნება" მოიპოვებს.
პოლიტიკური გადაჯგუფება
მცირე ცვლილებები ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. პოლიტოლოგები ვარაუდოებენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გადაჯგუფება კიდევ უფრო გააქტიურდება.
ცვლილებებია "თავისუფალ დემოკრატებში", რომელიც ჯერ დავით ზალკალიანმა არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამო დატოვა, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ პარტიას თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილეც გამოეყო.
ამასთან, გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანში "თავისუფალი დემოკრატების" პარტია აღარ არსებობს. ქუთაისში, "ქართული ოცნების" ოფისში, ვანის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, რომან თვალაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პარტია რამდენიმე დღის წინ ყველა წევრმა დატოვა.
მისი განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურ გზას ემიჯნებიან, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება. რომან თვალაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს წევრები, რომლებიც "თავისუფალ დემოკრატებს" წარმოადგენდნენ, ჯერჯერობით დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის წასვლის შესახებაც, თუმცა პარტიაში ეს არ დაადასტურეს.
ამასთანავე, ასპარეზზე "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული სახეებიც გამოჩნდნენ. ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და სხვებმა გუშინ ახალი პოლიტიკური ცენტრის პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც "გირჩი" ეწოდა. ქუთაისში მათ რეგიონული ოფისიც გახსნეს, რომელსაც თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს.
ვინ არის მთავარი ოპოზიცია?
მოგეხსენებათ, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინულ საიტზე აქტიურად ქვეყნდებოდა როგორც ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები, ისე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. თითოეული მათგანის გავრცელება საზოგადოებაში აჟიოტაჟის მიზეზი ხდებოდა.
ამ ყველაფერმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იმდენად დიდი აღშფოთება გამოიწვია, რომ როგორც დედაქალაქში, ისე რაიონებში გახშირდა "ნაცმოძრაობის" ოფისებზე თავდასხმისა და ხმაურიანი აქციების, შეხლა-შემოხლის ფაქტები.
შესაბამისად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პარტიის რეიტინგი საგრძნობლად დაწია და არჩევნებამდე დაკარგული ხმების დაბრუნება გაუჭირდებათ.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ "ნაცმოძრაობის" რეიტინგი ჩანაწერების გავრცელებამდე საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა მათი აქტიურობისა და საკმაო დაფინანსების გამო ეს ნაკლებად შეიმჩნეოდა.
რეალურად კი, გამზარდიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქციებზე საკმაოდ ცოტა მხარამჭერი მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ დაანონსება ერთი თვით ადრე დაიწყო, "რუსთავი 2"-იც აქტიურად იყო ჩართული და ორგანიზებას მთელი საქართველოს მასშტაბით უწევდნენ.
"რუსთავის 2"-ის მხარდამჭერ აქციებზე კი, მისი თქმით, კიდევ უფრო ცოტა ხალხი მივიდა და რეალურად, ამ პროცესმა აჩვენა, რომ "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი მეტისმეტად შემცირებულია.
"მათი დღევანდელი მხარდამჭერები ძირითადად აქტივისტები, დაინტერესებული პირები და აგრესიული რადიკალები არიან. ამიტომაც, ვეჭვობ, რომ ჩანაწერების გავრცელებას ამ ადამიანებში განსაკუთრებული ძვრა მოეხდინა", - ამბობს გამზარდია.
მისი აზრით, "ნაცმოძრაობა" მთავარი ოპოზიციური პარტია არც არასდროს ყოფილა და ახლა მითუმეტეს აღარ არის. ეს სტატუსი, სპეციალისტის თქმით, პარტიამ ხელოვნურად შეიქმნა. რუალურად კი, იგი, სხვა ოპოზიციური პარტიებისაგან მხოლოდ აქტიურობითა და დაფინანსებით განსხვავდება.
სწორედ ამიტომ გამზარდია 2016 წლის არჩევნებში სხვა პარტიებისაგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.
"საკმაოდ წინ წაიწია "პატრიოტთა ალიანსმა", რომელმაც ყველაზე მეტი კონკურენტუნარიანობა გამოიჩინა. ვფიქრობ, მომავალ შემოდგომაზე ძირითადი ბრძოლა "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არც იქნება. თუმცა, ეს "ქართულ ოცნებას" საქმეს გაურთულებს, რადგან "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლაში მას ბევრად მეტი შანსი ექნებოდა.
"როგორც კვლევები ცხადყოფს, ამომრჩევლის დიდი ნაწილი სიმპათიით არავის მიმართ არაა განწყობილი, მაგრამ "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არჩევანს მაინც "ოცნებაზე" შეაჩერებენ. თუმცა, ვის ექნება მეტი შანსი 2016-ში, ეს გასარკვევია, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე უახლოეს თვეებში სიახლეებსაც უნდა ველოდოთ", - ამბობს გამზარდია.
იმ შემთხვევაში კი, თუ არჩევნებამდე ოპოზიციურმა ფლანგმა სერიოზული ცვლილებები არ განიცადა და არჩევნებამდე დაახლოებით იმავე კონფიგურაციით მივედით, რაც დღეს გვაქვს, გამზარდია ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" სერიოზული კონკურენტის გარეშე დარჩება.
დღეს რომ არჩევნები იყოს, მისი აზრით, პარლამენტში შესვლის შანსი უფრო მეტ პარტიას ექნებოდა, ოღონდ მცირე წარმომადგენლობით.
"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისადმი საზოგადოებას ძალიან ბევრი შენიშვნა და პრეტენზია აქვს, იგი მაინც შედარებას აკეთებს - თუ რა არის და რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ბევრი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ იმიტომ მაინც უნდა მისცე ხმა, რომ ისინი მკვლელები არ არიან და სისასტიკეს არ სჩადიან.
"ამან აჩვენა, რომ "ნაცმოძრაობის" ცოდვებმა მათი გაკეთებული ყველა საქმე გადაწონა და სოციალური მდგომარეობის გართულებაც კი შესაძლოა, მოსახლეობისათვის უსაფრთხოებასთან შედარებით, მეორეხარისხოვანი აღმოჩნდეს. თუკი საზოგადოებას ასეთი არჩევანი ექნება, მაშინ შესაძლოა, მან მოქმედი ხელისუფლების მიმართ, როგორც უსაფრთხო მთავრობისადმი, ისევ დიდი მხარდაჭერა გამოხატოს", - დასძენს იგი.
რაც შეეხება იმას, თუ რომელ პარტიებს ექნებოდათ პარლამენტში მოხვედრის შანსი, გამზარდია ამბობს, რომ ესენი იქნებოდნენ "ნაციონალური მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი", რომელსაც სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობაზე" მეტი წარმომადგენლის შეყვანის შანსი ექნება.
"ასევე შეიძლება "თავისუფალი დემოკრატებიც" ვიხილოთ პარლამენტში, თუმცა, ეს პარტია ამჟამად ისე არაეფექტურად ჩანს, რომ მომავალ პარლამენტში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვს. ასე რომ, დღეს რომ არჩევნები იყოს, ვფიქრობ, უფრო მრავალპარტიული პარლამენტი გვექნებოდა, თუმცა ოპოზიცია პატარ-პატარა წარმომადგენლობებით და "ოცნება" კი უმრავლესობით", - დასძენს არჩილ გამზარდია.
პოლიტოლოგ, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, სკანდალური ჩანაწერები "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებზე მეტად დანარჩენ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. თუმცა, მისი აზრით, პარტიას რეიტინგი დაკარგული რომ აქვს, ეს ფაქტია და არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში პოლიტიკური იმიჯის რებრენდინგს ვერ მოახერხებს.
"რა თქმა უნდა, ჩანაწერები ამომრჩეველზე გავლენას ახდენს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები ფაქტობრივად რაღაც სექტასავით ჩამოყალიბდნენ და დანარჩენი საზოგადოებისაგან თითქოს თვითიზოლაცია მოახდინეს. ასე რომ, ეს ჩანაწერები საზოგადოებაზე უფრო ახდენს გავლენას, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებზე.
"რაც შეეხება იმას, ინარჩუნებს თუ არა ყველაზე მთავარი და გავლენიანი პარტიის იმიჯს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეს ასეა. მიუხედავად იმისა, რომ მან სექტის ფორმა მიიღო, ეს სექტა საკმაოდ მრავალრიცხოვანი, შეკრული და სტრუქტურირებულია. ჩანაწერებშიც ხომ არის საუბარი, თუ ვინ რამდენი კაცი უნდა მიიყვანოს.
"ასე რომ, ეს საკმაოდ გამართული სტრუქტურაა, რომელიც დღეს და გუშინ არ შექმნილა. ასეთი ძლიერი სტრუქტურა არცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს. თანაც, როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობას" დასავლეთიდანაც საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა აქვს გამოქვეყნებული ჩანაწერების მიუხედავად", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
მისივე აზრით, არჩევნებამდე ჩანაწერების გამოქვეყნება განახლდება და მომავალი არჩევნები ისევ კომპრომატული იქნება.
კითხვაზე, კიდევ რომელ ოპოზიციურ პარტიას აქვს არჩევნებში წარმატების მოპოვების შანსი, ძაბირაძე გვპასუხობს, რომ "თავისუფალი დემოკრატები და "პატრიოტთა ალიანსი" ძალებს უფრო იკრებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ახალბედები არიან და დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიებად ახლა ყალიბდებიან, ვფიქრობ, რომ შანსი მათაც აქვთ, მითუმეტეს, "პატრიოტთა ალიანსს". თუმცა, არ მგონია, რომელიმემ "ნაცმოძრაობას" გადაუსწროს, ან უკეთესი სტრუქტურა შექმნას. სხვათა შორის, ბურჯანაძესაც ექნებოდა შანსი, შემდგომი ზრდის რესურსი რომ გააჩნდეს.
"ზოგადად, მგონია, რომ ოპოზიციამ კოალიციის შექმნაზე უნდა იფიქროს. სხვაგვარად მას მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა გაუჭირდება", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.