გვანცა ღვედაშვილი
06.11.2015

ქუთაისში "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" რეგიონული ოფისი გაიხსნა. რეგიონულ წარმომადგენლობას თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს. "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ხელმძღვანელებმა დღეს მედიას ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

"პარტიის მიზანია, შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები. ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას; ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი; სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს - რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას", - განაცხადეს ცენტრის ხელმძღვანელებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან.

პარტიის ერთ-ერთი წევრის გოგა ხაჩიძის თქმით, პოლიტიკური ცენტრის სახელი შეირჩა პარტიის წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, როგორც თავად განმარტავს, გირჩი ასოცირდება სიახლესთან, მარადმწვანესთან. ის არის განახლების სიმბოლო. გარდა ამისა, გირჩი ყველგან არის - ქალაქშიც და სოფელშიც.

სჭირდება თუ არა წინასაარჩევნოდ ქვეყანას ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "ახალი პარტიები სჭირდება თუ არა ქვეყანას, ამას მე ვერ ვიტყვი, უბრალოდ ახალი პარტიები ძველი სახეებით რამდენად სანდოა მოსახლეობისთვის, არ ვიცი, რამე ახალს და განსხვავებულს ამაში მე ვერ ვხედავ.

ძველ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა უკვე დაამტკიცეს, რისი გამკეთებლები არიან და ახალი სახელის დარქმევით რამდენად მოიპოვებენ ხალხის ნდობას, არ ვიცი, ამაში ეჭვი მეპარება."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "როგორ გითხრათ, უნდათ და გააკეთეს. ჯანსუღმა ერთხელ იხუმრა - ერთი პარტია უნდა გავაკეთო "ვიჩეპე" უნდა დავარქვაო, როცა ვკითხე, რას ნიშნავდა, მითხრა, "ვაი, ჩვენს პატრონსო".

რომ გითხრათ, მაღიზიანებს-მეთქი, ასე არ არის. ეს მათი უფლებაა. ისე, მგონი, "ნაციონალები" უფრო გაღიზიანებულები უნდა იყვნენ, ხაჩიძემ ისეთი კომენტარი გააკეთა. ბოლო დროს რომ ვაკვირდები მოვლენებს, მართლა ვფიქრობ, რომ "ვაი, ჩვენს პატრონს."

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "ჩემი აზრით, ახალი პოლიტიკური პარტია ნამდვილად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არა ძველი სახეებით, რადგან ის არ გამოადგება ჩვენს ქვეყანას. ახალი პარტია უნდა იყოს ახალი ადამიანებითა და იდეებით წარმოდგენილი.

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "მე მგონია, რომ პოლიტიკური სივრცე გაჯერებულია პოლიტიკური პარტიებით, თუმცა მე, რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ იმ პარტიებს, რომლებიც აღიარებენ დასავლურ იდეებს და ემიჯნებიან რუსულ გზას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×