პოლოტოლოგი სოსო ცინცაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებით გაკვირვებულია. მისი თქმით, აშშ-ის ელჩი ვალდებული არ არის თავის განცახდებებზე კონკრეტულ მინისტრებს ახსნა განმარტებები აბაროს.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა აშშ-ის ელჩ იან კელის მიერ „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა. იუსტიციის
მინისტრი განმარტებას ითხოვს, თუ რა იგულისხმება აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ პროცესები ღამით განვითარდა და მას პოლიტიკური შინაარსი აქვს.
ცინცაძე ამბობს, რომ ეს მოთხოვნა დიპლომატიურ ეტიკეტის ნორმებში არ ჯდება.
სოსო ცინცაძე: საქმე ისაა, რომ, დიპლომატიის პრაქტიკიდან გამომდინარე, მინისტრების მხრიდან დიპლომატის განცხადებაზე ასეთი ხმამაღალი განცხადება არ კეთდება და ელჩს არავინ მოუწოდებს, რომ მან თავისი განცხადება დოკუმენტით დაამტკიცოს.
როდესაც უცხოელი დიპლომატის საქციელით მიმღები ქვეყნის ხელისუფლება უკმაყოფილოა, მაშინ ის, დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ზუსტად განსაზღვრავს ინციდენტი როგორ უნდა დარეგულირდეს. ცივილიზებულ სამყაროში მიღებულია, რომ ელჩის საქციელით ან განცახდებით უკმაყოფილო მინისტრი არ გამოდის და საჯაროდ არ მიმართავს და მასთან პოლემიკაში არ შედის.
ეს მიღებული ტენდენცია არ არის. მაგრამ არსებობს ნორმა, რომლის მიხედვითაც ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და დიპლომატიაში დამტკიცებული წესის მიხედვით განმარტებას სთხოვენ. უფრო სწორად, ელჩს კი არ იბარებენ, ეპატიჟებიან.
იქ ასევე გააჩნია რომელი ქვეყნის ელჩია და მას იქ მაღალი რანგის ჩინოვნიკი ხვდება, რომელიც მხოლოდ თავის გაკვირვებას გამოთქვამს. საუბარს არავითარი საყვედურის და პროტესტის გამომხატველი ტონი არ უნდა ჰქონდეს. მას მხოლოდ შეკითხვას უსვამენ, თუ ასეთი განცხადება რის საფუძველზე გააკეთა.
„რეზონანსი": ანუ, თეა წულუკიანის მიმართვა ელჩისადმი და განმარტებების საჯაროდ მოთხოვნა დიპლომატიური ნორმის დარღვევაა?
ს.ც.: ამერიკის ელჩი მოვალე არ არის, რომელიმე მინსიტრსაც მოუნდება, დოკუმენტები და მტკიცებულებები დაუდოს. საქართველოში 20-ზე მეტი მინისტრია. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, ხვალ რომ, სხვა მინისტრი გამოვიდეს და ელჩს მოსთხოვოს დამიდეთ დოკუმენტიო... ასე ელჩმა სხვადასხვა სამინისტროებში უნდა ირბინოს და ყველგან დოკუმენტები დადოს?
ელჩთან კომუნიკაციის ნორმალური საშუალება მხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობაა. ამიტომ ელჩი განმარტებას მხოლოდ ამ სამინიტროს მისცემს.
ახლა მე თეასგან ასეთი განცხადების გაკეთება მიკვირს, რადგანაც ის ჩემი სტუდენტი იყო და დიპლომატიური აკადემია აქვს დამთავრებული. ძალიან კარგი და ჭკვიანი სტუდენტი იყო. სხვას რომ გაეკეთებინა ასეთი განცხადება. არ გამიკვირდებოდა და ვიფიქრებდი, რომ ელჩთან ურთიერთობის ეტიკეტი არ იცის.
„რ": თავად ელჩის განცახდებას როგორ შეფასებდით?
ს.ც.: ახლა ელჩის მხრიდანაც ეს ცოტა თამამი განცხადებაა, მაგრამ ჩვენ თუ გავითვალისწინებთ ის რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში ასეთი განცხადების გაკეთების უფლება ნამდვილად ჰქონდა.
მოდი ახალ ჩვენ ნუ ვდგებით იმ პოზაში და ნუ მოვითხოვთ, რომ ამერიკის ელჩი ჩვენთანაც ისე მოიქცეს, როგორც, ვთქვათ, ინგლისში, საფრანგეთში და სხვა დიდი ქვეყნებთან იქცევა. ჩვენ ვართ უმცროსი პარტნიორები, რომელზეც, პირდაპირ ვთქვათ, უცხოელ მეგობრებს შეფობა აქვთ აღებული. თუ ამერიკისგან დახმარება გვინდა, გვინდა ფული, შეიარაღება, სპეციალისტები, ამ დროს ის აღარ გვინდა, რომ ელჩმა მიგვითითოს და თავისი შეხედულება გამოთქვას? ამაზე საუბარი უკვე ცოტა უხერხულია.
„რ": რაც შეეხება „რუსთავი 2"-თან მიმდინარე მოვლენებს, თქვენი აზრით, ელჩს ეჭვის გამოთქმის საფუძველი ჰქონდა?
ს.ც.: კი, მე ელჩის განცახდებას და პოზიციას ვიზიარებ. მან სწორად განაცხადა, რომ რუსულ საიტებზე გამოქვეყნებულ მასალებს არ ენდობა, რადგანაც ეს უკრაინული კი არა, სინამდვილეში მოსკოვიდან მართული საიტებია. ხოლო ამ პროცესთან დაკავშირებით ასეთ რამეს ვიტყვი - რა მეთოდებითაც წაართვეს ბატონ ქიბარ ხალვაშს ტელევიზია, ახლა ზუსტად მსგავსი მეთოდებით უკან დაუბრუნეს.
ასე რომ, არც ერთი და არც მეორე მხარეს დიდი მორალური უფლება არ აქვთ, რომ კანონის უზენაისობაზე ისაუბრონ. მოსამართლემ უპრეცედენტო შემთხვევა დაუშვა, როდესაც დროებით მმართველად ნეიტრალური პირი კი არა, მხარე დანიშნა. ეს უკვე მის საკუთრებაში გადასვლას ნიშნავს.
განჩინებაში მოსამართლე ურთმელიძემ მიუთითა, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა ტენდენციურია, ეს სრული ნოსენსია. მოსამართლეს ვინ ეკითხება, ვინ რა სიუჟეტებს აკეთებს? სწორედ ამიტომატ არა მარტო ამერიკის ელჩს, არამედ ბევრი ქვეყნის წარმომადგენელს კითხვები გაუჩნდათ.