ვახტანგ შამუგია
06.11.2015

 ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხი ძველ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. დროებით არხის მართვა დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს დაეკისრათ. თუმცა, არხის ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება.

რა შედეგის მომტანი იქნება სასამართლოს ეს გადაწყვეტილება - ამ და სხვა საკითხებზე „რეზონანსს" საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

გია ხუხაშვილი: მე პირადად წინააღმდეგობრივი გრძნობები მაქვს. ერთის მხრივ, დიახაც, მომხრე ვიყავი იმისა, რომ აღდგენილიყო სამართლიანობა და დავით დვალს ამ ტელეკომპანიასთან თავისი უფლებები მიმართებით აღედგინა. ის იყო დაზარანებული და მისი უფლებები წინა ხელისუფლების მიერ აშკარად დაირღვა. მე პირადად მსურდა მისი დაბრუნება ტელევიზიაში, თუმცა ფორმასთან დაკავშირებით კითხვები მაქვს.

მეორეს მხრივ კი ქვეყანაში არსებული რთული და კრიზისული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მისი სიტყვები სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ნაკლებ დასაჯერებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დავით დვალი ძალიან პრინციპული ადამიანია და საამისოდ უდაოდ გააკეთებს ყველაფერს. თუმცა, ვიმეორებ, პოლიტიკური რეალობა ამ ეტაპზე ძალიან რთულია და ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

მე დარწმუნებული ვარ, მას გააზრებული აქვს ეს პასუხისმგებლობა, თუმცა ალბათ ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

ამასთან, „რუსთავი 2" გარშემოც საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგანაც იქ ამ ეტაპზე არსებობს ორი მენეჯმენტი, ერთი დე ფაქტო, მეორე კი დე იურე. ორივე მათგანი „ჰაერშია". ამ დროს მთავარი სიტყვა არხის თანამშრომლებზეა. თუ ისინი უარს იტყვიან ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობაზე, მაშინ მთელი სიმწვავით დღის წესრიგში სიტყვის თავისუფლების თემა დადგება. სანამ არხის თანამშრომელთა საყოველთაო პოზიცია არ იქნება ცნობილი, რთულია წინასწარ რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეს შექმნილია ვითარება, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ფაქტთან მიმართებით კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისათვის არ არის სასარგებლო. ამას შეიძლება შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს.

„რეზონანსი": ნიკა გვარამიას თქმით, იგი „რუსთავი 2"-ის შენობას საკუთარი ნებით არ დატოვებს...

გ.ხ.: სიმართლე გითხრათ, რას ამბობს გვარამია, ეს უკვე ნაკლებ საინტერესოა. ძველ ან ახალ მენეჯმენტი, ორივე ამ ეტაპზე უფუნქციოა, ერთს აქვს იურიდიული უფლება, თუმცა არ აქვს საშუალება მართოს, მეორეს აქვს მართვის მექანიზმები, თუმცა არ აქვს იურიდიული უფლება მართოს არხი. შესაბამისად, ერთადერთი ფასეული, რაც იქ არის, ეს არხის თანამშრომლებია, ბოლო, გადამწყვეტი სიტყვა სწორედ მათზეა.

მიუხედავად გაკეთებული განცხადებისა იმის შესახებ, რომ მასობრივ საკადრო წმენდას ადგილი არ ექნება, ამას მნიშვნელობა თითქმის არ აქვს, რადგანაც ერთია სიტყვიერი განცხადება და მეორეა ის, თუ როგორ აღიქვამს ამას ამ განცხადების უშუალო ადრესატი. თუკი ტელეკომპანიის თანამშრომლები გამოუცხადებენ ახალ მენეჯმენტს ნდობას და ჩამოსცილდებიან სამუშაო პროცესს, ეს რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება „რუსთავ 2"-ზე. კოლექტივის მსგავსი ქმედება მაუწყებლობას შეაფერხებს, რაც ხარისხზე აისახება ან საერთოდ შეაჩერებს გარკვეული დროის განმავლობაში, შეაბამისად დღის წესრიგში დადგება საფრთხე იმ ფასეულობებისა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს კი ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რაც პირველ რიგში დიდ ზიანს ქვეყანას მოუტანს,

„რ": საზოგადოების ნაწილში გაჩნდა შიში, რომ „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად აისახება ქვეყნის პროდასავლურ მიმართულებაზე. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ეს ვარაუდი?

გ.ხ.: ამ ეტაპზე არ მინდა რაიმე შორს მიმავალი პროგნოზების გაკეთება, ეს რთულია. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის მიერ გაკეთებული განცხადება ძალიან მძიმედ მოსასმენი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×