"მათ ყველაფერზე პასუხად ორი ფრაზა აქვთ - "ბოდიში მოიხადეთ", ან "ეს მე არ მეხება". მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს ვერ ააშენებს"
ვახტანგ შამუგია
09.11.2015

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმე ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ მოკავშირეებს შორის გარკვეული დებატების საფუძველი გახდა. ხოლო ის გარემოება, რომ ეს დებატები საჯაროდ და საკმაოდ მწვავე ფორმებში მიმდინარეობს, საზოგადოებაში, რომელსაც დასავლური არჩევანი ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია, ბუნებრივ შეშფოთებას აჩენს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩს განმარტებები და დოკუმენტური მტკიცებულებები მოსთხოვა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რასაც აშშ-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების განცხადება მოჰყვა..

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ სააპელაციო პროცესის დაწყებამდე ტელეკომპანიის მმართველობის შეცვლის მცდელობას ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება.

ამ ვითარებაში ექსპერტებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ რა იქნება ოპტიმალური გამოსავალი, რის შედეგადაც სასამართლოც შეინარჩუნებს სახეს და ქვეყანაც არ გაიფუჭებს დასავლეთთან ურთიერთობებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციის თავმჯდომარე და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ახდენს აშკარა ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე. მისი აზრით, სწორედ ეს არის მიზეზი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელიც, იურისტის თქმით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც იგი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშად იჭრება, ეს კი ყოვლად დაუშვებელია.

"ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შესაძლებელია ხელისუფლებამ მიიღოს, არის ის, რომ ხელი აიღოს სასამართლოს, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების გაკონტროლების მცდელობაზე. დღეს მათ დააწესეს სრული კონტროლი ისეთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუციებზე, როგორიცაა პროკურატურა, საფინანსო სექტორი და სასამართლო.

"ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი ქვეყნის მშენებლობის იდეას და საბოლოოდ გარანტირებულად მიგვიყვანს ერთპიროვნულ, ტოტალურ მმართველობამდე. მივიღებთ დაახლოებით ისეთ პოლიტიკურ რეჟიმს, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში და როგორიც არის დღეს რუსეთის ფედერაციაში", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ოპტიმალური გამოსავალი არის ის, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელებმა, ძმებმა ლევან და გია ყარამანიშვილებმა ადვოკატების დახმარებით ისევ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, ან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რაც შავგულიძეს უფრო პერსპექტიულ ვარიანტად მიაჩნია, რადგანაც თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში არსებითი დასაბუთება იმისა, თუ ისეთი რა ზიანი მიადგებოდა არხის მფლობელს ძველი მენეჯმენტის დარჩენის შემთხვევაში, თითქმის არ არსებობს.

შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად დაყენების შემთხვევაში ამ საქმეს ევროპული სასამართლო ძალიან მოკლე ვადებში განიხილავს და არხის მმართველობა კვლავ ძველ გუნდს დარჩება მანამ, სანამ სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი.

ხელისუფლების დაუდევარ ქმედებებზე მიუთითებს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ის შეშფოთებულია საერთაშორისო რეაქციითა და ქვეყნის ხელისუფლების რეაქციით იმ მოვლენებზე, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარეობს.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ასეთი მწვავე განცხადება საქართველოსთან მიმართებაში მე არ მახსენდება. ეს საშინელებაა. ძალიან რთული მდგომარეობაა და ამ დროს რას პასუხობს ხელისუფლება? ერთი გამოდის და ბოდიშის მოხდას სთხოვს, მეორე საერთოდ საქმის გარჩევით იმუქრება.

"მსგავსი ინფანტილური და არაადეკვატური მიდგომა ან უგუნურების, ან პოლიტიკური სიბეცისა და არაპროფესიონალიზმის ბრალია. ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, ეს ყველაფერი ნეგატიურად ისახება ქვეყნის იმიჯსა და რეიტინგზე, რასაც ჩვენთვის არცთუ სასიამოვნო შედეგები ექნება", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, ხელისუფლების წევრებმა საკუთარი განცხადებებით სამოქალაქო სექტორსა თუ საერთაშორისო საზოგადოებაში შექმნეს ისეთი განწყობა, თითქოს ისინი ამ დავაში ერთი კონკრეტული მხარის გულშემატკივარნი არიან.

"ხელისუფლებამ ამ გაუაზრებელი განცხადებებითა თუ ქმედებებით არა მხოლოდ თავისი თავი, არამედ მთელი ქვეყანა ჩააყენა რთულ მდგომარეობაში. ამიტომ ახლა კეთილი უნდა ინებონ და ნებისმიერი გზით უნდა დაამტკიცონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ, რომ ისინი ამ პროცესებს ემიჯნებიან.

"თუმცა, ამას როგორ მოახერხებენ მაშინ, როდესაც არც დიალოგზე მიდიან, არც საზოგადოებისა თუ კომპეტენტური ადამიანების აზრსა და რჩევას არ ითვალისწინებენ და თავს თვითიზოლაციაში იქცევენ, ვერ გეტყვით.

"მათ ვერ შეიგნეს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ რიგით მოქალაქეზე ვრცელდება, ხოლო როდესაც საუბარია მთავრობის წევრზე, მან დიახაც საჭიროების შემთხვევაში განმარტებები უნდა აკეთოს. თუმცა, მათ ყველაფერზე პასუხად ორი ფრაზა აქვთ - "ბოდიში მოიხადეთ", ან "ეს მე არ მეხება". მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს ვერ ააშენებს", - ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების რეიტინგი საერთო ჯამში 25%-იც კი არ არის, მიმდინარე მოვლენები კი ამ მაჩვენებელს უფრო დაბლა დასწევს.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, არჩილ გამზარდია ხელისუფლების რეიტინგის კლებას ამ მოვლენების გამო არ ვარაუდობს. მისი თქმით, პირიქით, ყველაფერმა ამან შესაძლოა ხელისუფლების რეიტინგი აამაღლოს კიდეც.

"ხელისუფლების შიდა რეიტინგს ეს პროცესი ზრდის, რამდენადაც მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის მხარდამჭერ საინფორმაციო პოლიტიკაზე ცნობილია. თუმცა, რეიტინგის ზრდის პარალელურად, თუ ხელისუფლებამ არ განახორციელა ეფექტური ღონისძიებები როგორც შიგნით, ისე გარეთ, უსაფრთხოების კუთხით შეიძლება იყოს მინიმუმ დისკომფორტის მომტანი", - თქვა გამზარდიამ "მთელ კვირასთან საუბრისას.

იგი ხელისუფლებას ურჩევს, რაც შეიძლება ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ დასავლელ პარტნიორებს, რათა მათ შეძლონ შესაბამისი დასკვნების გაკეთება.

"არ დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პრაქტიკულად არ ჰყავს რაციონალურად თვითგამოხატული და კრიტიკოსი ოპოზიცია. ამიტომ ევროპის თუ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს ჩვენი ერთადერთი საიმედო კრიტიკოსები არიან, რომლებიც მიგვითითებენ სტანდარტებზე, მის დაცვაზე და რისკებზე. შესაძლოა ისინი დროდადრო ცდებოდნენ ან აკეთებდნენ არასაკმარისად ინფორმირებულ დასკვნებს, თუმცა, ამისათვის საჭიროა ჩვენი აქტიურობაც, მათ შორის სახელმწიფო სექტორის შესაბამისი სამსახურებისა.

"ამიტომ, ამ კრიტიკას, საერთო ჯამში, მე დადებითად განვიხილავ. რამდენადაც ვხედავთ, ევროპა ჩვენ თანაბრად, საკუთარ ნაწილად განგვიხილავს და ამიტომ ითხოვს, ვიყოთ მაქსიმალურად მოწოდების სიმაღლეზე, რისკების დონე მინიმუმამდე დავიყვანოთ და ყველაფერი გამჭვირვალედ ხდებოდეს. ეს ძალიან კარგია, რადგან ევროპა არ განგვიხილავს ჩვენ უკვე დიქტატორულ ქვეყნად, არამედ დემოკრატიულ სახელმწიფოდ და, შესაბამისად, ცდილობს, რომ შეცდომები არ გამოგვეპაროს", - ამბობს ანალიტიკოსი.

ის არხის ახალ მფლობელებსაც ურჩევს, რომ აღსრულების ნაწილში მაქსიმალური ნებისყოფა უნდა გამოიჩინონ, აჩვენონ ძველი მენეჯმენტის კანონგარეშე მდგომარეობა, დარღვევები და მათ გვერდით მდგარი გარკვეული პოლიტიკური ძალების არაადეკვატურობა.

"დასავლელი მაღალჩინოსნების კრიტიკა უსამართლოა და ისინი არასწორად მიწოდებული ინფორმაციის გამო შეცდომაში არიან შეყვანილი. თუ საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობასთან, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა კი, საზოგადოება, რომელიც მოუთმენლად ელოდება საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და რაც მთავარია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს, ყოველგვარ მსგავს შენიშვნას, გაჟღერებულს ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, მტკივნეულად განიცდის", - განაცხადა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×