"რუსთავი 2"-ის შენობაში შევარდნა და ნიკა გვარამიას ძალით გამოყვანა არ მოხდება, მაგრამ დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დროებით მმართველობას დაუყოვნებლივ მაინც შეუდგებიან, ოღონდ არა შენობაში შესვლით, არამედ გარედან, დისტანციურად.
იურისტების თქმით, ეს შესაძლებელია და ასეთი გადაწყვეტილება ესკალაციის რისკს გაანეიტრალებს. შეხლა-შემოხლამდე საქმე არ მივა და მეტ-ნაკლები სტატუს-კვო შენარჩუნდება, ოღონდ, ესეც იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლომ კიდევ რაიმე ახალი უეცარი გადაწყვეტლება არ მიიღო და ტემპერატურის აწევა ხელოვნურად არ გამოიწვია.
ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკები პირობას დებენ, რომ დროებითი მმართველების ტელეკომპანიის შენობაში შესვლა იძულებით არ მოხდება. თავად ქიბარ ხალვაშის ადვოკატიც აცხადებს, რომ ძალით შევარდნა მათ ინტერესშიც არ შედის. თუმცა, იურისტების თქმით, ტელეკომპანია მმართველის გარეშეა დარჩენილი და ეს სამართლებრივ ვაკუუმს იწვევს: ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის უფლებამოსილება სასამართლოს განჩინების თანახმად უკვე შეჩერებული აქვს, ხოლო ასევე სასამართლის მიერ დროებით მმართველებად დანიშნულ დვალსა და საყევარიშვილს ტელევიზიაში შესვლის უფლებას თავად ტელეკომპანიის დღევანდელი მმართველები არ აძლევენ.
პარასკევს გვარამიამ განაცხადა, რომ ის "რუსთავი 2"-ის შენობის დატოვებას არ აპირებდა და ტელეკომპანიის ცნობილი სახეები ყველას სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად შენობასთან მისვლისაკენ მოუწოდებდნენ.
ამის შემდეგ დროებით მმართველებად დანიშნულმა პირებმა წამოაყენეს წინადადება, რომ განჩინების საბოლოო გასაჩივრების დასრულებამდე ისინი კომპანიაში არ შევიდოდნენ და არხის ამჟამინდელ მფლობელ ძმებ ყარამანიშვილებს მმართველად საკუთარი კანდიდატურის წარდგენა შესთავაზეს. თუმცა, ყარამანიშვილებმა შეთავაზება არ მიიღეს და საპასუხოდ განაცხადეს, რომ ეს ცინიზმია და დვალთან და საყევარიშვილთან მათ არაფერი აქვთ სალაპარაკო.
რა იქნება შემდეგ? ვინ და როგორ უნდა მართოს კომპანია?
"რუსთავი 2"-ს ადვოკატი თამთა მურადაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასამართლო განჩინების შემდეგ, გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას უფლება არ აქვთ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებებს ან განახორციელონ იმ ქმედებები, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში კანონით ჰქონდათ მინიჭებული. ეს პრობლემებს ქმნის, თუმცა ტელეკომპანია მაუწყებლობას მაინც შეძლებს და ისინი იმუშავებენ ისე, როგორც აქამდე მუშაობდნენ.
"რეკლამები არ შეწყდება, მედია ბაზარზე სარეკლამო დრო იყიდება ე.წ. სელფჰაუზის, გაყიდვების სახლის მეშვეობით. სელფჰაუზი ცალკე შპს-ა და ნებისმიერ დამკვეთს, რომელსაც "რუსთავი 2"-ზე რეკლამის განთავსება უნდა, შეუძლია მივიდეს ამ კომპანიაში და შესაბამისად, სარეკლამო დროის გაყიდვა შეიძლება გაგრძელდეს.
"შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თითოეულ თანამშრომელს რა ფუნქციაც და ვალდებულებაც გვქონდა, ის გაგრძელდება. მე, როგორც იურისტი, გავაგრძელებ სამართლებრივ რჩევებს, ჟურნალისტი - გაშუქებას და ბუღალტერი - თავის ბუღალტრულ საქმიანობას. ამას გვარამიას ნებართვა არ სჭირდება.
"ხოლო ის საკითხები, რაზეც უშუალოდ საჭირო იყო ნიკას ხელმოწერა, შეჩერდება. მაგალითად, ხელშეკრულებებს ვეღარ დავდებთ; თუ ბანკს დასჭირდებოდა ხელმოწერა ან ავტორიზაცია, ეს ვერ მოხდება; მე, როგორც "რუსთავი 2"-ის ადვოკატს, სასამართლოში ტელევიზიის ინტერესების დასაცავად მქონდა გვარამიას ხელმოწერილი მინდობილობა და ეს უფლებამოსილება შემიწყდა და ამიტომაც ახლა განჩინების გასაჩივრებას ტელეკომპანია "საქართველოს" იურისტები შეეცდებიან.
"ძალიან ბევრი შიდა დეტალია. საბანკო ანგარიშებზე ყადაღა არ იდო, თუმცა, ახლა რა მოხდება და იქნება თუ არა შეზღუდვა, არ ვიცი. ალბათ შესაბამის შეტყობინებას ბანკისგან უნდა დაველოდოთ", - ამბობს მურადაშვილი.
მისი თქმით, თუკი დვალი და საყევარიშვილი შეასრულებენ იმ პირობას, რომ გასაჩივრების ბოლომდე დროებით მმართველებად არ შევლენ ტელევიზიაში, მათ დაახლოებით 3 თვე ექნებათ და ამ ვადაში როგორმე შეძლებენ ფუნქციონირებას, ხოლო შემდეგ კი, ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოში სარჩელს აუცილებლად მოიგებენ და დროებითი მმართველები არ დასჭირდებათ.
განჩინების გასაჩივრებასა და გადაწყვეტილების გამოტანას ჯამში დაახლოებით სამი თვე სჭირდება. გასაჩივრება 5 დღის ვადაში უნდა მოხდეს, შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 20 დღის ვადაში უნდა გასცეს საჩივარს პასუხი, რომელიც დიდი ალბათობით საკუთარ გადაწყვეტილებას არ გადათქვამს, რის შემდეგაც საქმე სააპელაციოში გადავა, სადაც განხილვის 2-თვიანი ვადაა.
"იმდენად დაუსაბუთებელია, იმდენად არაკონსტიტუციურია სასამართლოს განჩინება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი სარედაქციო პოლიტიკაში ერევიან, რომ იმედი მაქვს, სააპელაციო ამას ძალაში არ დატოვებს", - ამბობს თამთა მურადაშვილი.
მისივე თქმით, თუკი სააპელაციოც ძალაში დატოვებს დღევანდელ განჩინებას დროებით მმართველებთან დაკავშირებით, შემდეგ გვარამია მხრიდან არდათანხმება უკვე სხვა სივრცეში გადადის და ამიტომაც სხვა ღონისძიებების გატარება მოუწევთ.
"თუ კანონიერ ძალაში შევა ასეთი გადაწყვეტილება, ძალისმიერად წინააღმდეგობას ვერ გავწევთ. რა მოხდება, წინასწარ ამის თქმა ძნელია, მაგრამ მანამდე სხვა სამართლებრივ მექანიზმებს მივმართავთ. რაღაცას მოვიფიქრებთ," - ამბობს მურადაშვილი და დასძენს, რომ თუკი აღმასრულებლები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებამდე მივლენ კომპანიაში, რისი უფლებაც კანონით მათ აქვთ, ნიკა გვარამია წინაღმდეგობას გაუწევს.
"გვარამიას პოზიცია თქვენ იცით, ის შენობის დატოვებას არ აპირებს. დანარჩენი ვნახოთ. ალბათ გადაწყვეტილებას სიტუაციის მიხედვით მივიღებთ. როდესაც არაკონსტიტუციურად და კანონსაწინააღმდეგოდ გიზღუდავენ უფლებას, ლეგიტიმური უფლება გაქვს პროტესტი გამოხატო და საკუთარი უფლებები დაიცვა. ალბათ ნიკა გვარამია სწორედ ამას ეყრდნობა და აქედან გამომდინარე აცხადებს, რომ არ დაემორჩილება განჩინებას.
"პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ შეიარაღება და პოლიციის მოსვლა არ მოხდება, მაგრამ რეალურად არ ვიცით, რა მოხდება. მეორე მხარე ძალიან არაპროგნოზირებადია," - აცხადებს თამთა მურადაშვილი.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას თქმით, მისი პირადი პოზიციაა, რომ რადგანაც ყარამანიშვილების მხრიდან შერჩეულია კონფრონტაციული ტონი, ამიტომ უმჯობესია დროებითმა მმართველებმა რაიმე გზა გამონახონ და იმ ფუნქციების განხორციელებას შეუდგნენ, რაც კანონით ევალებათ.
"ელექტრონული სისტემები არსებობს და თუკი გვარამიას ავტორიზაცია აქვს, დღესაც შეუძლია განახორციელოს ტრანზაქციები და შემდეგ ეს დროებით მმართველებს დაბრალდეთ. მე არანაირი უფლება არ მაქვს დროებით მმართველებს მითითება მივცე და მათ არც შევხვედრივარ, მაგრამ ჩემი აზრია, რომ დროებითმა მმართველებმა რაღაც ღონისძიებებს უნდა მიმართონ და მოქმედება დაიწყონ.
"მათი პრობლემაა ამ ყველაფერს როგორ მოახერხებენ. ამ პროცესებში მე ვერ ჩავერევი და მითითებას ვერ მივცემ.
"ყარამანიშვილებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი დროებით მმართველებთან სასაუბრო თემას ვერ ხედავენ. ეს სიტუაციის ესკალაციის მცდელობაა. მგონია, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის ბედზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე არ ფიქრობდნენ.
"დროებითი მმართველების გარდა, არ არსებობს სხვა პირი, ვისაც კომპანიის სახელით რაიმეს განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია. ჩვენ გვაღელვებს ის, რომ არ შეფერხდეს კომპანიის საქმიანობა და მან ზიანი არ განიცადოს. ჩვენს მოქმედებებზე ჩვენი მოწინააღმდეგის ყოველი საპასუხო მოქმედება მაძლევს გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ მათი ინტერესი არ არის კომპანიის სტაბილურობა, მიზანი ცოტა სხვა რამეა, თუნდაც იმ საუბრებიდან გამომდინარე, როდესაც მესამე პირები კომპანიის ხელმძღვანელობას არეულობის მოწყობაზე აძლევდნენ დავალებებს," - აღნიშნავს სალია.
ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, თუკი დროებით მმართველებს ტელეკომპანიის შენობაში არ უშვებენ, დისტანციური მმართველობა უნდა მოხდეს.
"აუცილებელი არ არის ფიზიკურად შენობაში შესვლა, შესაძლებელია ამის რეგულირება სხვანაირი, მშვიდობიანი გზით. შეიძლება იგივე საბანკო დაწესებულებებთან, იგივე საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციის დამყარება და ასევე გარკვეული მუშაობის დაწყება კონკრეტული პირებისაგან.
"არიან ბუღალტრები და შესაძლებელია მათთვის დავალებების მიცემა და განხორციელება. მათ არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს მიერ დანიშნული პირების დავალებას. შესაბამისად, ის კონფრონტაციული ტონი, რაც დღევანდელ უფლებაშეჩერებულ ხელმძღვანელს აქვს, არაფრის მომცემია კომპანიისათვის და აზარალებს მას," - განმარტავს სალია.
ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში დისტანციურად კომპანიის მართვა შეუძლებელი არ არის, ამაზე იურისტი ლევან ალაფიშვილიც საუბრობს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის შენობა იქნება მედიაპროდუქტების საწარმო, რომელიც გარედან იმართება.
"ეს დავალებაა, ვალდებულებაა და დვალმა და საყევარიშვილმა სასამართლოს განჩინება უნდა შეასრულონ. გონივრულიც და სამართლებრივადაც სწორი იქნება, თუკი ისინი ფიზიკური ესკალაციის მცირე შანსსაც გამორიცხავენ და კომპანიის აქტივებსაც დაიცავენ გაუფასურებისაგან. ამავე დროს არ შეფერხდება კომპანიის ფუნქციონირება და თუკი საბანკო გადარიცხვა თუ კონტრაქტების დადება იქნება საჭირო, ეს ყველაფერი "რუსთავი 2"-ის ოფისს გარეთაც შეიძლება გაკეთდეს.
"თეორიულად, თუკი ვინმე, მაგალითად, ბუღალტერი არ დაემორჩილება დროებით მმართველს, პოლიციაც არ არის საჭირო, ისე შეიცვლება. საგადასახადო ორგანოსთან თუ საბანკო დაწესებულებებთან კომუნიკაციით იქნება შეცვლილი. არ მგონია ასე მოხდეს, მაგრამ თეორიულად ვმსჯელობთ.
"შრომით ურთიერთობებში არდამორჩილება - ეს სასაცილოა იმ პირობებში, როდესაც ზედა მენეჯერს რჩება ამ თანამშრომლის დათხოვნის საშუალება. ნებისმიერ შემთხვევაში პროცესები, როგორი რთულიც უნდა იყოს, კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს", - ამბობს ალაფიშვილი.
მისი მტკიცებით, თუკი დროებითმა მმართველებმა არ განახორციელეს სასამართლოს მიერ დავალებული ვალდებულება, სამართლებრივი ვაკუუმი შეიქმნება. ასე გარედან მართვა კი სიტუაციის ესკალაციის შესაძლებლობასაც გამორიცხავს, თუმცა რისკებს - არა.
"საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ, არ ვფიქრობ, რომ იმაზე მეტად გაიზარდოს მხარდამჭერთა რაოდენობა და მოხდეს ტემპერატურის მატება, რაც არის. არც იმას ვფიქრობ, რომ ისეთი შედეგი მივიღოთ, რაც სამოქალაქო სტაბილურობას შეარყევს. თუმცა, ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით პრობლემა შეიძლება შეიქმნას, თუკი მხარეთა ქიშპობა ასე გაგრძელდა," - ამბობს ალაფიშვილი.
მისი თქმით, მაგალითად, შესაძლოა ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა განაცხადონ უარი მუშაობაზე და დატოვონ არხი იმ მიზეზით, რომ ახალი მმართველები მათ ისეთ პირობებს სთავაზობენ, რაც მათთვის არაოპტიმალურია, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. თვლის, რომ ამას გარკვეულწილად ქიბარ ხალვაშის განცხადებამაც შეუწყო ხელი ზონდერ ჟურნალისტებისა და უსაქმურების არშენახვის თაობაზე.
ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ სასამართლოს მხრიდან იქნეს მიღებული რაღაც ახალი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება სურათი რადიკალურად შეცვალოს.