საქართველოს პარლამენტმა "რუსთავი2"-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტის განცხადებში საუბარია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე, მიმდინარე დავის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებაზე.
როგორც პარლამენტში ამბობენ, არსებობს გარემოებები, რომელნიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. მათი თქმით, ერთ-ერთი გარემოებაა ის, რომ ამ მოსამართლეებს ახლობლური ურთიერთობა აკავშირებთ ნიკა გვარამიასთან.
"მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე, ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას", - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
"როგორ ფიქრობთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე საქართველოს პარლამენტს უნდა მიემართა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "ძალიან რთულია, ისაუბრო საკონსტიტუციო სასამართლოზე, ვინაიდან მისი დამოუკიდებლობა უნდა იყოს ხელშეუხებელი, მაგრამ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები (არა მიღების პროცესში), რაც საკონსტიტუციო სასამართლომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და მიხეილ სააკაშვილზე მიიღო, აშკარად ტოვებს დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებების ელფერს. ქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს ეჭვები პარლამენტსაც გაუჩნდა.
მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებს მე ძალიან კარგად ვიცნობდი, იგივე კოტე ვარძელაშვილს, ვისზეც არის საუბარი და ვიცი მისი ურთიერთობები ნიკა გვარამიასთან, თუ მიხეილ სააკაშვილთან და ვფიქრობ, ძალიან საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს ადამიანები იყვნენ მიკერძოებულები.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კანონის სრული დაცვით და არა მიკერძოებით, ან პირადი ინტერესებით. თუმცა, ვერავის დააჯერებენ, ვერც საქართველოში და ვერც მის ფარგლებს გარეთ, ვერცერთ ობიექტურ დამკვირვებელს, გადაწყვეტილების მიუკერძოებლობაში, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ასეთი ოპერატიული არასდროს ყოფილა და არც არასდროს მიუღია ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.
ეს კი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ იკვეთება ინტერესები მხარის მიმართ. ამის აღკვეთა პარლამენტის მხრიდან როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი, მაგრამ აუცილებელი რომ არის - ცხადია".
ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი, დემოკრატიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი): "პარლამენტის განცხადების შინარსს ზუსტად არ ვიცნობ, მაგრამ თუ ეს ფაქტი სიმართლეა, მაშინ აცილება ჩვეულებრივი და ძალიან სწორიცაა.
თუ დასტურდება, რომ მოსამართლეები ახლო ურთიერთობაში არიან ნიკა გვარამიასთან, ეს ფორმალური საფუძველია იმისა, რომ მოხდეს აცილება. ეს ის პროცედურაა, რომელიც გამოიყენება ხოლმე ასეთ სიტუაციებში მოსამართლესთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მე არც მიკვირს, რადგან იქ ბევრი ყოფილი პროკურატურის მაღალჩინოსანი მუშაობს".
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): "იქიდან გამომდინარე, რომ იურისტი არ ვარ და ესე ზუსტად არ ვიცი, კონსტიტუციურად რამდენად ჰქონდათ ამის უფლება, უნდა მიემართათ, თუ არ უნდა მიემართათ, მაგრამ რამდენიმე კომპეტენტური ადამიანის მოსაზრება წავიკითხე ამასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, რომ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა პარლამენტი მხარის საქმეში, მითუმეტეს იქ, სადაც ეჭვია, რომ "რუსთავი2"-ზე ზეწოლა მიდის, მითუფრო შეუბღალავი დარჩება ეს ინსტიტუცია. "რუსთვი2"-ის საქმეში ძალიან ბევრმა ინსტიტუციამ გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა.
ძალიან არ მინდა, რომ ეს პარლამენტიც იმ სახელმწიფო უწყებების რიგში ჩადგეს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ახორციელებენ გავლენას იმაზე, რომ ეს პროცესი დასრულდეს არა "რუსთვი 2"-ის სასარგებლოდ".
თედო დონდუა (ისტორიკოსი): "პარლამენტი ძალიან სწორს აკეთებს, რომ ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლო გამოიყვანოს "ნაციონალური მოძრაობის" წნეხიდან. ეს ტელევიზია წლების განმავლობაში იყო ტირანული ანტიეროვნული რეჟიმის მხარდამჭერი. ახლა გაახსენდათ სიტყვის თავისუფლება?!
ხალხს რომ ხოცავდნენ, მაშინ რატომ უკრავდნენ ტაშს?! რა სასამართლოზე და რა სიტყვის თავისუფლებაზეა საერთოდ საუბარი, როცა პირდაპირ მუქარა და მოწოდებაა მათგან, მოუსმინონ ჩანაწერებს"...
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე