ზაალ გიგინეიშვილი
11.11.2015

1993 წელი იქნებოდა, ახლანდელ გალაკტიონის ხიდზე გადავდიოდი ვერიდან იქეთ, რომ შემხვდა უნივერსიტეტის რაგბის გუნდის კაპიტანი, ქუთაისელი ლაშა და მითხრა, "რეზონანსის" რედაქტორად დავინიშნე და რამეს ხომ არ დაგვიწერო. ვერა-მეთქი, "სარბიელი" უნდა აღდგეს და ჯამაგირსაც გვიხდიან. მერე და მერე ლაშა მგონი, ტორონტოში წავიდა და პროფესორი გახდა, მე კი რომ დამჭირდა ფსევდონიმი, "რეზონანსის" ხათრით "რეზო ნემსაძე" ავიღე.

"სარბიელს" ვცემდით, რომ შევნიშნეთ, ფანი გამოგვიჩნდა სწორედ რომ "რეზონანსში" და ჩვენი ქებაც აღავლინა სვეტად. ეგ გამოდგა "ძია ევგენი", მგონი, საპარლამენტო კორესპონდენტი, მრგვალბაღელი გიო ახვლედიანი. მაგ დროს უკვე დაეწერა "ყარაბაღი" და ეგრე, შორიდან ვიცნობდით. სპორტიც ძაან უყვარდა და მალევე გადმოვიბირეთ მესვეტედ.

ჩვენთანვე, კონკურსისთვის, უცებ, დილაობით შეთხზა "მადათოვი", მე კი უფროსობა უშნოდ გადამეკიდა და გამაგდო რაღაც მოგონილი მიზეზით. ეგრე აღმოვჩნდი ცოტა ხნით ერთ, ჩემთვის ერთობ უცხო მორალის მქონე, სპორტთან მანამდე მწყრალ გაზეთში, რომელსაც "რეზონანსიდან" ლტოლვილი განყოფილება შეეფარებინა. ჰოდა, მაგისმა უფროსმა მოგვიწყო ქართულ სინამდვილეში პირველი "რეალითი შოუ": ყოველი თვის ბოლოს თითო უვარგისს რომ გვაგდებდა, მეორე მე გამოვდექი.

აი, მაგ დროს მიშველა ჩვენმა გიომ და თავის ყოფილ უფროსს, სიყრმიდანვე მორაგბეს, ეაჯა, მიიღეო. ისიც დამელაპარაკა ჩემი შუათანა ვაჟის, ლუკას თანხლებით და 1998 წლის მაისის დასაწყისში სამი წვრილშვილის პატრონი, "დროებით უმუშევარი" მამა ეგრე აღმოვჩნდი დიდუბეში, ელიავას ბაზრობასთან, ვანის ქუჩის პირდაპირ რომ ჩასახვევია, იქ მდებარე კუთხის ეზოში, "ექსზავოდ" "პიშჩე მაშში".

არავის ეჩქარებოდა

გამოგიტყდებით, თავიდანვე დავიზაფრე. გამეგონა, რომ "რეზონანსი" იყო მარჯანიშვილის მეტროს თავზე თუ რომელიღაც რადიოქარხანაში, აქ კი დამხვდა 4-სართულა რუხი შენობა, მოუვლელი ეზოთი და ორი ბნელი შესასვლელით, გადაყრილ ნახაზთა კინძულებითა და უჟანგავი ლითონის ვეება, რამდენიმეტონიანი ცისტერნებით. მეტიც, ელიავას მხრიდან უცნაური მძაფრი სურნელი იდგა და ეგ დეფიციტური საამქროც ერთი ხანობა საძებარი მქონდა სართულ-სართულ.

ბედად, ხალხი დამხვდა კარგი. 21 ნომერ "იკარუსსაც" მალე გავუშინაურდი, მერე კი "ხრისტომ" - ნატოში ინტეგრაციის მომავალმა ექსპერტმა - ნომერ 145 მარშრუტკაც დამამუღამებინა და შუა დიდუბიდან ეგრე კომფორტულად მოვბრძანდებოდი ხოლმე ბარნოვისა და ნაფარეულის გადაკვეთამდე, რაიც ხელის ერთ გაწვდენაზეა ზემო ვერიდან, სადაც 1970 წლიდან ვსახლობ.

აქამდე მემუშავა ორ სპორტულ გაზეთში, "რეზონანსში" კი ჭრელი საზოგადოება დამხვდა: პოლიტიკა, ეკონომიკა, კრიმინალი, კულტურა, ჩანართები. გაზეთის წყობის სისტემაც სხვანაირი ჰქონდათ და სხვაგან ნანახზე უფრო მოწინავეც. შევეკარი დე-ფაქტო კოლეგებს, ანუ დამკაბადონებლებს. ავითვისე, უფრო კი დავიპყარი, "ა3" ფორმატის პრინტერი, რასაც უფროსობა გაგებით მოეკიდა - ბეჭდოს, რაც უნდა, ეგეთს რას გვაზარალებსო.

თათბირები არასოდეს მიყვარდა, აქ კი თითქმის აღარ მეხებოდა. მკაცრი რეჟიმიდან აღმოვჩნდი ნახევრად ბოჰემურ გარემოში. თანამშრომელთა უმეტესობა ჯეელი იყო, უხაროდა ერთად ყოფნა და მაინცდამაინც არც შინ მიეჩქარებოდა. სტამბაც იქვე გვქონდა - პირველ სართულზე. ჰოდა, ღამის ოთხამდე წელავდნენ პროცესს, დამწერები კი საოჯახო საქმეთა მოლევის შემდეგ რამდენიმე საათით შევივლიდით "რედაქციაში" და თუ არ მეშლება, სადღაც ათ-თერთმეტზე ვაბარებდით სტატიებს.

აიეტი და ჰეროუზი

სპორტში ათამდე ვიყავით: რედაქტორები ზვიადი და კაკო; უნივერსალები ბესო და ხრისტო; ავტოსაქმეზე გადაგებული მერაბი; თავისუფალი მხატვარი კობახიძე; ალექსა, ვინაც ერთ წელში ამერიკაში წავიდა, ახლა კი ზღაპრებსა წერს; მამაჩემის კლასელი ბატონი შალვა - მიშა მესხის ტრფიალი და ჭარმაგი ვერის ბაღელი; "კვარა" - ჩემი ძველი ძმობილი, აწ უკვე უეფას კომისარი; მერე ერთი, შვედეთში წასული გოჩა შეცვალა მეორემ; დამწყებები - ლაშა თაბაგარი და დათო მანჯავიძე; და ორი, გაზეთიდან გაზეთში მოხეტიალე ლევანიც - კელაურაძე და ჯავახიშვილი.

ახლოს გვქონდა ბაზრობის "ზაბეგალოვკები", "ამალთეა" და საჩაიე "ლილი". გვიყვარდა ლუდი და ნეკნები. გაზეთი მესამე სართულზე ვიყავით, მეორე კი რადიოებს - "რეზონანსსა" და "ას ხუთს" ეკავათ. ინტერნეტი რომ ჭირდა, ხოლო მაგათ გაზეთზე ჩქარი "დაიალ აპი" ჰქონდათ, ვაკითხავდით და გვიშვებდნენ. ასე, ნელ-ნელა შევუამხანაგდით დიჯეებს და "დედის როკის" ზე-ჰითის, "დედის ყორღანის" ჩაწერაც ყურ-და-ყურ ვისმინეთ მთელი თვე.

მოდიოდა ლტოლვილი ძია და მოჰქონდა ტარხუნიანი მჭადი და ყველი. რადიო 105-ის არტებით ცნობილ "დეიდა ნათელას" ამაოდ ვემუდარებოდით, სველ ჩვარს ნუ უსვამ ვეება, რკინის, კუსტარულ კვების ბლოკს, თორემ დენი დაგარტყამსო. ეგ "მახინა" სპორტის ოთახში გვედგა და რაკი "აიეტიანი" ტელევიზორი და ვიდეოც ჩვენსავე ხელში იყო, მთელი რედაქციის "ჰაბი" (სული და გული) ვიყავით - ყველანი სპორტში იყრიდნენ თავს.

ზვიადმა თავიდანვე გამომიყო ცალკე კომპუტერი - სერვერად ნამუშევარი და ბახვას ნაქონი "ბე-ემ-ზე". იმხანად დივიდი დისკს ვინ ჩივის, სიდიც კი ბარემ თუმანი ღირდა, ხოლო ფლეშ-მემორი და მოსახსნელი ვინჩესთერი არც არსებობდა. არქივს მაინც ვაგროვებდი და მერე და მერე წამოვიღე, რედაქციის - ოღონდ არა ჩემი - საყვარელი გასართობი კი იყო "ჰეროუზის" (გმირები) თამაში. ჰოდა, შეფი რომ დააცხრებოდა ამ წმინდა რიტუალით გართულებს, სასჯელად... ღამით ვინჩესთერს მოუხსნიდა.

სერვერი და შიდა ქსელიც ფრიად პატივში გვყავდა. ტექსტს ვკრეფდით "მულტი ედიტით", რომელიც იმდენად სადა და მძლავრი იყო, რომ მერე, ბარემ ათი წელი, "ოლიმპიც" ხმარობდა. გაზეთი "პეიჯ მეიქერით" ეწყობოდა, ჟურნალები - "კვარკით". ამისი მცოდნეები - მახო და "ზალატნიკა" ფასობდნენ. საკაბადონოს ჯეელებს შაყირიც ეხერხებოდათ: ეკონომიკისა და კრიმინალის გოგოებს ეტყოდნენ, შეისვენეთ, სერვერი "ჩერეზ სტალკერ" უნდა გავუშვათო, და ესენი კაკუნიდან ჭორაობაზე გადადიოდნენ.

ოლიმპიური ოინი

რომ მივედი, ძალის ძალად ჩამაბარეს კრივი, ჩოგბურთი, შინაური რაგბი, ნბა და ნჰლ, მაგრამ თავი თანდათან დავიხსენი და საყვარელ დარგს - ზეპურ რაგბს დავეწაფე. "ხრისტოს" რომ დაევალა კვირეული ჩანართი "მეოთხე ტაიმი", გავაჩაღე წერა კრიკეტზეც, რომელიც "აიეტზე" გადიოდა მაინცდამაინც მაშინ, როცა ბიჭები ფეხბურთს ელოდნენ. ამით გაკეთდა საშვილიშვილო საქმე - შეიქმნა "ბრიტანული ჩილკა-ჯოხის" ქართული ტერმინოლოგია!

დღესდღეობით საქართველო და რუმინეთი "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის" რომ რაგბობენ, ეგრე ეგ ჯილდო რეზონანსელმა ლევან კელაურაძემ მონათლა. შევადგინე 1999 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჩანართიც, უდიდესი ოინი კი 1 აპრილს მოვაწყვეთ - ჯავახიშვილმა მოიგონა, ოლიმპიური ქარტიის არსებითი მუხლები დაარღვია საქართველომ და სიდნეის თამაშებიდან რიცხავენო.

ლევანმა ცრუ საბუთი ამაწყობინა ინგლისურად, ოლიმპიადის ლოგოთი და მახვშების ხელრთვით, კომენტარად კი დაურთო, რიგითმა სპორტის მოყვარულმა და ჟურნალისტმაც შეიძლება ძირის ძირამდე ვერ იცოდეს ქარტია, მაგრამ ქართული სპორტის მმართველებმა კი, ეტყობა, მართლა ძაან დააშავეს და ახლა ეგღაა საკითხავი, რა პასუხს გასცემენ ათლეტებსა და ერსო.

ეგეთი რამეები იმ დროს ძაან ახალი ხილი იყო. ნაყალბევი ჭაშნიკად კრიმინალის "განყის" მანდილოსნებს წარვუდგინეთ და ეჭვი მათაც კი ვერ აიღეს. არადა, ვუთხარით, ფაქსი მოვიდაო და ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდილი, ქათქათა თაბახი დავანახეთ. ჰოდა, რომ გამოიცა ნომერი, ატყდა ერთი ვაი-უშველებელი... რეკდნენ რედაქტორთან: რას გვერჩით, სახელს რად გვიტეხთ და უფალი სამარანჩიც რომელი თქვენი... ოღრაშიაო!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×