ახლახან ერთ-ერთ საინტერესო წიგნში ამოვიკითხე, რომ ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის 10 000-საათიანი პრაქტიკაა საჭირო. იმავე პერიოდში ჩემი მეორე წიგნი გამოვიდა, რომელიც ბევრმა შემიქო და მე მაშინვე 10 000-საათიანი პრაქტიკის ამბავი გამახსენდა და მერე ისიც გამახსენდა, სად მივიღე ეს პრაქტიკა (მთლიანად თუ არა, დიდი ნაწილი მაინც) - "რეზონანსში"!
აქ ვწერდი, ვთარგმნიდი, ვთხზავდი... თავიდან ვწერდი კალმით და მერე "მემანქანეები" ბეჭდავდნენ. მალე მეც ვისწავლე კომპიუტერზე ბეჭდვა. სულ თავიდან ვწერდი ახლად გამოცემულ საინტერესო წიგნებზე, რომლებიც თბილისის ქუჩებში იყიდებოდა (90-იანი წლების შუაგული იყო, თვეში ერთი-ორი საინტერესო რაღაც თუ გამოჩნდებოდა ხოლმე, როგორც წესი, რუსეთში გამოცემული), შემდეგ მომანდეს კულტურის გვერდი "კვირის რეზონანსში", შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკა, შემდეგ სპორტული დამატებაც ჩამაბარეს. მოკლედ, ყველაფერზე ვწერდი...
ერთი პერიოდი "ვწერდი" ამინდსაც. მე და ჩემს მაშინდელ მეგობარს, გიო ახვლედიანს დაგვავალეს ამინდის პროგნოზი ხატოვანი, სახალისო ენით დაგვეწერა. თავიდან გამიხარდა (ცოცხალ კლასიკოსთან ერთად მე გამომარჩიეს), მაგრამ მერე ეს ამბავი ტანჯვად მექცა. ყოველდღე ამინდზე საინტერესოდ წერა რთული იყო და ყოველი სამუშაო დღე ჩემი და გიოს ჯაჯღანითა და ჩხუბით იწყებოდა: არა შენი ჯერია, არა შენიო - ვარჩევდით საქმეებს.
პიკს 1997-98 წელს მივაღწიე - ყოველდღე მინიმუმ გაზეთის ორ გვერდს ვავსებდი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ დავწერე ფინალის სამგვერდიანი წინასწარი მიმოხილვა და ერთი გვერდი საერთაშორისო ეკონომიკის მიმოხილვა. თანამშრომლები ჩემზე ამბობდნენ, ეს კაცი სამსახურიდან თუ არ გააგდეს, ხელში ჩაგვაკვდებაო.
არ ჩავაკვდი, რადგან ამ გიჟური მუშაობის პარალელურად, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად კარგ ჭამა-სმასაც და გართობასაც ვასწრებდით. სამი-ოთხი კაცი სპორტული განყოფილებიდან განსაკუთრებით გადაბმული მეგობრები ვიყავით. ამ განყოფილებაში, ბუნებრივია, სულ მამაკაცები ვმუშაობდით და მთელი დღე კაცური ხორხოცი გვქონდა ხოლმე. იქვე იყო კარგი ტელევიზორი და სატელიტური ანტენები, რომელთა წყალობითაც ფეხბურთის მატჩებს ვუყურებდით. მეტი ბედნიერება ვერ წარმოგვედგინა.
ეს იყო ადგილი, სადაც წერის გარდა, ადამიანების გარჩევაც ვისწავლე. ყველგან რაღაც მაქვს ნასწავლი, მაგრამ 10 000-საათიანი პრაქტიკა სხვაგან არსად მიმიღია...