გია იაკობაშვილი
11.11.2015

"იყიდება ერთოთახიანი სუფთა ბინა, რკინის კარებით, მანქანის გასაჩერებელი ადგილით, მეტრო "დელისთან". ფასი 1900 დოლარი. ტელ 95-46-62. იკითხეთ მერაბა" - ასეთი იყო პირველი ტექსტი, რომელიც "რეზონანსში" გამოვაქვეყნე. 1995 წლის გაზაფხული იდგა, თავიდან ვიწყებდით ცხოვრებას, მშენებლები არავის სჭირდებოდა, უმუშევარი ვიყავი და კვირაში ორჯერ-სამჯერ მარჯანიშვილზე "რეზონანსის" სარეკლამო განყოფილებაში შევირბენდი ხოლმე. იქაურებს ვიცნობდი, სახლთანაც ახლოს იყო. თან მომწონდა, იქ რომ რაღაცას დაბეჭდავდნენ და მე უკვე ვიცოდი ის, რაც მეორე დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუნდაც ისეთი ყველაზე უბრალო რამ, როგორიც არის განცხადება ბინის გაყიდვის შესახებ.

იმ ტექსტმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. მერაბი ჩემი ბავშვობის მეგობარია და თავად ვიყავი მომსწრე, როგორ იღებდა ყოველ ხუთ წუთში ტელეფონის ყურმილს: "მერაბა არა, მერაბი... იცით, ქალბატონო, ჩემი ტელეფონის ნომერი შეცდომით არის მითითებული. არ ვყიდი ბინას... მერე რა, რომ გაზეთში ეწერა? შეცდომაა, ქალბატონო". მერე მომიტრიალდებოდა და მეტყოდა: "ეს რა შარში ვარ, ტო, მივუვარდები რედაქციას და ეგ იქნება". შემდეგ, დაიღალა და ზარებს ასე პასუხობდა: "გაიყიდა, ქალბატონო, გაიყიდა..."

წლების შემდეგ, როცა მერაბმა უკვე იცოდა, რომ ის ხუმრობა ჩემი ნამოქმედარი იყო, მისმა მეუღლემ, ლელამ, რომელიც ჩემი რეზონანსული ხუმრობის დროს ჯერ კიდევ არ იყო მერაბის მეუღლე, მითხრა: ერთხელ, რომ დავრეკე და მერაბი ვიკითხე, მაყვალამ (მერაბის დედამ) მიპასუხა - გაიყიდა, შვილო, გაიყიდაო.

პირველი სტატია "რეზონანსში" ორი წლის შემდეგ გამოვაქვეყნე, როდესაც გადავწყვიტე, როცა დიდი გავიზრდებოდი, ჟურნალისტი უნდა გამოვსულიყავი. არადა, უკვე 30 წლის ვიყავი. შემდეგ იყო მეორე სტატია, მესამე, მეოთხე და... ამით დავამთავრე. ჩავთვალე, რომ ახალი ცხოვრების დასაწყებად ძალზედ ბებერი გახლდით. წარმოიდგინეთ, 30 წლის ახალბედა და იქვე, 24-25 წლის ნამდვილი ვარსკვლავები: ელისო ჩაფიძე, რუსიკო მუმლაძე, ზაირა მიქატაძე, ალეკო ცქიტიშვილი, ზვიად შვანგირაძე, ლალი შალვაშვილი, გიორგი კალანდაძე, ხათუნა ბიწაძე, აკაკი გვიმრაძე, ლევან კელაურაძე, ლალი გალუმაშვილი, გოჩა ლობჟანიძე, მარიანა იმნაძე, თინიკო მოსიაშვილი... ყველას ვერ ჩამოთვლი.

მხოლოდ ამირან ძოწენიძე, გია ყანდაშვილი და ზალიკო გიგინეიშვილი იყვნენ ასაკით ჩემზე უფროსები.

მოკლედ, დავიხურე ქუდი და წამოვედი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი და თითქმის ოთხი წელი ვიმუშავე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 14 წელია, "რეზონანსში" აღარ ვარ, მაინც "რეზონანსში" ვარ. სხვა სითბოა, სხვა სიყვარული და სხვა კმაყოფილება. სიამაყე. მაშინ და იქ გადაღებულ ფოტოებს რომ ვათვალიერებ და ჩვენს გაღიმებულ სახეებს ვხედავ, მეცინება, ვცდილობ, გავიხსენო, რა მოხდა იმ დღეს, ან წინა დღეს. ვინ მოგვივარდა - წითელი, შავი, ყავისფერი, მწვანე თუ უფერული, ვის რა უნდოდა, რას გვერჩოდა, რას ითხოვდა... ეს - ფერების მიხედვით, თორემ უფერულები ყველანი ერთნაირები იყვნენ და კითხვაც ერთადერთნაირი ჰქონდათ - "ვის დაკვეთას ასრულებთ?"

დამკვეთი კი ყოველთვის იყო - მრწამსი. რაც გვწამდა და რასაც ვფიქრობდით, იმას ვწერდით. ვუსმენდით ერთმანეთს, ვუსმენდით სხვებს, წესიერ ადამიანებს და ვწერდით. ასზე მეტი სვეტი, გიგი მესვეტეს ფსევდონიმით და ასზე მეტი კვირის მიმოხილვა, რომელსაც ავტორად დიტო გელოვანი ეწერა... რა თქმა უნდა, საკუთარი სახელით და გვარითაც - ჟურნალისტური გამოძიებები, ინტერვიუები, რეპორტაჟები... სრული თავისუფლება.

სწორედ ეს, სრული თავისუფლებით, თანამოაზრეობით და თანამებრძოლობით, ზოგჯერ - თანამეინახეობით განცდილი კმაყოფილება იგრძნობა მაშინდელ ფოტოებში.

მთავარი კი, აი რა არის:

ის კი არა, რომ აუცილებლად მართალი ხარ... ის, რომ აუცილებლად სიმართლის მხარეს უნდა იყო. ის კი არა, რომ თავისუფალი ხარ... ის, რომ ყოველთვის თავისუფალი იქნები. ის კი არა, რომ ვიღაც დაჯდა და პროფესიული სტანდარტები ლამაზი სიტყვებით ჩამოგიწერა... ის, რომ ეს ისედაც შენი მრწამსი იყო, სანამ ის, ვიღაც, ლამაზი სიტყვებით ჩამოგიწერდა.

რომ ეს შენი გადაწყვეტილებაა.

ვიღაცამ თუ დაგაძალა, რომ უნდა იყო მართალი და თავისუფალი, კი იქნები მართალი და თავისუფალი, ოღონდ დროის რაღაც მონაკვეთში და გარკვეულ ტერიტორიაზე, ანუ დროებით და სადღაც. ნაძალადევი სიმართლე არ არის სიმართლე, დაძალებული თავისუფლება არ არის თავისუფლება.

ის სამი "რეზონანსული" წელი, ჩემი პირველი ოთხი წელი ამ პროფესიაში, ჟურნალისტიკაში, იყო თავისუფალი. მერეც, ყველგან. თავისუფლება ჩვევაში გადადის. სხვანაირად შეუძლებელია. დღეს არის "ფორ.გე" და აქ "რეზონანსული" სულია. ახლა რასაც ვწერ, სამი აქაური რეზონანსელის სახელით ვწერ - თამთა ქარჩავა, როზი ჯღამაია და მე. ჩვენ რეზონანსელები ვართ.

"იყიდება ერთოთახიანი, სუფთა ბინა, რკინის კარებით, მანქანის გასაჩერებელი ადგილით. ფასი..."

ბინები იყიდება, თავისუფლება - არა. არც "რეზონანსი" იყიდება. "რეზონანსი" ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×