ზვიად შვანგირაძე
11.11.2015

 დღეს 2015 წლის 11 ნოემბერია, გვიანი შემოდგომის თითქოს არაფრით გამორჩეული თარიღი. სინამდვილეში კი, გიორგობისთვის ერთმა ნაცრისფერმა დღემ მნიშვნელოვნად შეცვალა ქართული ჟურნალისტიკის, საზოგადოების და გარკვეულწილად მთელი ქვეყნის განვითარება. საქმე ისაა, რომ 25 წლის წინათ, 1990 წლის 11 ნოემბერს დაიბადა გაზეთი "რეზონანსი".

მეოთხედი საუკუნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის წამოწყებული საქმე ასეთ მასშტაბს შეიძენდა: მოყვითალო ქაღალდზე გამომავალი 4-გვერდიანი გაზეთი ქართული მედიის ფლაგმანი გახდებოდა, ხალხი ყოველდილით დაუწყებდა ძებნას ახალ ნომერს, აქ დაფრთიანდებოდა ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობა, ხოლო "რეზონანსი" იქცეოდა ობიექტურობის, სამართლიანობის და აკადმიურობის სიმბოლოდ.

მეოთხედი საუკუნე ის პერიოდია, როდესაც ყველანაირი ვადა გასულია, ყველა გამოცდა ჩაბარებულია, ყოველგვარი სიძნელე დაძლეულია. ეს კოლოსალური შრომის, ბრძოლის, ოპტიმიზმის, ენთუზიაზმის და ნებისყოფის შედეგია. ჩვენ ლამის ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, რომელიც ყოველდღე ქმნის ახალ პროდუქტს. ასე ცხოვრობენ და იღვწიან რეზონანსელები; და როდესაც ყოველღამით, გვიან რედაქციის თანამშრომლები სახლში უჩუმრად ბრუნდებიან, მათ იციან, რომ მეორე დღეს ერთგული მკითხველი გაწბილებული არ დარჩება.

ჩვენ დიდხანს ვმსჯელობდით, საიუბილეო თარიღისთვის რა შეგვეთავაზებინა მკითხველისთვის. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაზეთის ფურცლები დაგვეთმო ძველი რეზონანსელებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში დღედაღამ შრომობდნენ რედაქციაში. ახლა კი ისინი წარმატებული მეცნიერები, ხელოვანები, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, საჯარო მოხელეები არიან და რაც მთავარია, დღემდე გულით რეზონანსელებად რჩებიან.

ამ ჩანართის მეშვეობით შეიტყობთ, მრავალი წლის წინათ რა ხდებოდა არა მხოლოდ "რეზონანსში", არამედ ქართულ მედიაში. დრო იცვლება, ადამიანები მიდიან და მოდიან, "რეზონანსი" რჩება. ვისაც კი თუნდაც ერთხელ მაინც შემოუხედავს რედაქციაში, დაგვეთანხმება, რომ აქ სხვაგვარი ურთიერთდამოკიდებულებაა, სულ სხვა სითბო ტრიალებს. ისევე როგორც მაშინ, ახლაც ყოველი ჩვენგანის დღე "რეზონანსით" იწყება.

გაივლის კიდევ 25 წელი და როდესაც ნახევარ საუკუნეს მივუკაკუნებთ, როდესაც 50 წლის ჭარმაგ გაზეთად ვიქცევით, უკან მოხედვის არასდროს შეგვეშინდება, რადგან "რეზონანსი" მუდამ ივლის სიმართლის, ობიექტურობისა და ჭეშმარიტების გზით.

ყველა რეზონანსელის სახელით, დიდი სიყვარულით და პატივისცემით

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×