"დარწმუნებული ვარ, შემდგომი პრეზიდენტებიც ამ სასახლეში გააგრძელებენ მოღვაწეობას"
თაკო მათეშვილი
12.11.2015

 პრეზიდენტის ახლად დანიშნული პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ რეზიდენციის დატოვების საკითხი დახურულია და არ განიხილება. მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ მომავალი პრეზიდენტებიც სწორედ ამ სასახლეში გააგრძელებენ მოღვაწეობას.

ის ამბობს, რომ ყველა ყოფილი პრეზიდენტისგან განსხვავებით, გიორგი მარგველაშვილი არ არის პარტიული ფიგურა და ცდილობს, იყოს ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის.

ფიქრია ჩიხრაძე, რომელმაც გუშინ "პატრიოტთა ალიანსის" მოშიმშილე წევრები მოინახულა, მათ მოთხოვნებს იზიარებს და ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყება აუცილებელია. მისივე თქმით, პრეზიდენტი მზადაა, ეს უზრუნველყოს და საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად შესაბამისი სამუშაო ჩაატაროს."2008 წლის შემდეგ აღარ მეგონა, თუ მოშიმშილე ოპოზიციონრებს ვიხილავდი და ეს ძალიან მაწუხებს," - აცხადებს ჩიხრაძე.

ფიქრია ჩიხრაძე: იურიდიულ დეტალებში არ შევალ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ამ შენობაში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. ხელისუფლებისათვის კარგა ხანია ცნობილია, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. საჭიროდ არ მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლად გაგრძელდეს.

ქართული დემოკრატიისათვის სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ვფიქრობ, ამაზე აღმასრულებელი ხელისუფლებაც უნდა ზრუნავდეს, საკანონმდებლოც და ყველა მოქალაქეც. ეს აჟიოტაჟი ჯანსაღი არაა და კარგს არავის მოუტანს. სანამ პრეზიდენტის მრჩეველი გავხდებოდი, მანამდეც ამ პოზიციაზე ვიყავი და ხმამამღლაც არაერთხელ დამიფიქსირებია.

შესაძლოა, თავის დროზე არსებობდა კითხვა - უნდა დახარჯულიყო თუ არა ამხელა თანხა პრეზიდენტის რეზიდენციის ასაშენებლად, მაგრამ ეს თანხა უკვე დახარჯულია და შენობა სწორედ ამგვარი საჭიროებისთვისაა განკუთვნილი. არავის მხრიდან არ იქნება გონივრული საქციელი, უკვე გაწეული ხარჯი წყალს გავატანოთ და ახალი ფუნქციის მონახვაზე დავიწყოთ ფიქრი. ეს საკითხი აღარ განიხილება. იგი როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად არაერთგზის განხილული და ჩვენი მხრიდან დახურულია.

"რეზონანსი": ბიძინა ივანიშვილი მუდმივად მიუთითებს იმაზე, რომ ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის ცხოვრება და მისი ადმინისტრაციის ფუნქციონირება უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, მარგველაშვილის სასახლიდან გამოსვლა, პირველ რიგში, ამიტომაა აუცილებელი.

ფ.ჩ: რომელ შენობაშიც უნდა განთავსდეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭო, რომელიც ასევე ავლაბრის რეზიდენციაში ფუნქციონირებს, ხარჯი ყველგან იგივე იქნება. ის არანაირად არ შემცირდება. ათონელის რეზიდენციას რაც შეეხება, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა დანიშნულებით გამოიყენებს მას - სამთავრობო შენობის სტატუსს მისცემს თუ აუქციონზე გამოიტანს.

"რ": ანუ, გიორგი მარგველაშვილი რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს და ვადის ამოწურვამდე იქ იქნება?

ფ.ჩ: რა თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, შემდგომი პრეზიდენტებიც ამ სასახლეში გააგრძელებენ მოღვაწეობას. მთავარია, რომ ყველა სახელისუფლებო შტო ქვეყანაში მდრგადი დემოკრატიული გარემოს შესაქმნელად მუშაობდეს და სხვა მხრივ ყველაფერი რიგზე იქნება.

"რ": ზოგადად, რატომაა ეს თემა დაუსრულებელი და რატომაა ბიძინა ივანიშვილისათვის მარგველაშვილის რეზიდენციიდან გამოსვლა პრინციპულად მნიშვნელოვანი?

ფ.ჩ: არ ვიცი. შესაძლოა, ყველაფერი პირად საკითხებზე გადიოდეს. თავად გიორგი მარგველაშვილი ასეთ თემებზე კომენტარს არ აკეთებს და მეც, როგორც მრჩეველი, მის ამ დამოკიდებულებას პატივს ვცემ და ვიზიარებ.

"რ": როგორც ვხედავთ, დაპირისპირება პრეზიდენტსა და სამთავრობო გუნდს შორის დღიღიდღე ღმავდება. აქტიურად ვრცელდება ხმები, თითქოს მომავალი არჩევნებისათვის პრეზიდენტი შეიძლება რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან ერთად ვიხილოთ. რამდენად რეალურია ეს?

ფ.ჩ: რატომღაც მმართველი გუნდი ვერ ეგუება, რომ პრეზიდენტი მხოლოდ მათი წარმომადგენელი არაა. არადა, საქართველოს უახლოესი ისტორიის განმავლობაში ეს საკითხი არაერთხელ დამდგარა. შევარდნაძის და ასევე სააკაშვილიც დროს ოპოზიცია, მათ შორის მეც, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ხშირად ვსვამდით საკითხს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური არტახებისაგან თავისუფალი ყოფილიყო. სამწუხაროდ, წინა წლებში ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ ყოველთვის კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი პრეზიდენტები გვყავდა, რომლებიც მთელი ქვეყნის პრეზიდენტობას ძნელად ახერხებდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა კი ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას დაუდო სათავე და ის ამით მართლაც გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა. იგი საკუთარ მოკავშირედ ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ თანაბრად შეიძლება განიხილოს. პრეზიდენტმა მოახერხა, რომ იგი ყველას პრეზიდენტი იყოს და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მმართველმა ძალამაც უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას და ინსტიტუციონალურ მდგრადობას მიუკერძოებელი პრეზიდენტი ჰაერივით სჭირდება. შეიძლება მას ბევრად ნაკლები უფლებები ჰქონდეს, ვიდრე მის წინამორბედებს ჰქონდათ, მაგრამ თავისი დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით იმ სიჯანსაღეს შექმნის, რაც საქართველოს წინა წლებში ძალიან აკლდა. ვიმედოვნებ, გიორგი მარგველაშვილი მოახერხებს, რომ ეს ტრადიცია არსებულ საკონსტიტუცი მოდელში მყარად დაამკვიდროს და ყველა შემდგომი პრეზიდენტი აგრძელებდეს მას.

"რ": რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ისეთმა კანდიდატმა მოიპოვოს, რომელსაც ესა თუ ის პარტია არ წარადგენს? დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება რამდენად წარმოგიდგენიათ?

ფ.ჩ: როცა წინა ხელისუფლების პირობებში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილებოდა, მე და ჩემი მეგობრები დაინტერესებულები ვიყავით და ვლობირებდით, რომ კონსტიტუციაში შემდეგი რამ ჩაწერილიყო - მიუხედავად პარტიული წარმომავლობისა, არჩეული პრეზიდენტი პარტიული აღარ ყოფილიყო.

ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნებოდა, თუმცა ჩვენ ვფიქრობდით, რომ ფორმალურადაც კი ეს მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. ახლა კი ეს მოდელი ფორმალურად კი არა, რეალურად მივიღეთ. ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს საკონსტიტუციო მოდელი სწორედ ასეთ საპრეზიდენტო მმართველობას აკანონებს.

არჩევნებს რაც შეეხება, ყველა კანდიდატი თავად გადაწყვეტს, რა ურჩევნია - პარტიის მიერ იყოს წარდგენილი თუ არა. არ მგონია, რომ ამაზე დღეს უნდა ვიდარდოთ. ხომ არ შეიძლება აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი - აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, გუბერნატორები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იყვნენ?

მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა სხვადასხვა დონეზე ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობდეს. მაგალითად, დემოკრატიული სამყაროსათვის დამახასიათებელია, რომ პარლამენტში სხვა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს უმრავლესობა და ადგილობრივ არჩევნებში - სხვას. მათ შორის ბალანსი კი არაპარტიულმა პრეზიდენტმა უნდა დაიცვას.

"რ": გუშინ თქვენ მოშიმშილე ირმა ინაშვილი და მისი მხარდამჭერები მოინახულეთ. რამდენად ლეგიტიმურად მიგაჩნიათ მათი მოთხოვნები?

ფ.ჩ: ბუნებრივია, მე იქ პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ, პრეზიდენტის სურვილით მივედი. ადამიანები შიმშილობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია. მათთან სასწრაფო დახმარების მანქანაც კი არ მორიგეობს, რაც ძალიან ელემენტარულია. ამდენი აქციის მომსწრე ვარ და არ მახსოვს შემთხვევა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა იქ არ ყოფილიყო. ამიტომაც ვთხოვე ჯანდაცვის მინისტრს, რომ სამედიცინო პრესონალის მორიგეობა უზრუნველყოს.

ვფიქრობ, ის თემები, რასაც დღეს "პატრიოტთა ალიანსი" აყენებს, მხოლოდ მათი პრობლემა არაა. ეს ის საკითხებია, რაზეც ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა, ითხოვდა და აქციებს მართავდა. პრეზიდენტი გამოხატავდა და გამოხატავს მზაობას, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგს ხელი შეუწყოს. დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს ჯერჯერობით ვერ გამოვიდა. იმედია, მალე მოხერხდება, რათა ამ ადამიანებმა დიდხანს არ იშიმშილონ და ამით მათ ჯანმრთელობას დიდი ზიანი არ მიადგეს.

ძალიან მინდა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან და ვისთვისაც ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია, ვინც ოპოზიციაში ყოფნის დროს ამ მოთხოვნებით თავადაც არაერთხელ გამოსულა, შექმნილი ვითარება გულთან ახლოს მიიტანონ და დიალოგის რეჟიმი მალე მივიღოთ.

"რ": ირმა ინაშვილი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ამ მოსაზრებას თქვენ და პრეზიდენტი იზიარებთ?

ფ.ჩ: ეს საკითხი არ განგვიხილავს. ის პრიბლემები, რაზეც დღეს "პატრიოტთა ალიანსი" ლაპარაკობს, წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად იდგა. ფაქტია, რომ კანონი სპეცუბნების არსებობასა და ადმინისტრაციული რესურსის შეუზღუდავ გამოყენებას უშვებს. დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ახოვდეს, რომ კანონი, პირველ რიგში, სამართლიან საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი.

"პატრიოტთა ალიანსის" შიმშილობა წარსულისადმი ანუ უკვე შემდგარი არჩევნებისადმი არაა მიძღვნილი. ეს შიმშილობა მომავალ არჩევნებს ეხება, რათა ის ხარვეზები, რაც დაფიქსირდა და გამოცდილებითაც ვიცით, რომ არსებობს, 2016 წლისათვის დიალოგის გზით აღმოიფხვრას. მე მათ ამ ხედვაში ვეთანხმები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×