"საქართველო სირიელ ლტოლვილებს უკვე იღებს"
თაკო მათეშვილი
13.11.2015

 საქართველო ისედაც იღებს სირიელ ლტოლვილებს, მათი რიცხვის ზრდა კი ქვეყანას სერიოზული რისკების წინაშე დააყენებს - ასე პასუხობენ ქართველი სპეციალისტები ევროპარლამენტის დეპუტატის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ "შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს".

რისკებს შორის კი ისინი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესებასა და "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურებას ასახელებენ, რომელმაც ჩრდილო კავკასია და მათ შორის საქართველოც უკვე მონიშნა, როგორც ვილაიეთი.

პოლიტოლოგების აზრით, ქვეყანა ტერორიზმის საფრთხის წინაშე ისედაც დაუცველია და ეს არგუმენტები, მათი აზრით, ხელისუფლებამ დასავლეთს დროულად უნდა გააცნოს, სანამ ერთი დეპუტატის განცხადება ოფიციალურ მიმართვად ქცეულა.

ლტოლვილთა სამინისტროში კი ბოლო წლებში მიღებული მიგრანტების რაოდენობას აქვეყნებენ და ამბობენ, რომ საქართველომ ამ მხრივ ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე ჩვენზე ბევრად შეძლებულმა ქვეყნებმა.

ზემოთ ხსენებული განცხადება ვროპარლამენტის დეპუტატმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში გააკეთა. მისი მოსაზრებით, თბილისი ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის ნიშნად მიიღებს.

"არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ლტოლვილთა მიღების სურვილი გამოთქვას. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს, ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის დემონსტრირების მიზნით, შეუძლია რამდენიმე ადამიანის მიღება მაინც", - განაცხადა მამიკინსმა.მისივე თქმით, ასოცირებულ ქვეყნებს არა აქვთ აღებული ვალდებულება, ლტოლვილთა მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ, ამიტომ საქართველოს, სხვა ასოცირებული წევრების მსგავსად, ამას ვერავინ აიძულებს. ამასთანავე, მამიკინსმა აღნიშნა, რომ ლტოლვილთა საკითხი ასოცირებულ წევრებთან ევროკავშირის დიალოგზე არ აისახება.

მამიკინსის განცხადებას მალევე უპასუხეს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველო სირიელ მიგრანტებს უკვე იღებს. მისივე თქმით, ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ბატონ მუიჟნიეკსს ინფორმაცია უკვე მიაწოდა და იგი ამ ციფრების ნახვით გაოცდა.

"თქვა, რომ გაცილებით განვითარებული ქვეყნები ამ ციფრებზე ვერ გადის და არ გადის. ჩვენ ცხადია, ამას ვაკეთებთ ყოველგვარი ორმხრივი ვალდებულების გარეშე, ჩვენი ადამიანური ვალდებულებებიდან გამომდინარე, მაგრამ დიდი სიამოვნებით გვექნება დიალოგი ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რათა გავაცნოთ ის, რასაც ვაკეთებთ და რასაც ვაპირებთ", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სირიაში, ერაყსა და უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, საქართველომ გაამარტივა და დააჩქარა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მიცემის პროცედურები და უმრავლეს შემთხვევაში უარს არ ეუბნება მიგრანტებს ლტოლვილის სტატუსის მიცემაზე, თუ ძალიან სერიოზული ეჭვები არ არსებობს.

მინისტრის ცნობით, ამ დროის განმავლობაში 4 ათასზე მეტი ლტოლვილი შემოვიდა. მათგან უმრავლესობამ საქართველო თვითონ დატოვა, ანუ აქ სტატუსის მიღება არ მოინდომა, ხოლო ვინც დარჩა, იქიდან 1038-მა უკვე მიიღო თავშესაფარი შესაბამისი სტატუსით. უარი ეთქვა მხოლოდ 327-ს და 296 საქმეს ამჟამად განიხილავენ.

იმ 1038 ადამიანიდან, ვინც თანხმობა მიიღო, სოზარ სუბარის თქმით, 387 ერაყელია - იეზიდები და ქურთები. უკრაინიდან 273 ლტოლვილია შემოსული, სირიიდან კი - 49.

"სირიელების უმრავლესობამ თვითონ თქვა უარი სტატუსის მიღებაზე, რადგან მათ გეზი ჰქონდათ მაინც ევროპისკენ და საქართველოში როცა ჩამოდიოდნენ, გათვლა ჰქონდათ, რომ აქედან ევროპაში თავისუფლად მოხვდებოდნენ. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ საქართველო აღიარებულია როგორც უსაფრთხო ქვეყანა და აქ დამკვიდრების შემთხვევაში მესამე ქვეყანაში თავისუფლად გადასვლის საშუალება არ ეძლევათ. ამის შემდეგ მათ ქვეყანა თვითონ დატოვეს", - განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ საქართველო ამ ვალდებულებას ყოველგვარი კვოტების გარეშე ასრულებს.

"საქართველომ ამ მხრივ გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ჩვენზე ეკონომიკურად წინ მდგომმა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. ვალდებულებები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აიღო, სერიოზულია, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ამ წუთში თავისსავე ტერიტორიაზე 270 000 საკუთარი დევნილი ჰყავს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, სტატუსის მინიჭებამდეც, რა დროსაც ადამიანი რეგისტრირდება როგორც თავშესაფრის მაძიებელი, სახელმწიფო მას 45-ლარიანი დახმარებით უზრუნველყოფს, რომელიც იგივე ოდენობისაა, რასაც საქართველოს დევნილი მოქალაქე იღებს.

ის ასევე სრულად ჯდება სამედიცინო დაზღვევის პაკეტში და სრულ სამედიცინო დაზღვევას იღებს სახელმწიფოსგან. მათ მიმართ ამუშავებულია საინტეგრაციო პროგრამები, როგორც განათლების სფეროში, ასევე სკოლამდელ აღზრდაშიც. სახელმწიფო ეხმარება თავშესაფრის თვალსაზრისით, ქირაობს ბინებსაც.

ამ ყველაფრის ფონზე კი, საქართველოსათვის მიგრანტთა ნაკადის გაზრდის დიპლომატიური შეხსენება, პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ქვეყანას საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ მხოლოდ ერთი რიგითი დეპუტატის განცხადებაა და არა ევროპარლამენტის მიმართვა, იგი ხელისუფლებას ურჩევს, უყურადღებოდ არ დატოვოს, რადგან შეიძლება ამ განცხადებას უკვე ჯგუფური ოფიციალური მიმართვა მოჰყვეს.

მისი თქმით, საქართველოს თავადაც უამრავი ლტოლვილი ჰყავს და ის, რომ 200 ათასიანი ლტოლვილთა ნაკადი 20 წლის წინ დაიძრა, იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეს დღესაც უზარმაზარ პრობლემად არ აწევს. გარდა ამისა, 2008 წელს კიდევ ახალი ნაკადები მოაწვა და ლაგაზიძის თქმით, ესეც გასათვალისწინებალია.

"აღარაფერს ვამბობ იმ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რითიც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებისაგან განსხვავდება. ანუ, ჩვენ ძალიან ბევრი, წონადი არგუმენტი გვაქვს იმისათვის, რომ ლტოლვილთა დიდი ნაკადის შემოსვლა არ კი არა, ვერ უზრუნველვყოთ.

"გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა რეგიონში ვართ. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ჩრდილო კავკასიას ესაზღვრება. ჩრდილო კავკასიაში კი რამდენიმე ხნის წინ "ისლამური სახელმწიფოს", მთავარი ტერიტორიული ორგანიზაციის ვილაიეთი შეიქმნა, რომელიც თავის ფარგლებში საქართველოსაც მოიაზრებს.

"თანაც, ისლამურმა სახელმწიფომ" ცოტა ხნის წინ რუსეთს ჯიჰადი გამოუცხადა. ამ პირობებში ტერორისტული საფრთხეებისაგან სრულიად დაუცველნი ვართ და პირველ რიგში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უნდა ვფიქრობდეთ. უსაფრთხოებას კი ამაზე მეტი რისკები არ ესაჭიროება", - ამბობს პოლიტოლოგი.

აქვე იმასაც დასძენს, რომ ნებისმიერმა მოძრაობამ ქვეყანაში, ლტოლვილთა დიდი რაოდენობით შემოსვლამ შეიძლება ჩრდილოკავკასიასთან დაძაბულობის საფრთხე გაზარდოს. მისი თქმით, თავად ლტოლვილები კი არ არიან ქვეყნისათვის რამე საფრთხის წყარო, არამედ სიტუაცია, რომელიც შეიძლება შეიქმნას - უსაფრთხოების კუთხით, ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე სოციალური თვალსაზრისით.

ამიტომაც ამბობს, რომ სანამ დროა და სანამ ასეთ განცხადებებს ოფიციალური სახე მისცემია, ხელისუფლბამ ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობებით ეს ყველაფერი ნათლად განუმარტოს.

"სირიელ ლტოლვილებს საქართველო ისედაც იღებს და მადლობა მთავრობას, რომ ეს არ პიარდება. ამგვარ ჰუმანურ აქტებში ჩვენი ქვეყანა ისედაც მონაწილეობს, მაგრამ თავს არ ვიწონებთ. ასე რომ, როგორმე შეგვარგონ რამდენიმე სტაბილური წელი. საქართველომ, ევროკავაშირის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ამ წლების განმავლობაში ბევრი გამოიარა და დამატებითი რისკებისათვის თავის შეშვერა არ სჭირდება", - აცხადებს ლაგაზიძე.

კიდევ ერთი რისკი, რომელიც ამ თემას თან ახლავს, პოლიტოლოგის თქმით, ისაა, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობა მოიმატებს. თუ ევროკავშირის ოფიციალური მოთხოვნით საქართველოში სირიელ ლტოლვილთა დიდი ნაკადი შემოვა, იგი დარწმუნებულია, რომ ეს წინასაარჩევნოდ ანტიდასავლური განწყობის მომძლავრების უპირველესი საფუძველი იქნება.

თუ ხელისუფლებას არ უნდა, რომ ამ განწყობას ხელი შეუწყოს, ლაგაზიძის თქმით, ეს მიზეზიც ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად უნდა გამოიყენოს. "მოკლედ, საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშეა და ერთ-ერთი მთავარი სწორედ ეს უკანასკნელია, რასაც ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად ვეღარ უშველის", - აღნიშნავს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×