ია ანთაძე თვლის, რომ ჯობდა, მოსამართლე ურთმელიძეს თვითაცილება მიეცა და ეს საქმე მას არ განეხილა
ელზა პაპოშვილი
13.11.2015

 "ერთი წამით ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს ხალხი იძულებით ყოფილიყვნენ დანიშნულები. მოსამართლის გადაწყვეტილებას თავის დროზე დვალიც და საყევარიშვილიც დასთანხმდნენ, მათ სურთ, პროცესი ისე წარიმართოს, რომ ზედმეტი გართულებები არ იყოს.

"შესაძლებელია, დვალს ჰქონდა იმედი, რომ ტელეკომპანიის ჯგუფიდან მეტი მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ მან ეს მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ "რუსთავი 2"-ში შესვლისგან თავი შეეკავებინა," - განაცახდა მედია ექსპერტმა ია ანთაძემ "რეზონანსთან" ინტერვიუში "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

ანთაძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ში თანამშრომლების ნაწილი ორადაა გაყოფილი. მისი აზრით, ნაწილს სურს, რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულდეს, ხოლო ნაწილი ცდილობს, რომ მეტი ყურადღების მისაქცევად უფრო ხამამაღლა იყვირონ.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებთ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას და როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა საჭირო ტელეკომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნა?

ია ანთაძე: მე არა ვარ იურისტი და სამართლებრივად რამდენად სწორია მოსამართლის გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით. თუმცა ვფიქრობ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება იმიტომ იყო მიღებული, რომ დროებითი აღსრულების მექანიზმი ჩაანაცვლა, მაგრამ მეორე მხრივ, დროებითმა მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ ტელეკომპანიის მართვაში არ შევიდნენ და ფაქტობრივად ამით მოსამართლის გადაწყვეტილება თითქოს ჰაერში დარჩა.

რა მოტივაციითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ახლა აღარ მუშაობს. მაშინ თუკი ამ მოტივაციას არ უნდა ემუშავა, კითხვა ჩნდება, ეს გადაწყვეტილება სწორი რატომ იყო? თუმცა მე, რა თქმა უნდა, მინდა, რომ საკითხი განსაკუთრებული გართულებების გარეშე მოგვარდეს.

მსურს, პროცესი ისე არ დაჩქარდეს, რომ საზოგადოებაში აგრესიული მუხტი გააჩინოს. არ ვიცი, ვნახოთ, ერთი თვის შემდეგ თუკი დავით დვალი ჩათვლის, რომ მისი შესვლა საჭიროა, ალბათ შევა, თუ არა და კიდევ რაღაცას მოიფიქრებს. მთავარია, რომ სიტუაცია უფრო მეტად არ დაიძაბოს.

"რ": როგორ ფიქრობთ, დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში საქმიანობის განხორციელებას რატომ არ შეუდგნენ?

ი.ა: ერთი წამით ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს ხალხი იძულებით ყოფილიყვნენ დანიშნულები. მოსამართლის გადაწყვეტილებას თავის დროზე დვალიც და საყევარიშვილიც დასთანხმდნენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ სურთ, პროცესი ისე წარიმართოს, რომ ზედმეტი გართულებები არ იყოს.

შესაძლებელია, დვალს ჰქონდა იმედი, რომ ტელეკომპანიის ჯგუფიდან მეტი მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ მან ეს მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ "რუსთავი 2"-ში შესვლისგან თავი შეეკავებინა.

ან შესაძლოა, თავიდანვე ასე ფიქრობდა, რომ თუ ნიკა გვარამია ტელეკომპანიიდან არ გამოვიდოდა, მაშინ ის სიტუაციას არ დაძაბავდა. ცოტა დროს მისცემდა იმისთვის, რომ იქაურ შემადგენლობას თავად გადაეწყვიტა, რას იზამდნენ.

ჩვენ ვიცით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი არ იქნება და ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის თანხა ოფიციალურად ვერ იმოძრავებს. ეს კი თავისთავად ახალ პირობებს შექმნის და დროის გაწელვა ყველანაირად დვალის სასარგებლოდ იმუშავებს, მე ასე მგონია.

უბრალოდ, მოსამართლის მოტივაცია ცოტა საეჭვოა, რომელიც მის განჩინებაში დაიწერა, როგორც გადაწყვეტილების საფუძველი. მოსამართლის დედასთან დაკავშირებით რა პროცედურებიც მიმდინარეობს, ცხადია, ეჭვს აჩენს. ამიტომაც ჯობდა, მოსამართლეს თვითაცილება მიეცა და ეს საქმე მას არ განეხილა.

"რ": რას იტყვით ზაალ უდუმაშვილის განცხადებაზე, როდესაც მან დავით დვალის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა და დროებითი მმართველის ფუნქციის შესრულება არ ისურვა?

ი.ა: ვფიქრობ, რომ ტელეკომპანიის შიგნით არიან ჟურნალისტები, რომელთაც უნდათ, რომ იმუშაონ და ხელფასი მიიღონ, ასევე არიან ადამიანები, მენეჯერები, რომელთაც სურთ, რომ ეს პროცესი გაიწელოს და საზოგადოების მეტი ყურადღება მიიპყრონ. რაც უფრო მეტად დაიძაბება სიტუაცია, ისინი ფიქრობენ, რომ ვითარება მათ სასარგებლოდ გადაწყდება.

დვალს კი დაწყნარებული სიტუაცია და პროცესის გაწელვა სურს. ამ მხრივ მისი მოკავშირეები არიან ჟურნალისტები, რომელთაც კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულება აწყობთ. თუ შიდა პროცესში განხეთქილება გამოჩნდება, ვფიქრობ, სიტუაცია სხვანაირად წარიმართება.

მაგრამ თუ ეს გუნდი ისე შეკრული აღმოჩნდება, რომ მზად არიან, უხელფასოდ ამდენი ხანი იმუშაონ, მაშინ შესაძლებელია, ვითარება მათ სასარგებლოიდ შემოტრიალდეს. აქ საუბარი ერთ და ორ თვეზეა, სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ახლა ნერვების თამაში მიმდინარეობს, რომელი მხარე უფრო გაუძლებს.

"რ": ფიქრობთ, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები ორ ნაწილად არიან გაყოფილები და მათ შორის დაპირისპირება არსებობს?

ი.ა: არ ვიცი, წესით, ასეც უნდა იყოს. მათ ამ რეჟიმში მუშაობა არ უნდა სურდეთ. გაყოფა და აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იქნება. მაგრამ ამ წუთში შიგნით რა ხდება, ზუსტად ვერ გეტყვით.

"რ": როგორ ფიქრობთ, ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხომ არ ელოდება?

ი.ა: რა თქმა უნდა, გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ის მათ საკუთარ მოკავშირეებად თვლის და არ არის გამორიცხული, რომ თავისთვის სასურველი შედეგის მოლოდინშია. გვარამია ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×