სპეციალისტები და მოქალაქეები საგზაო მოძრაობის ამ ახალ წესს არაერთგვაროვნად აფასებენ
ნინო ქეთელაური
14.11.2015

 მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრა გადასასვლელზე გზას არ დაუთმობს, 20 ლარით ჯარიმდება. ამის შესახებ საზოგადოებისთვის ახლახან გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლის მხრიდან ქვეითისთვის გზის არდათმობას კამერები არ აფიქსირებს და აღნიშნული დარღვევის შემჩნევა და შესაბამისად, დაჯარიმებაც საპატრულო პოლიციას ეკისრება.

"მძღოლს ქვეითთა გადასასვლელის გავლის წესის დარღვევისთვის აჯარიმებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პატრულ-ინსპექტორი. შეფასება ხდება "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სადაც განსაზღვრულია ქვეითის მოძრაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "რეზონანსს" სამინისტროში განუმარტეს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი მოიცავს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რაზეც უფრო კონკრეტულად უახლოეს დღეებში, საინფორმაციო სახის შეხვედრაზე ისაუბრებენ.

ეკა მიმინოშვილი ის მოქალაქეა, რომელიც ყოველთვის ფეხით გადაადგილებას ანიჭებს უპირატესობას. "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეითისთვის გზის დათმობის საკითხი ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემაა არა მარტო მისთვის, არამედ ყველა ქვეითისთვის.

"ფეხით ხშირად დავდივარ. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მძღოლები იცავდნენ საგზაო მოძრაობის წესებს. "ზებრა" გადასასვლელზე იშვიათად თუ დაგითმობენ გზას. როგორც წესი, ფეხით მოსიარულეს უფრო უწევს ხოლმე გზის დათმობა. "ვფიქრობ, სანქციების შემოღება ძალიან სწორი ნაბიჯია, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად იმუშავებს. კარგი იქნება, თუ შესაბამისი ორგანოები მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმით მიაწვდიან ინფორმაციას არსებული ნორმის შესახებ. "ვფიქრობ, ამ ქვეყანაში მძღოლების ნაწილმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ფეხით მოსიარულეს "ზებრა" გადასასვლელზე გზა უნდა დაუთმოს. სხვა საკითხია, როგორ დაუწესებენ სანქციებს ურჩ მძღოლებს, ან როგორ გააკონტროლებენ, თუ მოქალაქე საგზაო წესების დარღვევის ადგილას საპატრულო პოლიციას არ გამოიძახებს", - განაცხადა ეკა მიმინოშვილმა.

"რეზონანსი" ამ საკითხზე მძღოლის პოზიციითაც დაინტერესდა.

"ვფიქრობ, ჯარიმის დაწესება სწორია, თუმცა არ მგონია, ამან პრობლემა მოაგვაროს, რადგან მძღოლების ნაწილი ინფორმირებული არ არის. ზოგიერთმა მათგანმა ისიც არ იცის, რომ "ზებრაზე" ქვეითს უნდა დაუთმოს გზა და ამასთანავე, წესს ქვეითებიც არღვევენ, როდესაც იქ გადადიან, სადაც მათი გადასვლა არ შეიძლება.

"გარდა ამისა, თუ პატრული არ არის ქვეითის გადასასვლელთან, ეს დარღვევა ვინ უნდა დააფიქსიროს? გამოდის, რომ მხოლოდ მათ შეეხება ჯარიმა, ვისაც პატრული შეამჩნევს.

"მეც მძღოლი ვარ და "ზებრაზე" ყოველთვის ვუთმობ, რადგან ვიცი, რომ მათი გზაა. თუმცა ხშირად, როდესაც ფეხით ვმოძრაობ და "ზებრაზე" გადავდივარ, ზოგიერთი მძროლი არ მითმობს და უკმაყოფილო სახით მიყურებს, ჰგონიათ, რომ მათი გზაა. ძალიან მიკვირს, რადგან მართვის მოწმობის აღების დროს, თეორიაში ამას სწავლობ და აბარებ, პრაქტიკაში კი როგორც ჩანს, არავინ იყენებს", - გვითხრა მარეხი კურატიშვილმა, რომელსაც მანქანის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემა არა ჯარიმის ოდენობაში, არამედ ადმინისტრირებაშია.

"მოქმედი ჯარიმა შეადგენს 10 და 20 ლარს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგეგმება გამკაცრებაც, მაგრამ აქ პრობლემა ჯარიმის ოდენობაში არ არის, აქ საუბარია ადმინისტრირებაზე.

"მაგალითად, ქვეითად მოსიარულეების შემთხვევაში, როდესაც ისინი გადადიან იქ, სადაც მათი გადასვლა, წესით, არ შეიძლება, პატრული პრაქტიკულად არ რეაგირებს. შესაბამისად, აქ მე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ არ ხდება აღნიშნულ დარღვევაზე ადმინისტრირება, კამერა არ აფიქსირებს დარღვევებს", - აცხადებს მესხიშვილი

მისივე თქმით, პრობლემას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ყურადღება მისაქცევია.

"პრობლემის არსს თუ განვიხილავთ, იგი მდგომარეობს შემდეგში, ერთი მხრივ ის, რომ მერიის მხრიდან არ არის მოწესრიგებული მიწისქვეშა გადასასვლელები, მეორე მხრივ ის, რომ სადაც მოწესრიგებულია, ქვეითი გადარბის მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე. ამას ემატება პოლიციის მხრიდან აღნიშნული დარღვევის იგნორირება და კიდევ ერთი პარადოქსული შემთხვევა, როდესაც მძღოლისთვის და ქვეითისთვის ერთდროულად მწვანეა ანთებული. ასეთ ადგილს ნახავთ ბევრს, რაც ქმნის საავარიო მდგომარეობას. პრობლემა ამ მიმართულებით გვაქვს ბევრი", - აღნიშნა დავით მესხიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც ტრანსპორტისა და გზების აცოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, პრობლემის მოგვარება დამოკიდებულია ადმინისტრირებაზე და არა ჯარიმის გამკაცრებაზე.

"სანქციების გამკაცრების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სანქციის გამკაცრების პარალელურად უნდა გაიზარდოს სანქციის ადმინისტრირების დონე, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ დამრღვევი არის მძღოლი, მასაც მოეთხოვოს პასუხი და თუ არღვევს ქვეითი - მასაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ზებრა" გადასასვლელებზე უნდა დამონტაჟდეს კამერები და კამერებითაც მოხდეს ზედამხედველობა ამგვარ დარღვევებზე.

"პრობლემა გვაქვს იმდენად მძიმე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წელს გარდაცვლილია 600-ზე მეტი ადამიანი, აქედან 1/3, ანუ 200-მდე ადამიანი მოდის ქვეითად მოსიარულეზე. პრობლემა არის მწვავე, რომელსაც სჭირდება მკაცრი რეაგირება და მკაცრი ადმინისტრირება.

"ჩვენ გვავიწყდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რაც არის საგანმანათლებლო მიმართულება. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთი მხრივ, ყველა მძღოლმა იცის, სად არის ქვეითის უპირატესობა და მეორე მხრივ, ყველა ქვეითმა იცის საგზაო მოძრაობის წესები. მოძრაობის შემადგენელი ნაწილია ქვეითიც და ჩვენ ალბათ სოციალური რგოლებიც დაგვჭირდება, რომ მოსახლეობას გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეს", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×