რატომ ჩააგდო საპარლამენტო უმრავლესობამ მათივე წევრის მიერ მომზადებული კანონპროექტი
გვანცა ღვედაშვილი
14.11.2015

 დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტი პრემიების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენით ჩავარდა. სახელმწიფო უწყებებში მაღალჩინოსნებისთვის პრემიების შეზღუდვას მხოლოდ 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის მონაცემების მიხედვით, ამ ინიციატივის წინააღმდეგ ლევან ბერძენიშვილმა, მალხაზ წერეთელმა და ზვიად ძიძიგურმა მისცეს ხმა. ამასთან, პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყვნენ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია თხუთმეტამდე პარლამენტარს.

ინიციატივა 2017 წლის პირველ იანვრამდე პრემიების აღებას უკრძალავდა საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გამგებლებს. მთლიანობაში ეს აკრძალვა 700-ზე მეტ თანამდებობის პირს ეხებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმის გასაგებად, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი პრემიების აკრძალვის კანონპროექტს, "რეზონანსი" პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი ვერ მოიტანდა რეალურ შედეგს და ის არათანასწორ მდგომარეობაში აყენებდა საჯარო მოხელეებს. გარდა ამისა, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტი პოპულისტური ხასიათს იყო და ბევრ ხარვეზს შეიცავდა.

"რეზონანსი": პრემიების საკითხი აქტუალური და მწვავე თემაა საქართველოში. რატომ არ დაუჭირეთ მხარი მის ამკრძალავ კანონპროექტს?

ლევან ბეძენიშვილი: უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალიან დიდი კანონი, რომელსაც ჰქვია "კანონი საჯარო მოხელეთა შესახებ". ეს არის უზარმაზარი კანონი სხვა კანონების შლეიფით, რომლის მიხედვით საქართველოში მისი ამოქმედების შემდეგ არცერთ საჯარო მოხელეს არაფერი პრემიის მაგვარი აღარ დარჩება. ანუ, სიტყვა "პრემია" გაქრება ჩვენი საჯარო სივრციდან.

ჩვენ პრემიის მომხრეები კი არ ვართ, როგორც ეს პრესაში ვიღაცამ დაწერა, რაც საწყენია, ჩვენ პირიქით, პრემიის წინააღმდეგი ვართ. თუმცა, ჩვენ გვინდა, ყველას შეეხოს ეს ამბავი და არა შერჩევით, ზოგს შეეხოს ორი თვით და ზოგს - არა.

კანონპროექტი, რომელზეც ლაპარაკობს ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, არის დროებითი, იქამდე, სანამ ამოქმედდება ეს კანონი. რეალურად ჩვენ უკვე დავუჭირეთ მხარი პრემიების გაქრობას ქართული სინამდვილიდან, ყოველ შემთხვევაში, საჯარო სივრციდან მაინც. იქ, სადაც სახელმწიფო ხელფასი არის, იქნება სახელფასო სარგო და დანამატი, პრემიები აღარ იქნება.

ის დიდი კანონი საჯარო მოხელეთა შესახებ არის ჩვენი შიდა მოთხოვნა, ამავე დროს იყო ევროკავშირთან ჩვენი ასოცირებისა და განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნა.

სწორედ იმის გამო, რომ ეს პატარა კანონი, რომელიც ორი თვით ადგენდა რაღაც რეგულაციებს და ვერ უზრუნველყოფდა თანასწორობას, რადგან ძალიან ბევრი ისედაც მიიღებდა პრემიას არსებული სპეციალური კანონების საშუალებით, ჩვენ, პარლამენტის წევრებს, შესაბამისმა კომიტეტმა, ეს იყო საპროცედურო კომიტეტი, გაგვიკეთა განმარტება.

ბატონმა გაგამ, კომიტეტის თავჯდომარემ ილაპარაკა საკმაოდ გასაგებად და დამაჯერებლად, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ შემოტანილი კანონპროექტი ეფექტიანი ვერ იქნება ამ და ამ მიზეზების გამო. საპასუხოდ ქუცნაშვილმა ვერ დაარწმუნა შესაბამისი კომიტეტი კანონის ეფექტურობაში და ვერც პარლამენტის სხვა წევრები.

არ დავუჭირეთ მხარი, რადგან არაეფექტიანი იყო და ჰქონდა პოპულისტური ხასიათი. ეფექტი ჰქონდა ის, რომ ხალხი იტყოდა - აი, პრემიებს ებრძვიანო, მაგრამ რეალურად ვერ იმოქმედებდა.

"რ": კონკრეტულად რა მიზეზები განაპირობებს ამ კანონის არაეფექტურობას?

ლ.ბ.: საქმე ის არის, რომ როგორც კი ამოქმედდება საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, პრემიების თემა მთავრდება. შესაბამისად, გაირკვა, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მოწოდებული კანონპროექტი რეალურ ეკონომიკურ შედეგს არ დებს.

ის საჯარო მოხელეებს აყენებს სხვადასხვა მდგომარეობაში, ზოგი იღებს ამ პრემიებს და ზოგი - ვერ, მაშინ, როდესაც კანონს საჯარო სამსახურის შესახებ უკვე კენჭი ეყარა და მას მხარი დაუჭირა პარლამენტმაც და თავად ზაქარია ქუცნაშვილმაც, თან არის ევროპულ კანონმდებლობასთან ძალიან ახლოს, სადაც პრემიების საკითხი საერთოდ ამოღებულია.

პირადად ჩემზე გადამწყვეტი გავლენა იქონია შესაბამისი კომიტეტის დასკვნამ, სადაც ხალხი მუშაობს და არკვევს ასეა თუ ისე. ის კომიტეტი რომ იტყვის "არა"-ს, მე, ვინც იმ კომიტეტის წევრი არ ვარ და არ დავსწრებივარ სხდომას, როგორ უნდა ვთქვა "კი"?! მე ძალიან გულწრფელად დავუჯერე იმას, რასაც მოვუსმინე და ისევ ასე მოხდება, რადგან მაგ თემას არაფერი არ მოჰქონდა და ჩრდილავდა უზარმაზარ კანონს საჯარო სამსახურის შესახებ და ჩრდილავდა თავისი პოპულისტური ხასიათით.

ეს კანონი არაფერს არ წყვეტს და იმან უკვე გადაწყვიტა და როგორც კი ამოქმედდება, ამ კანონით მაინც საქართველო ევროპას გაუთანაბრდება.

ქუცნაშვილის კანონპროექტს შესაძლოა მცირე შედეგი ჰქონოდა, თუმცა, საერთო სურათს ვერ შეცვლიდა, რადგან ძალიან ბევრი მაინც მიიღებდა პრემიას ცალკე სპეციალური კანონების გამო, ხოლო ის კანონი აუქმებს ყველა სპეციალურ კანონს და პრემია საერთოდ აღარ იქნება.

ქუცნაშვილის ინიციატივით ზოგს ექნებოდა პრემია, ზოგს არა და დაიჩაგრებოდა, რაც არ იქნებოდა სწორი. ამაზე კომიტეტმა ილაპარა, იმსჯელა და თავად კანონპროექტის ავტორმა წააგო ამ კომიტეტთან.

"რ": როდიდან ამოქმედდება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და შეეხება თუ არა ის სახელფასო სარგოსა და დანამატებს?

ლ.ბ.: ეს კანონი იქნება მხოლოდ საჯარო სამსახურებისთვის. კანონს აქვს თავისი ამოქმედების ვადა და საბოლოოდ 2017 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება.

სახელფასო სარგო და დანამატი არის ხელფასის შემადგენელი ნაწილი. ეს დანამატი იქნება განსხვავებული იმის მიხედვით, თუ ვის როგორი დამსახურება აქვს, ვინ რომელი კლასისაა და ა.შ. ამ კანონში ზუსტად განსაზღვულია ვის, რა, რამდენი და რატომ უნდა დაემატოს.

უნდა ამოქმედდეს კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთხელ და სამუდაომოდ დამთავრდება პრემიებთან დაკავშირებით ეს ხანგრძლივი საუბრები და სწორედ ასეთია კანონი საჯარო სამსახურის მოხელეების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×