"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მოვლენები სამართლებრივად ისე ვითარდება, რომ თავი და ბოლოს გარჩევა გამოცდილ იურისტებსაც უჭირთ. საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, იმ სამართლებრივი ნორმის მოქმედება, რომელსაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება ეყრდნობა, შეჩერებულია და "რუსთავი 2"-ის უფლებააღდგენილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ "დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ".
იურისტების შეფასებით კი, სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით უკვე მეტად საინტერესო ხდება, რადგანაც უკვე შეიქმნა კურიოზული მდგომარეობა, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეცედენტების საფუძველი გახდება.
მაგალითად, ახლა სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, სწორად მოიქცა თუ არა მოსამართლე ურთმელიძე, როდესაც "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები დანიშნა. ამ დროს კი საკონსტიტუციო სასამართლომ იმ მუხლის მოქმედება შეაჩერა, რომელსაც ურთმელიძის ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა.
ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოს მიმართა და თქვა, რომ ახლა ჯერი მათზეა.
"ყველაზე ეფექტურმა ინსტიტუციამ, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოსავალი შესთავაზა ყველა მხარეს. მოახერხა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი და წელსვე მივიღოთ ის ბენეფიტები, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს.
"მივმართავ მთავრობას, ამ ვითარებაში უკან დახევა დამარცხება არ იქნება, პირიქით, ეს იქნება გამარჯვება, გამარჯვება საკუთარ თავზე და გამარჯვება ქვეყნის ინტერესებისთვის...
"მივმართავ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოს - ჯერი თქვენზეა და უნდა გამოასწოროთ იმ თქვენი კოლეგის გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწერება არც სამართლის და არც საერთაშორისო პრაქტიკის ნორმებში", - განაცხადა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორმა, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველები დანიშნა, შეჩერებულია.
ნორმა შეჩერებულია, თუმცა მოსამართლე ურთმელიძის განჩინება მაინც ძალაშია. ახლა ჯერი სააპელაციო სასამართლოზეა, სადაც უკვე არა ნორმა, არამედ ურთმელიძის განჩინება უნდა გასაჩივრდეს.
სააპელაციომ უნდა გადაწყვიტოს, ურთმელიძის განჩინებას დატოვებს თუ არა ძალაში და რევაზ საყევარიშვილი დაბრუნდება თუ არა დროებით მმართველად, თუ მეორე გზას აირჩევს - გაითვალისწინებს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას და ნორმის შეჩერების გამო განჩინებას გააუქმებს.
თუკი სააპელაციო სასამართლო გააუქმებს განჩინებას, ეს იქნება ტელეკომპანიის დღევანდელი მმართველების კიდევ ერთი წარმატება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო ძალაში დატოვებს განჩინებას, ამით ქიბარ ხალვაშის მხარე გამოაცხადებს თავს გამარჯვებულად. დღეს კი გამარჯვებას "რუსთავი 2"-ის მოქმედი მენეჯმენტი ზეიმობს.
ნეიტრალური იურისტებისათვის მოვლენების ასეთი განვითარება მოულოდნელი აღმოჩნდა თვით იურიდიული კაზუისტიკის თვალსაზრისითაც. როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, ის საკონსტიტუციოს ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა, თუმცა, რადგან ახლა სააპელაციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა თავის დროზე მოქმედ, მაგრამ დღეს შეჩერებულ ნორმაზე, აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, ამ ყველაფერს უფრო საინტერესო სამართლებრივი განვითარება ექნება.
იურისტის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის მიხედვით გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს და ის მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ურთიერთობებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით შეჩერებულია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
"პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძეს 5 ნოემბერს გამოყენებული აქვს ეს ნორმა - 271-ე მუხლი. შემდგომ 12 ოქტომბერს იგივე სასამართლომ იგივე ნორმის გამოყენებით საკუთარი წინანდელი განჩინება შეასწორა. ამავე დროს სასამართლომ მოდავე მხარეებს განჩინების 5 დღეში გასაჩივრების საშუალება დაუტოვა. თუკი გასაჩივრება მოხდება, სააპელაციო სასამართლოს ამ კაზუსის ამოხსნა მოუწევს. განხილვის მომენტისთვის ეს ნორმა ძალაში აღარ იქნება და ეს სპეციფიკური და რთულად გადასაწყვეტი საკითხი იქნება," - აღნიშნავს ალაფიშვილი.
ის ამბობს, რომ სააპელაციოს ორი გზა აქვს - თქვას, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც განჩინება მიიღეს, ნორმა ძალაში იყო და განჩინება კანონიერია. თუმცა, ასევე შეიძლება თქვას, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იმ ტიპის გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს ძველი გადაწყვეტილებების რევიზიის საფუძველი.
ლევან ალაფიშვილი: "სააპელაციოს ორი გზა აქვს. რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ახლა თქვა, რომ ის ნორმა, რაც თავის დროზე გამოიყენეს, დაუსაბუთებელი იყო, მაშინ სასწორის მეორე პინაზე უნდა დადოს არაერთი საქმე, რომელშიც ანალოგიური ნორმა უკვე გამოყენებულია. ამის პრეცედენტი უნდა შეიქმნას. თუმცა, თუკი ამ გზას არ აირჩევს სააპელაციო სასამართლო, მაშინ უნდა თქვას, რომ თამაზ ურთმელიძის ორივე განჩინება კანონშესაბამისი იყო და კანონზე დაფუძნებით იქნა მიღებული და მიუხედავად იმისა, რომ ნორმის მოქმედება შეჩერებულია, განჩინებას უკანონო ვერ ეწოდება".
ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი ამბობს, რომ კითხვები უჩნდება და ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ თამაშში აღმოჩნდა ჩათრეული. ეს კი, მისი თქმით, ძალიან შემაშფოთებელია.
გია მეფარიშვილი: "მთავარი ისაა, რომ სამართალწარმოების დროს ძალაშია ის ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც მიღებულია გადაწყვეტილება. ამიტომაც, მოსამართლე ურთმელიძის განჩინება ძალაშია და სააპელაციო სასამართლოში განჩინება გასაჩივრდება. "სასამართლო პრაქტიკაში ძალიან საინტერესო კაზუსი შეიქმნა. სააპელაციო სასამართლო განხილვას რომ დაიწყებს, ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მიღებული იყო გადაწყვეტილება, შეჩერებულია. ამიტომ როგორ იმსჯელებს მის კანონიერ დასაბუთებულობაზე, ჩემთვის გაუგებარია.
"ვიცით, რომ გასაჩივრებულია განჩინებები. პირველი განჩინება ეხებოდა დროებითი მმართველების დანიშვნას და ის გასწორდა. ახლა მეორე განჩინებაზეა საუბარი, როდესაც დროებითი მმართველი შეიცვალა. ნორმის გაუქმებისას რითი იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლომ, გაუგებარია. არ წამიკითხავს და არ ვიცი. ასე შეფასება მიჭირს, მაგრამ ძალიან შეშფოთებული და გაოცებული ვარ.
"კითხვები ნებისმიერ იურისტს და მათ შორის მეც მებადება. შეიძლება ვცდები, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ თამაშებშია ჩათრეული", - ამბობს მეფარიშვილი.
მისი განცხადებით, თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული არსებითი გადაწყვეტილება ჯერ მოსამართლის გარდა საქართველოში არავის წაუკითხავს და უკვირს, საიდან დადგინდა, რომ ის დაუსაბუთებელია.
"ყველა იძახის, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. კითხვას ვსვამ - ვის აქვს წაკითხული?! ვებგვერდზე დღეს 6 საათისთვის ვნახე და გამოქვეყნებული არ ყოფილა და საიდან იცის ამ ხალხმა, დაუსაბუთებელია თუ არა?! მით უმეტეს ზოგიერთი მოსამართლის დამუნათებას და ანგარიშსწორებასაც რომ ითხოვს?! რაღაც უბედურებამდე მივდივართ. რაღაც გვჭირს. იქნებ კეთილი ინებონ უზენაესმა სასამართლომ და იუსტიციის საბჭომ და ეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ. ვნახოთ, რა უწერია ურთმელიძეს. რადგან რამდენიმე პოლიტიკურმა მოღვაწემ თქვა, რომ ურთმელიძე სალანძღავია, უნდა გავიზიაროთ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოვუწოდოთ ხალხს?!" - მიიჩნევს მეფარიშვილი.
ის აცხადებს, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო შეჩერებულ ნორმაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ნორმას კონსტიტუციურად თუ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს, სჯობს, სპეციალისტების გაფართოებულმა შემადგენლობამ მიიღოს გადაწყვეტილება და კონსტიტუციური ნორმების არასწორად ინტერპრეტაცია არ მოხდეს, რადგან ეს ჩვენთვის დამღუპველი იქნება. რა იქნება შედეგი, პროგნოზს არ აკეთებს.
"დავაკვირდეთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო. ორი გამოსავალია - ან დატოვებს ძალაში განჩინებას, ან გააუქმებს. არ მინდა მოვლენებს დავასწრო, ეს სასამართლოზე ზემოქმედებად ჩაითვლება", - ამბობს მეფარიშვილი.
არის თუ არა საკონსტიტუციო ან საქალაქო სასამართლოები პოლიტიკურ თამაშებში ჩართული? იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ თავად ამას არ ამტკიცებს, თუმცა ამგვარ აღქმას ხელი როგორც თავად მოდავე მხარეებმა, ისე პოლიტიკოსებმაც შეუწყვეს.
ამბობს, რომ ამ დავის ირგვლივ იმდენად მოჭარბებულია პოლიტიკური და სუბიექტური განცხადებები, სამწუხაროდ, ვერც სასამართლო და ვერც ხელისუფლება სწორ და ობიექტურ ინფორმაციას თავს ვერ უყრის და ვერ აწვდის საზოგადოებას და ამიტომ ინსტიტუციურად სასამართლოს ზიანი შეიძლება დიდი აღმოჩნდეს.
"როდესაც ქვეყნის მეორე პირი, პარლამენტის თავმჯდომარე ასე წარმოაჩენს, ბუნებრივია, რიტორიკა და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებიდან ასე იქნება აღქმული. მხედველობაში მაქვს უსუფაშვილის განცხადება, რომელმაც სასამართლოებთან დაკავშირებით თქვა, რომ მათ მალულად მიიღეს გადაწყვეტილებები და სასამართლოები აღმოჩნდნენ ჩართულნი ბრძოლაში წესების გარეშე," - განმარტავს ალაფიშვლი და დასძენს: "ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცამ გაიმარჯვა. პოლიტიკურ ველზე გამარჯვებული ჯერ არ ჩანს, სამართლებრივ ველზე - მით უმეტეს. სამართლებრივი ბრძოლა ისევ გრძელდება, სააპელაციო სასამართლო შინაარსობრივ და ფორმალურ ნაწილზე ყველას ერთად გვიპასუხებს, რას ფიქრობს და ინსტიტუციურად სასამართლო შედგა როგორც დამოუკიდებელი ორგანო, თუ არ შედგა, პოლიტიკურ მოტივაციას დაუქვემდებარებს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუ კანონს.
"ასევე განხილვა საკონსტიტუციოშიც გაგრძელდება და იქაც ანალოგიური მოლოდინია. ახლა სააპელაციო სასამართლო გახდა მოლოდინის ადგილი, რომლის ხელში შეიძლება საინტერესო სასამართლო პრაქტიკის შემოქმედება ვიხილოთ. საბოლოო დასკვნებიდან ჯერ ძალიან შორს ვართ.
"შესაძლოა, 2016 წლის არჩევნების პირსაც კი საბოლოო სურათი გამოკვეთილი არ იყოს. სიურპრიზებს ველი", - აცხადებს ალაფიშვილი.