ღია წერილი
16.11.2015

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს,

ბატონ ივანე კიღურაძეს

ღია წერილი

მოგმართავთ ქვემოთ ხელმომწერი ავტორიზებული კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწსებულებები და გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რომელიც წლების განმავლობაში დგას პროფესიული განათლების წინაშე და, სამწუხაროდ, ბოლო 2 წელია, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით იჩინა თავი.

საქმე ეხება საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების არაავტორიზებულ ფილიალებს და წარმომადგენლობებს. ამ დაწესებულებებში ხორციელდება როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გაიცემა შესაბამისი დიპლომებიც, თუმცა არც სასწავლო პროცესი და არც სასწავლო გარემო არცერთი შესაბამისი უწყების მხრიდან არ ექვემდებარება შემოწმებას და იმის დადგენას, თუ რამდენად არის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

ამ "საეჭვო" უნივერსიტეტებში მოქალაქეებს განუმარტავენ, რომ ისინი არიან არა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, არამედ უცხოური უნივერსიტეტების ფილიალები. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ უცხო ქვეყნის დაწესებულების ფილიალსაც კანონი ავალდებულებს საქართველოში ავტორიზაციის გავლას. კონკრეტულად:

"უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, რისთვისაც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გადის ავტორიზაციას ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე" (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 14, პუნქტი 4).

ზოგიერთი ასეთი დაწესებულების წარმომადგენლები, რომლებიც კანონმდებლობაში მეტ-ნაკლებად ერკვევიან, ასევე აცხადებენ, რომ მათი სასწავლებელი არა ფილიალი, არამედ წარმომადგენლობაა და ავტორიზაციის ვალდებულება არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში მათ, მითუმეტეს, არაფერი აქვთ საერთო საგანმანათლებლო საქმიანობასთან, რადგანაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ფილიალი ნიშნავს:

"უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება" (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 2, პუნქტი ჰ17).

ესე იგი, თუ ეს "სატყუარა წარმომადგენლობა" ფილიალიც კი არაა, მაშინ ის არც უნივერსიტეტის ნაწილია და არც პროგრამების განხორციელების უფლება აქვს, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ დაწესებულებებში მიმდინარეობს უკონტროლო ფორმალური საგანმანათლებლო პროცესი. უფრო მეტიც, არც ერთ შესაბამის უწყებაში არ ხდება ამ "სასწავლებლების" და მათ მიერ განხორციელებული პროგრამების მონიტორინგი და მსმენელთა (ე. წ. "სტუდენტთა") აღრიცხვა.

თუ რა შემთხვევაში ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე დაწესებულება საგანმანათლებლო დაწესებულებად, ამას ისევ კანონი განმარტავს:

"ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა" (კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 7, პუნქტი 1).

"ავტორიზაციის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი" (კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, მუხლი 13).

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტები, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ან ჩააბარეს გამოცდები, მაგრამ ვერ ჩაირიცხნენ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე მათი მშობლები, მეურვეები, ცდილობენ, იპოვონ გზები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსახვედრად და შესაბამის მარეგულირებელ აქტებში არსებული ხარვეზებისა და გაურკვევლობის გამო უცხო ქვეყნის "უნივერსიტეტების ფილიალების" თაღლითურ მახეში იოლად ებმებიან.

რადგანაც ქვეყანამ უკვე რამდენიმე წელია, უმაღლესი განათლების მიღების წინაპირობად დაადგინა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, შეუძლებელია ამის გარეშე (გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა) უმაღლეს სასწავლებელში სწავლა. სხვა შემთხვევაში ყველა ამ "იოლ" გზას აირჩევდა. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის, მუხლი 52, პუნქტი |-ის თანახმად:

"უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად".

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ, საკუთარი მისიიდან გამოდინარე, არაერთგზის გამოიტანა საზოგადოების სამსჯავროზე ეს პრობლემა. კონკრეტულად, განხორციელდა:

- აქტიური მიმოწერა და შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;

- აქტიური მიმოწერა და შეხვედრები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან;

- სატელევიზიო გადაცემები და ჟურნალისტური გამოძიება;

- შეხვედრები საზოგადოებასთან;

სამწუხაროდ, შედეგი არ ჩანს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან წერილობით და პირად შეხვედრებზე დაფიქსირებული მზადყოფნის მიუხედავად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად წელსაც არაფერი შეიცვალა და არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები.

აღნიშნული მექანიზმით ქვეყნის არაერთი სტრუქტურა ზარალდება და უპირველეს ყოვლისა ქართული საზოგადოება, რადგან ამ ღირებულებებით შეუძლებელია ღირსეული მომავლის შექმნა.

სასწრაფოდ საჭიროა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და არსებული რეალობის გათვალისწინებით უფრო დაზუსტებული და კონკრეტული რეგულაციების დაწესება, რათა საბოლოოდ გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან კანონიერი და უკანონო. ახალგაზრდები კი დავიცვათ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით წაქეზებული უკანონო სასწავლებლებისგან. დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რასაც კანონიერება, სამართლიანობა, ღირსეული განათლება და მოქალაქეობრივი ვალი ჰქვია, რათა დავიცვათ ავტორიზებული სასწავლებლები არაჯანსაღი კონკურენციისაგან.

ამიტომაც გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოახდინოთ რეაგირება აღნიშნულ საკითხებზე და დაავალოთ საამისოდ უფლებამოსილ სტრუქტურებს ქმედითი ღონისძიებების გატარება და აღნიშნული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას.

პრეზიდენტი ნინო გომელაური

წევრები:

1. შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯი:

2. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა";

3. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "გეორგია";

4. შპს ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი;

5. შპს ინტერბიზნესის აკადემია;

6. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "ფანასკერტელი";

7. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "ორიენტირი";

8. შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია "იზფ";

9. შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია თიფ;

10. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი;

11. შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია;

12. ა(ა)იპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ადამიანი და ბუნება";

13. საზოგადოებრივი კოლეჯი "ამაგი";

14. ა(ა)იპ ახალციხის საზოგადოებრივი კოლეჯი;

15. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "ბარაკონი";

16. შპს ირაკლი ფაღავას სახელობის აკადემია "დასტაქარი";

17. შპს ზედაეწერის აგრობიზნესისა და ტექნოლოგიის კოლეჯი;

18. შპს "ილია" - ი. ჭავჭავაძის სახ. ქ. საგარეჯოს საგანმანათლებლო დაწესებულება;

19. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "ლიდერი";

20. შპს პროფესიული კოლეჯი მესამე სამედიცინო ტურიზმის აკადემია;

21. შპს "ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი "ანრი";

22. შპს საერთაშორისო ტურიზმის აკადემია;

23. შპს სოხუმის საზოგადოებრივი კოლეჯი;

24. შპს "სიო";

25. შპს "ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი";

26. შპს ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი;

27. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "ცხუმ-ეგრისი";

28. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "ხარება";

29. შპს "ხაშურის ილია ჭავჭავაძის სახელობის კოლეჯი";

30. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია;

31. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "ყყ| საუკუნე";

32. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "ტფეფდშ ფსფვუქნ";

33. შპს შავი ზღვის ბიზნესის აკადემია;

34. შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია";

35. შპს საზღვაო სასწავლო საწრთვნელი ცენტრი "ეკვატორი""

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×