ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ტელეკომპანია "ჯიდიესის" გადაცემა - "არაკორექტული შოუს" გამო ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტის განხილვას სთხოვს, თუმცა თავად ტელევიზია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. სპეციალისტთა ნაწილი კი საბჭოს ტელეკომპანიის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ქარტია არა ეთიკური ნორმების დამცველ ორგანიზაციად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელად გვევლინება.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია "ჯიდიესზე" გასული 9 ნოემბრის გადაცემა - "არაეთიკური შოუ", სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება, ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება კი სწორედ ამ კონკრეტულ გადაცემას მოჰყვა.
ნაჩქარევად, მოკლე დროში მიღებული გადაწყვეტილება და ზოგიერთი სხვა გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ეთიკის ქარტია ამ შემთხვევაში, ნებით თუ უნებლიეთ, პოლიტიკური მესიჯების გამხმოვანებელი გახდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭომს გააპროტესტა მედიასაშუალების მიერ არა ფაქტებისა და ინფორმაციის დამახინჯება, არამედ მოვლენების გაშუქების ფორმები, დაახლოებით ისე, როგორც ახლახან რუსეთის ხელისუფლებამ გააპროტესტა ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სატირული ფრანგული ჟურნალის, "შარლი ებდოს" მიერ კარიკატურების დაბეჭდვა.
თავად ქარტიის საბჭოს წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამ ეჭვებს უსაფუძვლოს უწოდებენ. მათი თქმით, საბჭო პერიოდულად, საკუთარი ინიციატივით იხილავს და აფასებს ამა თუ იმ მედია საშუალების და მათ შორის "რუსთავი 2"-ის მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში მათ საკუთარ რეკომენდაციასაც უგზავნის. ეს რეკომენდაცია კი პირველ რიგში მეგობრული და პროფესიული რჩევაა, რომელიც ამ კონკრეტული კომპანიის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და არა რაიმე შეზღუდვების ან ცენზურის დაწესების მოთხოვნას.
აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეთიკის ქარტიამ თავდაპირველად საკითხის შესწავლის თხოვნით მარეგულირებელ კომისიას მიმართა. თუმცა მოგვიანებით განცხადება უკან გამოითხოვა და აღნიშნულ თემაზე ახალი განცხადებითნტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წამყვანის მონოლოგი გაჯერებული იყო უხამსი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ხოლო "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, "იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას."
"როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მომდევნო გამოშვებებში შენარჩუნებული იქნება პირველ გადაცემაში არჩეული სტილი და ლექსიკა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შეისწავლოთ გადაცემის შესაბამისობა როგორც "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან, ისე "მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან", - ნათქვამი იყო საბჭოს მიერ მარეგულირებელი კომისიისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადების სახით თავის ვებ-გვერდზე 11 ნოემბერს ატვირთა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, განცხადების პირველი ვერსიის, ასევე ადრესატის ცვლილება გარკვეული შეცდომის გამო მოხდა. როგორც მან "მთელ კვირას" უთხრა, ვინაიდან აღნიშნული მუხლის ერთ-ერთი საფუძვლით კომისიისათვის მიმართვის უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, განცხადება უკან იქნა გამოხმობილი.
"თავდაპირველად გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციის ეროვნული კომისიისთვის მიგვემართა, თუმცა მოხდა გარკვეული შეცდომა: იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული იყო მუხლი, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს ამ შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს მიმართოს, ჩვენ ეს განაცხადი უკან გამოვითხოვეთ.
"თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვა თავადვე საბჭოს ინიციატივა იყო, საჩივარი ამ საკითხზე არავის შემოუტანია. ასე რომ მომხდარიყო, მაშინ საბჭო თავადვე იმსჯელებდა და შესაბამისად, თვითრეგულირების ორგანოსაც არ მიმართავდა.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭომ გადაწყვიტა თავადვე ყოფილიყო ინიციატორი, ვინაიდან ქარტიის მუხლების პრინციპების დარღვევა აშკარად არ იკვეთებოდა. ანუ, ვარაუდი იმისა, რომ ჩვენთან ვინმე განცხადებას შემოიტანდა და საბჭო ამას რედაქციის მიმართ უარყოფითად გადაწყვეტდა, მინიმალური იყო. ვინდაიდან ქარტიის იმ 11 პრინციპს შორის არც ერთი მუხლი ამას არ მიუდგა, შესაბამისად, ქარტიის საბჭომ სამსჯელოდ თავად ტელეკომპანიას მიმართა," - გვითხრა ძველიშვილმა.
მისივე თქმით, ქარტიაში საჩივარს შესვლის შემთხვევაში, საბჭო განცხადებებს არ აკეთებს და საკითხზე თავად მსჯელობს. ძველიშვილი ამბობს, რომ ღია განცხადებებს ქარტია პრევენციის მიზნით ავრცელებს და მაგალითისთვის ყურადღებას ციხის ცნობილ კადრებზე ამახვილებს, როცა საბჭომ მედიასაშუალებებს მოუწოდა მისი გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.
ჩვენს შეკითხვაზე, რატომ არ რეაგირებს ქარტია "არაეთიკური შოუს" მსგავს სხვა გადაცემებზე, ძველიშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულ თემაზე განცხადებების გაკეთებას მომავალში არ გამორიცხავენ.
"კონკრეტულად "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში დეპუტატ მეჭიაურის ფიზიკურ ნაკლზე ყურადღების გამახვილებაზე საბჭომ განცხადების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალა. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში განცხადებები მსგავსი ტიპის სხვა გადაცემებზეც გავავრცელოთ.
"მაგალითისთვის, "რუსთავი 2"-თან მიმართებაში შემიძლია 1 კვირის წინანდელი სიახლე გავიხსენო, როდესაც მათ კონკრეტულ მასალასთან დაკავშირებით პირველი პრინციპის დარღვევა დაუდგინდათ. ეს გახლდათ თავდაცვის სამინისტროს შემოტანილი საჩივარი, რომელიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ იყო. ამდენად, საუბარი იმაზე, რომ საბჭო რომელიმე მედიის მიმართ უფრო ლოიალურია, ვფიქრობ, აზრს მოკლებულია. საბჭო დამოუკიდებლად, სხვის მიერ შემოტანილი საჩივრების გარეშეც რეაგირებს, ხშირ შემთხვევებში საარჩევნო პერიოდში უფრო აქტიურად, სხვა მშვიდ პერიოდში კი განცხადებები შედარებით ნაკლებია", - განუცხადა "მთელ კვირას" ძველიშვილმა.
საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ზურიაშვილის განცხადებით კი, გადაწყვეტილება "ჯიდიესის" გადაცემასთან დაკავშირებით არა მხოლოდ საბჭომ, არამედ ორგანიზაციის მთლიანმა ჯგუფმა ერთხმად მიიღო. ზურიაშვილის თქმით, აღნიშნულზე განცხადების გავრცელება საბჭომ მას შემდეგ გადაწვიტა, როცა ქარტიის ერთ-ერთ ჟურნალისტს, "არაკორექტული შოუს" ინტერნეტ-ლინკი მიაწოდეს.
"ეს გადაწყვეტილება არათუ საბჭოს სხდომაზე, არამედ ჯგუფში მივიღეთ, ვინაიდან ყველამ ჩავთვალეთ, რომ ეს არ იყო წმინდა ჟურნალისტური პროდუქტი. როდესაც გადაცემაში შეურაცხმყოფელი ტექსტია და ცოტა ქსენოფობიაშიც გადადის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ეს ყოვლივე თავიდან ავიცილოთ.
"ვერ ვხდები ეს აჟიოტაჟი რის გამო შეიქმნა. ჩვენ ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, უბრალოდ გავაკეთეთ გადამისამართება და მივმართეთ ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს, რათა თავადვე განეხილათ რას მოიმოქმედებდნენ. უნდათ - განიხილონ, უნდათ - არა, ეს მათი საქმეა.
"მაუწყებლობის ქცევის კოდექსი არ ანსხვავებს ერთმანეთისგან იუმორისტულსა თუ სხვა ტიპის გადაცემებს. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვჩვენა, რომ გადაცემა შეურაცხმყოფელი ლექსიკით იყო გაჯერებული და ამიტომ მივმართეთ ტელევიზიას - დაე, თავად იმჯელონ ამ საკითხზე.
"მაშინაც კი, როცა ვინმეს პროდუქტს თავად ვიხილავთ, ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ. უბრალოდ ვეუბნებით, რომ შენი ჟურნალისტური პროდუქტი ამა და ამ მუხლის შესაბამისი არ იყო. ერთია უკეთესისკენ სწრაფვა და ამისკენ მოწოდება და მეორეა აკრძალვა, ამ ორ პროცესს შორის დიდი სხვაობაა.
"სიმართლე გითხრათ, ეს გადაცემა ნანახი არ მაქვს, როცა ქარტიაში ამ შოუს ლინკი ჩააგდეს, მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რომ "ჯიდიესზე" ეს გადაცემა არსებობდა.
"ამ საქმეთან ერთად იხილებოდა ასეთივე შეურაცხმყოფელი ლექსიკის მქონე გადაცემა, რომელიც შალვა რამიშვილს მიჰყავდა. თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, "რამიშვილის შოუ" ბუნებაში აღარ არსებობს, უფრო სწორად, ახლა სხვას მიჰყავს და შესაბამისად, "იმედისთვის" აღარ მიგვიმართავს", - აცხადებს ზურიაშვილი.
იგი უცნაურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მედია ამ კონკრეტული შემთხვევით საერთოდ დაინტერესდა.
გვინდოდა ამ თემაზე ქარტიის საბჭოს სხვა წევრებთანაც გვესაუბრა, თუმცა გაირკვა, რომ ქარტიის მუშაობაზე მედიასთან კომენტარებს მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარე და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი აკეთებენ.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერელური დირექტორი, ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და გადაცემა "არაეთიკური შოუს" ერთ-ერთ თანაავტორს, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, რომელიც ამავდროულად ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" წევრია. ცნობისათვის, ინტელექტუალური შოუ "რა? სად? როდის?" სწორედ "რუსთავი 2"ის ეთერში გადის.
გვარამია ლორთქიფანიძისაგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას არც "რუსთავი 2" ოფისში შეუშვებენ და არც "რუსთავი 2"-ის ეთერში.
"ალექსანდრე ლორთქიფანიძის პირადი საქამეა "რ2"-ის მიმართ მისი დამოკიდებულება და არავინ არ/ვერ შეუშლის ხელს ისე გამოხატოს ეს დამოკიდებულება, როგორც სურს, მაგრამ ჩემი საქმეა, არხის სახელით (და კატეგორიული მოთხოვნით) არ დავუშვა ის არხის ტერიტორიაზე და მის ეთერში, რაშიც ასევე ვერავინ შემიშლის ხელს.
"გადაწყვეტილება გადაიხედება ერთადერთ შემთხვევაში - თუ ალექსანდრე ლორთქიფანიძე საჯაროდ ბოდიშს მოუხდის "რ2"-ის კოლექტივს, სხვა ვითარებაში, ის ვეღარ მოხვდება ვერც ტელეკომპანიის ტერიტორიაზე და ვერც მის ეთერში," - წერს ნიკა გვარამია საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე.
თავად "ჯიდიესში" აცხადენებ, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტად მიაჩნიათ.
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აღნიშნული განცხადება საიტიდან უკვე აიღო. შესაბამისად, ჩვენ ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვინაიდან სათქმელი არაფერია. გარდა ამისა, ამ თემის ირგვლივ ქარტიასთან ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია," - განუცხადა "მთელ კვირას" გადაცემა "არაკორექტული შოუს" პროდიუსერმა თეონა მაზმიშვილმა.
ამ თემაზე "მთელ კვირასთან" საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა, არჩილ გამზარდიამ ისაუბა, რომელიც ახლო წარსულში თავად "ჯიდიესში" მუშაობდა. მისი თქმით, ქარტიის განცხადება ტელეკომპანია "ჯიდიესის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
გამზარდიას შეფასებით, იმ ფონზე, როცა "რუსთავი 2"-ის ბადეში იუმორისტულ პროპაგანდისტულ ანიმაციურ ფილმებსა და გადაცემებს მრავლად ვხედავთ, "არაკორექტულ შოუზე" თავდასხმა სასაცილო და გაუგებარია.
"პირველ რიგში უნდა ავხსნათ მიზეზი, თუ რა შეიძლება ტელეკომპანია "ჯიდიესის" მიმართ აგრესიას იწვევდეს. რა თქმა უნდა, მტკიცებას არ დავიწყებ, აზრი მხოლოდ მოსაზრების დონეზე შემიძლია გამოვხატო, თუმცა, ჩემი შეხედულებით, აქ ორი ვარიაციაა: ერთია ის, რომ ზოგადად, დიდი ხანია ტელეკომპანია "ჯიდიესის" მიმართ სხვადასხვა არასამთავთავრობო ორგანიზაციებისა თუ ტელევიზიების მხრიდან მიზანმიმართულ დისკრედიტაციულ კამპანიას ვხედავთ. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჯიდიესზე" საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გაჩნდა.
"ეს გამოვიარე მეც, თუმცა რამდენადაც გადაცემა "20/30" აკადემიური და ასე ვთქვათ, დავარცხნილი იყო, დავის შესაძლებლობას არ იძლეოდა. "ჯიდიესის" მიმართ ეს კამპანია დღემდე გრძელდება და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ტელევიზიას ობიექტური მიზეზების გამო, რეიტინგი ემატება. ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ სუბიექტურობაში დამდონ ბრალი, ვინაიდან ამ ტელეკომპანიასთან აღარ ვთანამშრომლობ.
"მეორე ვერსია, რაც შესაძლოა სიმართლესთან ახლოს იყოს: ჩვენ ვიცით, რომ ია ანთაძე "ჯიდიესთან" თანამშრომლობს, ქარტია კი ამ დროს ცდილობს დისტანცირება მოახდინოს და მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული არ იყოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევასა და გადაცემას, მაშინ, როცა ჩვენ "რუსთავი 2"-ის ბადეში იუმორისტულ, თუმცა პროპაგანდისტულ ანიმაციურ ფილმებსა და გადაცემებს მრავლად ვხედავთ, ჩემთვის ცოტა სასაცილო და გაუგებარიცაა ამ გადაცემაზე თავდასხმა.
"გადაცემის სახელწოდებიდან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ის ხისტი იყოს, ამიტომ ეს მაყურებლის მხრიდან შეიძლება გაზიარებულ იქნეს, ან არა," - ამბობს გამზარდია და დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში "ჯიდიესის" არაეთიკურობაში დადანაშაულება მაშინ, როცა "რუსთავი 2"-ის გადაცემები მხედველობაშიც კი არ არის მიღებული, თავისთავად ავლენს იმ ადამიანების ტენდენციურობას, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხებზე მუშაობენ.
"თუკი ეს საკითხი ერთიან კონტექსტში იქნება განხილული და განცხადებები სხვა გადაცემებსაც შეეხება, მაშინ მისასალმებელი იქნება. თავის დროზე თავად გახლდით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი, თუმცა ორგანიზაცია მას შემდეგ დავტოვე, რაც გამიჩნდა განცდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლო ქარტია ცალმხრივი ყოფილიყო.
"ეს მოსაზრება დღემდე დამრჩა. შთაბეჭდილების დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ქარტია ზოგ შემთხვევაში გვევლინება ორგანიზაციად, რომელიც პოლიტიკურ მიზნებს ატარებს და თავის ეთიკურ საზღვრებს მხოლოდ ამავე ინტერესებისთვის იყენებს.
"რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, ჩემი აზრით, მისი განცხადებები დღეს ინტერესის საგანი საერთოდ არ უნდა იყოს, თუმცა, რაკიღა მისი უშვერი გამოსვლა შეკითხვებს მაინც ბადებს, უნდა ითქვას, რომ თუკი ვინმე კოლეგებთან და ჟურნალისტებთან არაეთიკურია, ეს თავად გვარამიაა. რატომღაც ბევრი არასამთავრობო ამაზე არ რეაგირებს. ამ შემთხვევაში კი გვარამიამ, როგორც ამას ჩვეულებრივ ყოველთვის აკეთებს, ქარტია პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც ქარტიამაც ნაკლები ობიექტურობით თუ რაღაც მომენტში მიკერძოებით, ამის საფუძველი თავად მისცა," - აღნიშნავს არჩილ გამზარდია.
"მთელი კვირა" შეეცადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება დაეფიქსირებინა, მაგრამ მათ სხვადასხვა მოტივით ამ თემაზე საუბრისაგან თავი შეიკავეს.