საქართველო ვიზების ლიბერალიზაციისათვის აუცილებელ ბევრ სტანდარტს აკმაყოფილებს
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
18.11.2015

 ასოცირების საბჭოს შემდეგ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში ასოცირების ხელშეკრულება ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს და მისი შესრულების პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს მოდერნიზაცია.

"საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის საკითხებში," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წლის ივნისში ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს.

თუმცა, მისი აზრით, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

უმაღლესი წარმომადგენლის აზრით, საარჩევნო წელს გარანტირებული უნდა იქნეს მშვიდი, ურთიერთპატივისცემით განმსჭვალული პოლიტიკური გარემო, აუცილებელია თავის შეკავება ნეგატიური მოქმედებისა და განცხადებებისგან.პოლიტიკური გარემო უნდა დაეფუძნოს მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული, ინკლუზიური და სამართლებრივი არჩევნები.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის აზრით, ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს "ამბიციური პოლიტიკური, მართლმსაჯულების სისტემისა და ეკონომიკური რეფორმების" განხორციელების საქმეში.

"ამ ეტაპზე ყოველწლიურად გამოიყოფა დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი თანხაა," - განაცხადა კომისარმა.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭო დადებითად აფასებს 2014 წლის ნოემბრის (საბჭოს) პირველი სხდომის შემდეგ ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობაში მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას და მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, შეინარჩუნოს რეფორმების პროცესში მიღწეული დადებითი შედეგები. ამ კონტექსტში ასოცირების საბჭომ შეაფასა საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

 როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად საჭიროა არსებული დემოკრატიული გარემოს შენარჩუნება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყონ თავისუფალი მედია გარემო და პოლიტიკური პლურალიზმი, როგორც დემოკრატიული არჩევნების წინაპირობა და თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობის ზრდა და პოლარიზების გაღრმავება გამოიწვიოს.

ევროკავშირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი სისხლისსამართლებრივი გამოძიება და დევნა; ის უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებული, წარიმართოს პროცედურების მკაცრი დაცვით და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზების პროცესში მიღწეულ წარმატებას და ვალდებულებების უდიდესი ნაწილის შესრულებას, როგორც ევროკომისიის 2015 წლის მაისის პერიოდულ ანგარიშშია აღნიშნული. ევროკავშირმა კმაყოფილებით აღნიშნა ის წინსვლა, რომელიც დარჩენილი ვალდებულებების შესრულებაში იქნა მიღწეული.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ასევე შეეხო ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს და მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო უკვე აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ ბევრ სტანდარტს, მაგრამ აღნიშნა, რომ აუცილებელია მუშაობის გაგრძელება დარჩენილი ვალდებულებების შესასრულებლად.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისია საბოლოო დასკვნას 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ "ძალიან დიდი და პოზიტიური მოლოდინის" საფუძველი არსებობს.

"რეზონანსის" შეკითხვაზე, საბჭოს სხდომაზე იყო თუ არა უფრო დეტალური საუბარი საარჩევნო წელს წყნარი და თავშეკავებული საარჩევნო გარემოს აუცილებლობაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში მოყვანილი ფრაზებით შემოიფარგლნენ და ამ თემის დეტალური განხილვა არ ყოფილა.

"დღევანდელი სხდომით ჩვენ კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ," - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ.

"ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან გაჟღერდა ძალიან ბევრი ოპტიმისტური გზავნილი და არც ზედმეტი შეკითხვები გაჩენილა. იყო აღნიშნული სერიოზული პროგრესი ყველა მიმართულებით, ამიტომ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ჩვენ ამ გზაზე მალე დიდ წარმატებას მივაღწევთ," - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×