"ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია" რუსთავის მერიას სასამართლოში უჩივის. მიზეზი ისაა, რომ კათოლიკეებს რუსთავში მათსავე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ეკლესიის აშენება სურთ, თუმცა მერიისაგან ნებართვა ვერ მიიღეს.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ თანხმობას ვერ გასცემენ, რადგანაც ეს ტერიტორია საცხოვრებელ ზონას მიეკუთვნება და იქ საკულტო ნაგებობის მშენებლობა აკრძალულია. საქმეში ასევე არსებობს "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს" შუამდგომლობა, რომელიც რუსთავის მერიას შესაბამისი ნებართვის გაცემის რეკომენდაციით მიმართავს.
ეს დავა კათოლიკეებსა რუსთავის მერიას შორის ორნახევარ წელიწადს გრძელდება. თავდაპირველად "ლათინ კათოლიკეთა კავკასიური სამოციქულო ეკლესიამ" 2013 წლის 16 აპრილს შეტანა მერიაში განცხადება, რომლითაც მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობის ნებართვას ითხოვდნენ. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას "ადამინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი ეთო გვრიტიშვილი ამბობს, ამის შემდეგ ეკლესიამ შეძლო მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მიღების პირველი სტადიის გავლა - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რის შემდეგაც პროცესი ფაქტობრივად კონსერვირდა და არაფერი გაკეთებულა.
"იმის დადგენა, თუ რამდენად შესაძლებელია საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობის აგება კონკრეტული მიწის ნაკვეთზე, ხდება სწორედ პირველი ეტაპის დროს, რაც დადგინდა კიდეც 2013 წელს. ანუ ქალაქ რუსთავის თვითმმართველობამ მაშინ ჩათვალა, რომ მიწის ამ ნაკვეთზე შესაძლებელი იყო საკულტო ტიპის ნაგებობის მშენებლობა, რის შედეგადაც მახრეს წარმოეშვა კანონიერი ნდობა და მოლოდინი იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე არქიტექტურული მშენებლობის ნებართვის გაცემა უპრობლემოდ მოხდებოდა, რაც არ მოხდა.
"როგორც თავად ამბობენ, დარღვევით იყო გაცემული ეს პირველი დადგენილება და არსებობდა გარკვეული დაბრკოლებები, რაც რა თქმა უნდა არ არსებობდა. ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წერილობითი სახით გამოგზავნილი. თუ მერია უარს ეტყოდა მათ მშენებლობის ნებართვაზე, "ლათინო კათოლიკური კავკასიური სამოციქულო ეკლესია" ან დაეთანხმებოდა, ან გაასაჩივრებდა სასამართლოში", - აცხადებს გვრიტიშვილი.
მისივე ცნობით, კათოლიკურმა ეკლესიამ 2014 წელს პირველად მიმართა სასამართლოს და საქმე მოიგო. ადვოკატის თქმით, სამშენებლო სფეროში მოქმედებს პრონციპი - დუმილი თანხმობის ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ რადგანაც მერიამ განმცხადებელს მის მოთხოვნაზე კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ გასცა ოფიციალური პასუხი, ეს მერიის მხრიდან თანხმობად უნდა ჩაითვალოს.
სასამართლოში ახალი სარჩელი რამდენიმე დღის წინ, 13 ნოემბერს შეიტანეს და ახლა მშენებლობის ნებართვის გაცემის გარდა სასამართლოსგან იმას გარკვევას ითხოვენ, ხომ არ იკვეთება მერიის ქმედებებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია.
გვრიტიშვილმა ისაუბრა რუსთავის მერიაში ჩატარებული ზეპირი ადმინისტრაციული საბჭოს სხდომაზეც, რომელშიც მონაწილეობდნენ მერიის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი მართლმადიდებელი როგორც სამოქალაქო ისე სასულიერო პირები.
"2014 წლის 14 დეკემბერს გაიმართა ზეპირი ადმინისტრაციული სხდომა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც სასულიერო პირებს მოტანილი ჰქონდათ ბუკლეტები, რომელშიც მითითებული იყო კათოლიკური ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული ფაქტები და ა.შ. ისინი ცდილობდნენ, მთალიანად კათოლიკური ეკლესიის მარგინალიზება მოეხდინათ და აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას.
"ამ პროცესზე იმყოფებოდა კათოლიკური ეკლესიის მართლმადიდებელი ადვოკატი, რომელსაც საკრებულოს დეპუტატები ეუბნებოდნენ, რომ დაუშვებელი იყო, მას კათოლიკური ეკლესიის ინტერესები დაეცვა. ანუ მთლიანად ხდებოდა ამ პროცესების სამართებლივი ნორმებიდან გადახვევა.
"აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საკრებულოს დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაუშვებენ რუსთავში "ლათინო კათოლიკური კავკასიური სამოციქულო ეკლესიის" აშენებას. გარდა ამისა, იყო პოლიტიკური მოლაპარაკებები, რაშიც ჩართულნი იყვნენ დეპუტატები, რუსთავის მერი და ცდილობდნენ, ქალაქგარეთ შეეთავაზებინათ ალტერნატიული ფართი მშნებლობისთვის და ა.შ. თუმცა, ეს ფართი აბსოლუტურად მიუღებელი იყო მისი მდებარეობიდან გამომდინარე," - განაცხადა ეთო გვრიტიშვილმა.
2014 წლის 31 ოქტომბერს "ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციამ" მიმართა "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს" შუამდგომლობისთვის რის შემდეგაც კომისიამ დაადგინა, რომ მათთვის საჭიროებას წარმოადგენს საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობას, ვინაიდან ქ. რუსთავში არსებობს შესაბამისი რაოდენობის მრევლი და შესაბამისი შენობის არქონის გამო იძულებულნი არიან, რელიგიური მსახურება ჩაატარონ ნაქირავებ ბინაში, არასათანადო პირობებში.
"ამასთან, სამართლებრივი პროცედურები განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მათ შორის, საქმეში არსებული სასამართლო გადაწყვეტილება ხელს არ უშლის მშენებლობის ნებართვის გაცემას. შესაბამისად, მოგმართავთ რეკომენდაციით, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პროცედურების დაცვით, უზრუნველყოთ "საქართველოს ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციისთვის" სამშენებლო ნებართვის გაცემა", - ნათქვამია განცხადებაში.
"რეზონანსი" რუსთავის მერიას დაუკავშირდა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ 2013 წელს პირველადი ნებართვა კანონდარღვევით გაიცა, რადგან ტერიტორია, რომელზეც საუბარია, ეკუთვნის საცხოვრებელ ზონა #5-ს და ამ ადგილზე სხვა ტიპის ნაგებობის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა კანონდარღვევად ითვლება.
"მოგეხსენებათ, ნებისმიერი ქალაქი დაყოფილია სხვადასხვა ზონებად, რომელსაც განსხვავებული ფუნქციები აქვს. როგორც მაშინ, ახლაც ეს ტერიტორია არის საცხოვრებელი სახლებისთვის განკუთვნილი. შესაბამისად, 2013 წელს გაცემული ეს ნებართვა არის უკანონო.
"მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო მშენებლობაზე ნებართვის გაცემა, ეს იყო პირველადი ნებართვა. ამის შემდეგ, მშენებლობის დაწყებაზე თანხმობის მისაღებად მათ განცხადება მეორედ შემოიტანეს.
"მინდა განვმარტო მათ განცხადებაში რუსთავის მერიის სხდომასთან დაკავშირებული ნათქვამიც, რომ მერიაში სხდომას მართლმადიდებელებიც ესწრებოდნენ. თუ რატომ - ეს შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარეობს: მართლამდიდებლმა მრევლმა შემოიტანა განცხადება, სადაც ისინი მიმართავდნენ მერს და აპროტესტებდნენ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას და როცა ეს ხდება, ვინც უნდა იყოს შემომტანი, მუსულმანი, პროტესტანტი თუ რიგითი ადამიანი, თვიმართველობა კანონით არის ვალდებული ჩაინიშნოს სხდომა და ყველა მხარე, რომელსაც ამ საკითხზე აქვს მერიაში შემოტანილი განცხადება, მიიწვიოს ადმინისტრაციულ სხდომაზე. სწორედ ამიტომ ესწრებოდნენ ისინი სხდომას, სადაც მხარეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და სხვა არაფერი.
"რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდა მოვლენები, "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას" შემოტანილ ნებართვაზე სიტყვიერად განემარტათ, რომ ეს ტერიტორია არის საცხოვრებელი მიწები და ამ ადგილზე საკულტო ნაგებობის მშენებლობაზე თანხმობის გაცემის უფლება კანონით არ გვაქვს. შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია, რაზეც განაცხადეს რომ იფიქრებდნენ, თუმცა, შემდეგ პირდაპირ წავიდნენ სასამართლოში, საიდანაც, ჩემი ინფორმაციით, მიუვიდათ შემდეგი ხასიათის წერილი, რომ ვინაიდან ოფიციალურად არც თანხმობა და არც უარი მათ მოთხოვნაზე არ გაცემულა, ამ საკითხს სასამართლო ვერ განიხილავდა, რადგან უარი არ იყო იმაზე ნათქვამი, რასაც ასაჩივრებდნენ.
"სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათ კვლავ შემოიტანეს რუსთავის მერიაში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მოთხოვნა და არქიტექტურის სამსახურმა თავიდან დაიწყო ამ საკითხის განხილვა.
"თუმცა, როგორც გითხარით, არქიტექტურის სამსახური ჩიხშია შესული, რადგან გენერალური განვითარების გეგმაში მიწა განსაზღვრულია როგორც საცხოვრებელი ადგილი. ამიტომ კანონიერად ვერ ახერხებენ ამას და ვინაიდან ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ დისკრედიტაციაა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, საბოლოო გადაწყვეტილების მიიღებამდე გაგვეგზავნა წერილი "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის" და მათთვის გვეთხოვა რეკომენდაცია.
"10 ნოემბერს ჩვენ გავაგზავნეთ წერილი, სადაც აღწერილია სიტუაცია და ის დაბრკოლებები, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით და ვთხოვეთ მათ, გაგვიკეთონ რეკომენდაცია და გვირჩიონ, როგორ მოვიქცეთ", - განაცხადა რუსთავის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.