დიდი ბრიტანეთის "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა" წარმოადგინა საკუთარი კვლევა "ტერორიზმის გლობალური რეიტინგი - 2015". მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებასა და ტერორისტული საფრთხის დონეებზეა საუბარი.
162 ქვეყნისაგან შემდგარ რეიტინგში საქართველომ 71-ე, ანუ ტერორისტული თავდასხმების ალბათობის საშუალო მაჩვენებელი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი 116-ე, აზერბაიჯანი კი 93-ე პოზიციაზე არიან, რაც საფრთხის დაბალი ალბათობის მაჩვენებელია.
ტრადიციულად მაღალია საფრთხე რუსეთში, რომელიც "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" რეიტინგში 23-ე, თურქეთი კი 27-ე ადგილზეა.
ზოგადად კი ტერორისტული თავდასხმის ყველაზე მაღალი საფრთხეა ერაყში, ავღანეთსა და ნიგერიაში. ამავე ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებიც ექსტრემისტთა თავდასხმების სამიზნეები გახდნენ.
გაზრდილია ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაც. კვლევის ავტორთა მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოს 93 სხვადასხვა სახელმწიფოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს 32 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და ძალოვანი შეეწირა. დაშავებულთა რაოდენობა 50 000-ს აღემატება.
"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მიერ წარმოდგენილ კვლევაში საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ კი ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში შემცირდა ძალადობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის მაჩვენებელი, რაც საერთო ვითარებაზე პოზიტიურად ისახება.
რეალურია თუ არა ტერორისტული თავდასხმის საფრთხე საქართველოში და რამდენად შეესაბამება რეალობას რეიტინგში ქვეყნისათვის მინიჭებული 71-ე ადგილი, ამის შესახებ "რეზონანსი" სამხედრო მიმომხილველ გიორგი ინაურს ესაუბრა.
ანალიტიკოსის თქმით, საქართველოსთვის საშუალო კატეგორიის მინიჭება იმ ფონზე, რომ ის საკმაოდ ფეთქებადსაშიშ რეგიონში მდებარეობს, დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია. თუმცა კი, ხელისუფლებას იგი მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს, რათა დასავლური საზოგადოების თვალში წარმოჩინდეს რეალური ვითარება და ის, რომ ჩვენი ქვეყანა ტერორიზმის საფრთხისაგან იმაზე მეტადაა დაცული, ვიდრე ეს "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მკვლევარებს ჰგონიათ.
"ტერორიზმის საფრთხე ნებისმიერ სახელმწიფოშია, მისგან დაზღვეული არცერთი ქვეყანა არ არის, თვით ზესახელმწიფოებიც კი. თუმცა, ზოგიერთ დასავლელ მკვლევარს ძალიან უყვარს უტრირება, მით უფრო, რომ ამის საბაბი გარკვეულწილად აქვთ.
"ისლამურ სახელმწიფოში" ჩვენი ქვეყნის 100-მდე მოქალაქე იბრძვის. მათ სამწუხაროდ არც ქვეყნის შიგნით აკლიათ გულშემატკივრები, რაც გარკვეული საფრთხის მატარებელია. თუმცა ამ დრომდე ისლამისტების მხრიდან უშუალოდ საქართველოს მიმართ რაიმე სახის მუქარა, თუ ჭაღილაძის პოსტებს არ ჩავთვლით, არ ყოფილა.
"ეს ჩვენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს მოდუნების უფლებას რა თქმა უნდა არ აძლევს. მთავარი სიტყვა ახლა მთავრობის წარმომადგენლებს ეკუთვნით. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ საერთაშორისო საზოგადოების დასარწმუნებლად იმაში, რომ საქართველოდან ტერორიზმის არანაირი საფრთხე არ მოდის, ისევე როგორც, არც ქვეყნის შიგნითაა ტერაქტის საფრთხე. ნებისმიერი ტრიბუნა უნდა გამოიყენონ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, როდესაც ვიზალიბერალიზაციის მინიჭება-არმინიჭების საკითხი განიხილება", - თქვა ინაურმა
მისივე აზრით, მსგავს რეიტინგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტულ ბიზნესშიც, განსაკუთრებით ახლა, პარიზული ტერაქტების შემდეგ. საქართველო კი, რომელიც ევროპული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ათეულშია მოხვედრილი, მაქსიმალურად უნდა ეცადოს საკუთარი იმიჯის დაცვას, რათა ამან ტურისტულ ნაკადზე გავლენა არ იქონიოს.