ბადრი რამიშვილი პროფესორი
ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ვითარებამ რაც სადღეისოდ მსოფლიოში სუფევს და რომელიც გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნის ჩვენს სამშობლოს. საფრთხეების ფონზე საქართველოს მთავრობამ გულდასმით უნდა გაანალიზონ ის მოვლენები, რაც კალეიდოსკოპური რეჟიმით ცვლის მსოფლიო გეოპოლიტკურ ლანდშაფტს. ქვემოთ ქრონოლოგიური მიმდევრობით ჩამოვთვლი იმ ფაქტებს, რაც ამ ბოლო ხანებში მსოფლიოში მოხდა და რაც ჩემი აზრით რადიკალურად (შეიძლება ფატალურადაც კი) შეცვლის იმ ცივილიზაციურ კლიშეს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა.
1. რუსეთმა (უფრო სწორად რუსეთის ხელისუფლებამ) დამარცხება იწვნია უკრაინის ფრონტზე. პროექტი "ნოვოროსია" ჩაიშალა. რუსეთის იმპერიულ ამბიციაზე ამ ეპოქალური მოვლენის გავლენა ათწლეულობით შენარჩუნდება, სანამ საბოლოოდ არ გააქარწყლებს მას. პუტინმა ტრაგიკული შეცდომა დაუშვა უკრაინასთან დაპირისპირებით, ამით მან ფაქტობრივად გააფორმა უკრაინული ნაციის, როგორც თვითკმარი საზოგადოების დაბადება, რომელმაც თვითიდენტიფიცირება და მსოფლიოში დამკვიდრება რუსეთისგან დისტანცირების საფუძველზე დაიწყო. არადა თუ რუსეთის შეტევამდე ამ ქვეყანაში არსებულ ელექტორალურ განწყობებს გავიხსენებთ მდგომარეობა სულაც არ იყო რუსული იმპერიალიზმისთვის ესოდენ ტრაგიკული.
2. რუსეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე საეჭვოდ მოსჩანს ყირიმის "ანშლუსიც". რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის იმპერიულად "გაყინულმა" ხედვებმა, "ვოდკის" და "კოლბასის" შესაძლო დეფიციტის ფონზე გალხობა დაიწყო. დასავლეთის დაპირება, რომ რუსეთი ყირიმის გამო ფასს გადაიხდიდა, შესრულდა. ეკონომიკურმა სანქციებმა (ნავთობის ფასის შემცირებაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ სანქციად მიმაჩნია) რეალური შედეგი გამოიღო. პუტინის მიერ ხელისუფლების შესანარჩუნებლად საჭირო გახდა რუსეთის მოსახლეობისთვის ახალი პატრიოტული პროექტის შეთავაზება. გარდა ამისა, ასადის დამარცხების შემთხვევაში საბოლოოდ გაქრებოდა ისედაც ეფემერად ქცეული ნახშირწყალბადური იმპერიული ბერკეტი. ასე დაიბადა "ისლამურ სახელმწიფოზე" შეტევის იდეა.
3. ახლახანს ირანის პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ საუდის არაბეთი და ყათარი ასადის თავის სანაცვლოდ რუსეთს 300 მლრდ დოლარს სთავაზობდა. ცხადია ამ ფაქტის მიღმა იგულისხმება ისიც, რომ თუ რუსეთი უარს იტყოდა ამ შეთავაზებაზე ეს ფული ასადის მოშორების სხვა მიმართულებებზე დაიხარჯებოდა, არადა ეს ის დროა, როდესაც რუსეთი უკვე აქტიურად (სამხედრო თვალსაზრისით) არის ჩართული ასადის დაცვაში. რუსეთის ფედერალური რეზერვები 2015 წლის 1 ნოემბრისთვის დაახლოებით 370 მლრდ დოლარს შეადგენდა. ვფიქრობ შეთავაზებულ თანხაში ეს ფაქტიც გათვალისწინებული იყო. თუ რუსეთი გადაწყვეტდა ასადის შემდგომ დაცვას, მაშინ მას მოუწევდა კარგად დაფინანსებული ფანატიკოსების წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო ეს ნამდვილად დაჯდებოდა 300 მლრდ $-ზე მეტი.
4. რუსული ავიაციის "ჰეროიკულმა" რეიდებმა და ამის შესახებ მომზადებულმა კადრებმა იმუშავა ელექტორატზე, "ნოვოროსიის" წარუმატებელმა იდეამ და "ვოდკის" და "კოლბასის" შესაძლო დეფიციტის საფრთხემ უკანა პლანზე გადაინაცვლა. რუსობა კვლავ აღტაცებული მიუჯდა ტელევიზორს. პუტინი თითქოს მეტად მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდა, მას შეეძლო წლობით განეხორციელებინა კანტი-კუნტი საავიაციო რეიდები და ამით ეკვება ობივატელი. მაგრამ ჩამოაგდეს რუსული ავიალაინერი და მთელი ეს დალაგებული "კარტინკა" აყირავდა. (სხვათაშორის ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რუსეთი არ აპირებდა ამ ტრაგედიის ტერაქტად აღიარებას, მაგრამ მას ბრიტანული სპეც-სამსახურები "მეგობრულად" დაეხმარნენ)
5. პუტინი უმძიმეს ვითარებაში (შეიძლება ითქვას ცუნგ-ცვანგში) აღმოჩნდა. მას არ ჰქონდა კარგი სვლის გაკეთების შესაძლებლობა. სირიულ კრახზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ რუსი ფაშისტებიც. მაგალითად, ინტერნეტში შეგიძლიათ იხილოთ გრუ-ს პოლკოვნიკისა და დნრ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის გირკინის ინტერვიუები აღნიშნულ საკითხზე, სადაც ის დიდი მჭმუნვარებითა და ასეთივე პროფესიონალიზმით (რასაც ვერ წაართმევ) ასაბუთებს რუსეთის გარდაუვალ მარცხს. სირიაში არამარტო რუსული ავიაცია იბრძვის, არამედ რუსი ქვეითებიც - ძირითადად დნრ-დან. მალე ცინკის ამანათი რუსეთისთვისაც კი საგრძნობი გახდება. კიდევ ერთხელ დადასტურდა თვით ამერიკელებისთვისაც კარგად ნაცნობი ფაქტი: მხოლოდ ავიაციით, სრულფასოვანი სახმელეთო შეტევის გარეშე, თანამედროვე ომის მოგება არ შეიძლება. პუტინი თითქოს სიტუაციის მძევლად იქცა. კიდევ ერთი ტერაქტი რუსეთში და მდგომარეობა შეიძლება უმართავი გამხდარიყო... და შეტევა ხორციელდება... საფრანგეთზე (აშშ-ს ვერ გაუბედეს)!!!
6. ვითარება კვლავ კარდინალურად იცვლება. ხდება საოცრება - ყველაზე ძლიერი ბლოკის ერთობა, რომელიც უკრაინის გამო რუსეთთან წინაღმდეგობამაც კი ვერ დაშალა - ბზარს აჩენს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინაშე. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ საფრანგეთი ომში ჩაერთო, შესაბამისად არ პასუხობს აშშ და ბრიტანეთი, ნატოს წესდების ყბადაღებული მეხუთე პუნქტი თითქოს პირველად არ ამოქმედდა. ძალიან მეეჭვება, რომ ეს რეალური რღვევის ნიშანია, თუ ეს ასეა, მაშინ ამის გაცილებით წონადი წინაპირობები უკრაინის კონფლიქტის დროს იყო. მაშინ რა არის ეს? (იქნებ ეს შეტყუების თუ ჩათრევის პოლიტიკაა?)
7. ამ ფონზე რუსეთი აღიარებს ტერაქტს და ემუქრება არამარტო ტერორისტებს არამედ მათ მფარველებს და დამფინანსებლებს. კეთდება განცხადება, რომ იგილს აფინანსებს 40 სახელმწიფო და მათ შორის რამდენიმე დიდი ოცეულის წევრია (მათგან ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო საუდის არაბეთია). პოპულარულ რუსულ საიტებზე, გავლენიანი რუსი ექსპერტები ტერაქტის ორგანიზატორთა მფარველობაში უკვე ღიად ადანაშაულებენ საუდის არაბეთს, და ყათარს. მაგალითად, ევგენი სატანოვსკი (გვარი ზუსტია, მაგრამ სიმბოლური) აღნიშნავს, რომ "ყათარსა და საუდის არაბეთში სხედან ტერაქტის ორგანიზატორები, შემკვეთები და სპონსორები (სპონსორები ანუ სამეფო ოჯახები?)" ეჭვს აძლიერებს ნავთობის ბაზარზე შექმნილი ვითარებაც, საუდის არაბეთის წინააღმდეგ არამარტო რეალური სამხედრო ქმედებები, არამედ ამის მეტ-ნაკლები საფრთხეც კი ააფეთქებს ნავთობის ფასებს. და თან სამხედრო შეტევის შემთხვევაში რუსეთს საშუალება ექნება საუდის არაბეთს "გააგდებინოს" ზემოთ ხსენებული 300 მილიარდის უდიდესი ნაწილი.
8. საფრანგეთი აკეთებს განცხადებას რუსეთთან იგილის წინააღმდეგ მოკავშირეობის შესახებ (იქნებ ესეც შეტყუების თუ ჩათრევის პოლიტიკაა?). პუტინის მდგომარეობა ისევ რადიკალურად იცვლება. ის თითქოს რამდენიმე ფრონტზე აღწევს უდიდეს წარმატებას, რომელსაც განმტკიცება სჭირდება, მაგრამ როგორ? აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თანამედროვე სამხედრო მოქმედებებში თუ პოლიტიკურ აქციებში წარმატების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინიციატივას, პირველ დარტყმას.
9. და ამ მხრივაც თითქოს მას კარტ-ბლანში აქვს. აშშ-ში 2016 წელი საარჩევნო წელია, რუსების აზრით ისედაც "სუსტი" ობამა მთლად დაკოჭლებულია, ხოლო მის ფონზე აუცილებლად მოვა გაცილებით ძლიერი (რუსეთთან მიმათებაში) პრეზიდენტი, ანუ საქმე საჩქაროდაა. რუსეთმა ყველაფერი, რაც შესაძლებელია 2016 წელს (მაქსიმუმ 2017 წლის თებერვლამდე) უნდა მიიღოს. თუ აშშ "გადაყლაპავს" საუდის არაბეთზე შეტევას, მაშინ არანაირ რეაგირებას არ მოახდენს საქართველოს, უკრაინის და ა.შ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების (და იქნებ არამარტო) "ძმურ ოჯახში" კვლავ შერეკვაზე (საქართველოში ამის ხელისშემწყობად პიკზე ასული რუსული აგენტურის ქმედებაც შეიძლება იყოს). ამ პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა, სპარსეთის ყურეში ახლად წარმოქმნილი კონფლიქტური კერის შედეგად უკიდურესად გაზრდილი ნავთობის ფასების ხარჯზე შეიძლება.
10. ასეთ ვითარებაში 2016 წელი უკიდურესად საფრთხის შემცველია საქართველოსა და მსოფლიოსთვის. გამორიცხული არც აპოკალიპტური სცენარებია. მოვლენების ეპიცენტრში კი საქართველოა (ამაში დასარწმუნებლად რუქაზე ერთი დახედვაც კი კმარა) და ამ ვითარებას ჩვენ ვხვდებით ეკლექტური, უსუსტესი, პირად ინტერესებბზე ორიენტირებული ხელისუფლების ფონზე. მმართველობითი ვერტიკალი ინერციის ხარჯზე ფუნქციონირებს და პირველივე სერიოზული საფრთხის შედეგად დემორალიზებული ინება. სამხედრო საფრთხეებს რომ თავი დავანებოთ, შესაძლებელია სურსათზე და საწვავზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც კი დადგეს.
11. სულ უფრო მცირდება მაგრამ არის იმის შანსიც, რომ რუსული ელიტა არ დაანებებს პუტინს აპოკალიპტური სცენარის განხორციელების შესაძლებლობას და მას ჩამოაშორებს ხელისაუფლებას. ესეც 2016 წელს გაირკვევა. ამ შემთხვევაში კი, უკვე უდიდესი შესაძლებლობები ჩნდება ჩვენს წინაშე, თუმცა მისი გამოყენება ზემოხსენებული მიზეზების გამო ფრიად საეჭვოა.
12. შეუძლია თუ არა აშშ-მ დაუშვას რუსეთის აღზევება და არსებული მსოფლიო წესრიგის ცვლილება? თუ ასე მოხდა დაზარალდება მისი პრესტიჟი, რასაც ძალიან კონკრეტული რაოდენობრივი საზომი გააჩნია და რაც დღეს 18 ტრლნ სახელმწიფო ვალის ტოლფასია. როდესაც ამ ქვეყნის პრესტიჟი დაეცემა აშშ-ს კრედიტუნარიანობა მკვეთრად შემცირდება და ეს დიდი ალბათობით ზემძლავრ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს რის შედეგებიც ტოლფარდი იქნება ბირთვული ომის შედეგებისა.
ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ძალიან დიდია ვითარების დრამატულად განვითარების რისკი, რისი შედეგიც ფორმულის "ყველაფერი ან არაფერი"-ს შესაბამისი იქნება. სწორედ ამიტომ უნდა მოვემზადოთ რათა საფრთხის შემთხვევაში გადავრჩეთ, ხოლო შესაძლებლობის უეცარი გაჩენის შემთხვევაში გამოვიყენოთ იგი.