თამაზ აქუბარდია
რომაელთა ეს შეგონება, თუ არისტოტელეს შეხედულებებს მევახშეთა მიმართ გავიზიარებთ, ყველაზე ზედმიწევნით ბანკებს შეეფერება, - ო, ღმერთო, მიხსენი ლომის ხახისგან! და მართლაც, ბანკები საერთოდ, და, განსაკუთრებით ჩვენთან, ბიზნესის კეთების ყველაზე წარმატებულ საქმიანობად იქცა, რადგანაც ისინი, სულ უკანასკნელ პერიოდამდე, საბანკო მომსახურების გარდა, სულ ცოტა 65 სახეობის ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდნენ, რომელთა უმრავლესობა ძალიან შორს არის საბანკო საქმიანობისაგან.
ბანკები განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესს და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს სწყალობდნენ, სადაც ყოველთვის უზარმაზარი თანხები ტრიალებდა და ტრიალებს და, სადაც მოტყუებულ, გადაგდებულ, თუ გაკოტრებულ ადამიანთა რაოდენობამ იმდენად საშიშ სიდიდეს მიაღწია, რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს რეალური საფრთხე შეუქმნა და, ამიტომ არაფრით არ შეიძლება მოვლენების განვითარებას მხოლოდ მაყურებლის, გნებავთ დამკვირვებლის, პოზიციებიდან ვაფასებდეთ.
ამ წერილში ჩვენ საბანკო საქმიანობის ერთ მხარეს გვინდა შევეხოთ, რომელიც პენსიების გაცემასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება და, თუ ის ბანკი, რომელსაც მოქმედების სრული თავისუფლება, როგორც წინა ხელისუფლების, ასევე დღევანდელი ხელისუფლების დროსაც, აქვს, რაც სრულ უნისონშია ამ ბანკის დასახელებასთან, იგი ამ თავისუფლებას იმდენად წარმატებულად იყენებს, რომ პენსიონერთა ერთი ნაწილი მუდმივ კაბალაში ჰყავს, რაც სამწუხაროდ დღეს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში ჯდება, თუმცა ვერაფრით ვერ გაგვიგია ხელისუფლების დანაშაულებამდე დასული პასიური პოზიცია, რომელიც მოსახლეობის ყველაზე უსახსრო, სიღარიბის ზღვარსა, თუ მის დაბლა მყოფ მოსახლეობას ეხება, რომელთა რაოდენობა ლამის ერთ მილიონს აღწევს და ზრდასრული მოსახლეობის 50 პროცენტს აღემატება.
მოკლედ პრობლემის არსის შესახებ.
პირველ რიგში შევნიშნოთ, რომ დღეს სახელმწიფო პენსიებს, მისი კლასიკური გაგებით (როგორც შრომის პერიოდში სოციალური ანარიცხებიდან დაგროვილი თანხის, საპენსიო ასაკის მიღწევისას გარკვეული ფორმით უკან დაბრუნებული თანხა, სადაც გათვალისწინებულია სტაჟი, დამსახურება და ა.შ.), ვერ გასცემს, რადგან ქვეყნის განვითარების ეკონომიკური დონე ამის საშუალებას არ იძლევა.
პენსიის ნაცვლად პენსიონრებს ეძლევათ, ე.წ. "შემწეობა", რომელსაც თეორიულად არაფერი აქვს საერთო პენსიის ცნებასთან. ამ შემწეობის სიდიდე დღეისათვის, პენსიონერთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის 160 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე გაცილებით ნაკლები სიდიდეა. და აქ იწყება ე.წ. "ქერის ორმო", ნებისმიერი ბანკისათვის, რომელიც ამ შემწეობებს გასცემს.
რადგანაც პენსიონრებს ეს თანხა არ ყოფნით, ამიტომ ისინი წინასწარ იღებენ პენსიებს, ბანკის მიერ დაწესებული პროცენტების სანაცვლოდ და, რადგანაც მათ ეს თანხები თვიდან თვემდე არ ყოფნით, ისინი თვიდან თვემდე იღებენ და იღებენ წინასწარ ამ შემწეობებს და ზოგიერთი მათგანი იქამდეც მივიდა, რომ პროცენტებში ლამის ნახევარ თანხას ტოვებს.
ოფიციალურად ბანკს ვერ შეედავები, - ეს ყველაფერი ნებადართულია. საკითხის ზნეობრივი მხარე ბანკისთვის ღიმილის მომგვრელია. მაგრამ რას შვრება ხელისუფლება. ეს შემწეობები თითოეული ჩვენთაგანის მიერ გადასახადის გადახდთ აკრეფილი ფულიდან გაცემული თანხებია, რომელსაც სახელმწიფო (და არა ხელისუფლება) დიდი ძალისხმევის შედეგად არიგებს და ამ თანხებს ეს თავისუფალი(?) ბანკი, ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე იჯიბავს.
რატომ უშვებთ ამ უზნეობას ხელისუფალნო? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ აუციელებელია რეგულაციების გამკაცრება ამ სფეროში? ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდეთ საპენსიო ფონდს და, თუ მაინცდამაინც, პროცენტები ბიუჯეტში შევიდეს და არა მავანის ჯიბეში.
რას ფიქრობთ ხელისუფალნო, ან როგორ გძინავთ, როცა გაჭირვებული მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თავი ლომის ხახაში აქვს ჩაყოფილი?