მოსავალი იმდენად მცირეა, რომ სოფლებს იქით სჭირდება მომარაგება
მარი ჩიტაია
24.11.2015

 სამომხმარებლო ბაზრებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა. ახალი წლის შემდეგ ადგილობრივ პროდუქტს იმპორტირებული მასობრივად ჩაანაცვლებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ გარკვეული მარაგი საახალწლოდ შემოინახეს და იანვრის მეორე ნახევრიდან უცხორი ნაწარმის გაყიდვაზე გადავლენ.

ასე ფიქრობენ გლეხებიც. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხალხი მოსავლის სიმცირეზე საუბრობს. წლევანდელი ჭირნახული ოჯახისთვისაც არაა სამყოფი და მისი გაყიდვა ხომ საერთოდაც წარმოუდგენელია.

ბაზრებში ყველის სექციას სიმცირე აშკარად ეტყობა. უკვე იშვიათად იყიდება სოფლის რძეც, რადგან რძის ნაწარმის გაძვირების გამო მისი გაყიდვა გლეხისთვის ნაკლებმომგებიანი გახდა. მცირეა ლობიოს მოსავალიც. სიმინდიც რამდენიმე თვის სამყოფია, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უამინდობამ ყანები საკმაოდ გაანადურა. იგივე ითქმის კარტოფილზეც.

პრობლემაა მეხილეობაშიც. ვაშლის მარაგი ორიოდე თვეს შეიძლება გაცწვდეს. ყველაზე დაბალი ხარისხის ვაშლი ბაზრებში 1 ლარად იყიდება, ხოლო ხარისხიანის ფასი 3 ლარს აჭარბებს. დაახლოებით ამდენივე ღირს მსხალიც. სეზონური ხილის გარდა, როგორიცაა კარალიოკი და ფეიხოა, დახლებზე სხვა ნაკლებად გვხვდება.

სამომხმარებლო ბაზრებისთვის თვალის ერთი შევლებაც გვაფიქრებინებს, რომ ქართულ დახლებზე იმპორტირებული სურსათი იმაზე ადრე გაჩნდება, ვიდრე ეს, წესით, მოსალოდნელი იყო.

დიდუბის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრის ნორა ცირდავას თქმით, გლეხებს არსებული მარაგის შენარჩუნება უჭირთ, რომ საახალწლოდ საკმარისი იყოს. როგორც მოვაჭრე ამბობს, უცხოური ხილი და ბოსტნეული ახლაც იყიდება, თუმცა მომავალი წლის დასაწყისიდანვე ქართული პროდუქტი საძებარი იქნება.

"შარშან გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო. პროდუქტის მასობრივი შემოტანა შუა გაზაფხულიდან დაიწყო. წელს კი იმპორტის საჭიროება ძალიან ადრე დადგა. ქართულის გვერდით, შემოტანილი სურსათი ისედაც ყოველთვის იყიდება, თუმცა ძალიან მალე იგი უხვად იქნება დახლებზე.

 ჩემი ვარაუდით, ორ თვეში ადგილობრივი პროდუქტი სანთლით საძებარი გახდება. ამიტომ ღირს ახლაც ასე ძვირი. კარგი ხარისხის კარტოფილი 1 ლარია, 1 კგ ხახვი 1,20 ლარი ღირს. შეიძლება მთელი დღე იდგე ბაზარში და ერთი მყიდველიც არ გამოჩნდეს, რომელიც კარტოფილს ბითუმად იყიდის. რაც არის, იმისაც ვერ ყიდულობს ხალხი.

ვატყობ, წელს ზამთრის მარაგს ძალიან ცოტა აკეთებს. ამ მხრივ აშკარად პრობლემაა. ცოტა ხანში კიდევ უფრო გაუჭირდებათ, როცა თითქმის ორმაგ ფასად შემოვა უცხოური პროდუქტი", - ამბობს ნორა ცირდავა.

ანალოგიური მოლოდინი აქვთ გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრეებსაც. ხილის სექციის გამყიდველი როლანდ სტეფნაძე ამბობს, რომ გორის გარდა, ხილი თითქმის არსაიდან შემოდის.

"ციტრუსის სეზონია და ამ მხრივ დასავლეთიდან აქტიურობა შეიმჩნევა. კივი, ფეიხოა და მანდარინი გურია-სამეგრელოდან შემოდის. სხვა ხილი, რაც კი იყიდება, გორიდანაა. შარშან ამ დროს რაჭულიც ბლომად იყო, მაგრამ წელს ხილის მოსავალმა რაჭაში არ გაამართლა. ცოტა ვაშლი და ქლიავი მოვიდა და ისიც ადგილობრივ საწარმოებს ჩააბარეს, აქამდე ვერც კი მოაღწია. ფაქტობრივად, გორი გვამარაგებს. რამდენ ხანს უნდა გვეყოს ერთ რაიონში მოწეული პროდუქტი? მალე გამოილევა და ხალხი ხილის ყიდვასაც ვეღარ შეძლებს, იმპორტულს "ცეცხლის ფასი" დაედება", - ამბობს მოვაჭრე.

რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ადასტურებენ, რომ წლევანდელი წელი ნაკლებმოსავლიანია და ადგილობრივების უმეტესობას ოჯახისთვის საკმარისი მარაგიც არ აქვს.

სამცხე-ჯავახეთში მოწეულ კარტოფილს ადგილობრივი ფერმერები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ყიდიან. მათგან თბილისელები პროდუქტს, ძირითადად, ტომრობით ყიდულობენ. წელს 1 ლარზე იაფად თითქმის არ შემოუტანიათ, რის მიზეზადაც ახალქალაქელი კარლო ოგანეზოვი მოსავლის დეფიციტს ასახელებს.

"ბევრს არ აქვს საშუალება, რომ კატოფილი დედაქალაქში ჩამოიტანოს. ხალხმა ადგილზევე გაყიდა, რადგან მოსავალი ცოტა იყო. უამინდობამ პროდუქტის ხარისხზეც და რაოდენობაზეც იმოქმედა. ნაწილს ახლა ვყიდი, ცოტაც საახალწლოდ გადავინახე. ქალაქელებმა ახლა თუ არ მოიმარაგეს, თებერვალში შეიძლება კარტოფილი 1,50 ლარიც გახდეს", - ამბობს კარლო ოგანესოვი.

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლენა გოთუა ამბობს, რომ მიზერულია სიმინდისა და ლობიოს მოსავალი, რაც რეგიონში მოსახლეობის ძირითადი საკვებია.

 "ყოველწლიურად მარაგის პრობლემაა. დალხენილი არც შარშან ვყოფილვართ, მაგრამ წელს გაცილებით რთულ მდგომარეობას ველოდებით, რადგან სიმინდიც ძალიან ცოტაა. ბაზარში კი იმდენად ძვირია, ოჯახი ყიდვას ფიზიკურად ვერ გაწვდება. შევეცადე, ზამთრისთვის სხვადასხვა საკვების მარაგი შემექმნა, 20 ლიტრი პომიდვის წვენი ძლივს გავაკეთე, უსახსრობის გამო მეტს ვერ გავწვდი", - ამბობს გურული დიასახლისი.

ანალოგიური მდგომარეობაა იმერეთშიც. ხალხი ამბობს, რომ მოსავალი იმდენად მცირეა, საზამთროდ საკვების მომარაგება თავად დასჭირდებათ.

"გვალვისგან ყველაფერი გადაიწვა, არც სიმინდია, არც ლობიო და სხვა ბოსტნეული. თითქმის ყველაფრის ყიდვა გვიწევს. არ ვიცი, რისი იმედი უნდა გვქონდეს, ძალიან მეშინია. სამუშაო მაინც იყოს, რომ ყოველდღიური პრობლემის გადალახვა უმტკივნეულოდ შევძლოთ", - ამბობს ლიანა მასხორაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.

სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები საუბრობენ მიზეზზე, რამაც საქართველოში მოსავლის სიმცირე გამოიწვია. მათი შეფასებით, ყველა სეზონი დანაკარგით დასრულდება, თუკი ტექნოლოგიებს არ განვავითარებთ და მიწასთან მუშაობის პრინციპი არ შეიცვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×