"ამ გარემოში შეიძლება ისეთი დიპლომატიური სვლების გაკეთება, რითიც ქვეყანა სარგებელს მიიღებს"
თაკო მათეშვილი
27.11.2015

 რეგიონში დაძაბული სიტუაციით საქართველომ შესაძლოა გარკვეული სარგებელი მიიღოს. სარგებელი კი იმაში მდგომარეობს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციებისა და თურქეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო რუსეთს საქართველოსათვის, ე.წ. საზღვრებთან პროვოკაციების მოწყობისა და სიტუაციის გამწვავებისათვის უბრალოდ აღარ "სცხელა".

მეტიც, ქართველი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ფონზე რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება უფრო აწყობს. არ გამორიცხავენ, რომ ამის გამო გარკვეულ დათმობაზეც წავიდეს და ჩვენი მისამართით დაპირებებიც უხვად გასცეს. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ საქართველომ მომენტით უნდა ისარგებლოს.

მოგეხსენებათ, ორი ქვეყნის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი "სუ-24" ჩამოაგდეს, რომელიც თურქეთში სირიის მხრიდან შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტმა ამას ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა, თუმცა სამხედრო პასუხი გამორიცხა.სამაგიეროდ, ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების ამოქმედება არ უარუყვია და ეს ყველაფერი უკვე დაიწყო კიდეც. თურქულ პროდუქციაზე რუსეთში კონტროლის გამკაცრებას აპირებენ. გაკეთდა განცხადებები ტურისტული ნაკადების შეწყვეტისა და ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებაც, რაც თურქეთის ეკონომიკას საკმაოდ დიდი დარტყმის ქვეშ დააყენებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, თურქეთის პრეზიდენტმა კი შესაძლოა, 15 დეკემბერს რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოს.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ კრემლში თურქეთის მხრიდან ტერორისტულ საფრთხეებსაც კი არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი თურქულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა კონტროლს გააძლიერებს. როგორც პესკოვმა განმარტა, აღნიშნული ზომები ექსტრემისტული საფრთხეების გაზრდას უკავშირდება.

თურქული მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა. აღნიშნული კოლონა სირიელ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ ტვირთს სირიის ქალაქ აზაზში აწვდიდა.

არსებული ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა. მსხვერპლის შესახებ სხვადასხა ინფორმაცია ვრცელდება. სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 7-დან 10-მდეა. რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და არც მომხდარი დაუდასტურებია.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვას სპეციალისტები საქართველოსათვის გარკვეული სარგებლის მომტანს უწოდებენ და ამბობენ, რომ რუსეთს მეზობელ ქვეყნებთან სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება და ამის ფონზე, საქართველოსთან მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა მის ინტერესებში შედის.

"კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ პრინციპული თვალსაზრისით ჩვენ ისევ დაპირისპირებულებად ვრჩებით, თუმცა შესაძლებელია ამ დაძაბულობის ფონზე პატარა, ტაქტიკურ წარმატებებს მივაღწიოთ.

მთლიანობნაში კი, კანაშვილის თქმით, ჯობია, რომ მაქსიმალურად მშვიდად და წყნარად ვიყოთ და ის რისკები ავწონ-დავწონოთ, რომლებიც დღეს ყველა მხრიდან მოდის. ამბობს, რომ ვითარება ძალიან დაძაბულია და არავინ იცის რით დასრულდება ყველაფერი.

"როგორც უნდა დალაგდეს ურთიერთობა ჩვენსა და რუსეთს შორის, აშკარაა, რომ ჩვენ პრინციპულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ეს საკითხებია: ტერიტორიები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ა.შ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა.

"უბრალოდ, რუსეთისათვის უხერხულია ყველა მეზობელთან გაფუჭებული ურთიერთობა ჰქონდეს. ასეთი ქვეყნების რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. საქართველოსთან სიტუაციის დალაგება კი მათთვის ახლა შესაძლოა, მომგებიანი და პოზიტიურიც იყოს", - აცხადებს კანაშვილი.

პოლიტოლოგის, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილის აზრით კი, თურქეთსა და რუსეთს შორის სიტუაციის დაძაბვით საქართველო სერიოზულად ვერ ისარგებლებს, რადგან ამით შესძლოა ურთიერთობა საკმაოდ კარგ პარტნიორთან-თურქეთთან გაგვიფუჭდეს. თუმცა, ამ გარემოში, მისი აზრით, შეიძლება ისეთი დიპლომატიური სვლის გაკეთება, რითიც ქვეყანა სარგებელს მიიღებს.

იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, თურქეთთან დაპირისპირებამ რუსეთის საგარეო პოზიციები დაასუსტოს და საქართველოსთან პოლიტიკა შეარბილოს. შედეგად მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთანაც, რომელიც უშუალოდ რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, მეტი დათმობა გამოიჩინოს.

"ანუ, იმ ქვეყნებთან ურთიერთობის გამოსასწორებლად, რომლებიც დასავლეთთან ახლოს არიან, მეტი ძალისხმევა დახარჯოს. ამიტომაც შეიძლება მეტი დათმობა და დაპირება წამოვიდეს. ჩემი აზრით, იგი საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას აღარ ეცდება და პირიქით, დათბობისაკენ გადადგამს ნაბიჯებს.

"რა თქმა უნდა, შეიძლება საქართველომ ეს ვითარება გამოიყენოს, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რათა ისევ რუსულ ხაფანგში არ აღმოვჩნდეთ და ამის გამო სხვა პარტნიორებთან ურთიერთობები გავიფუჭოთ", - აღნიშნავს გოგოლაშვილი.

"რეზონანსთან" საუბრისას იგი რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებასაც აფასებს და ამბობს, რომ მათი ურთიერთობის გაფუჭების გამო შექმნილი პანიკა მთლიანობაში გადაჭარბებულია. ამ დაპირისპირებას, მისი აზრით მეტი საფუძველი აქვს, ვიდრე მხოლოდ იმ თვითმფრინავის ჩამოგდება. მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო, რის გამოც ღია კონფრონტაცია განვითარდა. რეალური მიზეზი კი სირიის საკითხში უთანხმოებაა.

უფრო კონკრეტულად კი რუსეთის გეგმებია - სირიაში თავისი ყოფნა გაამართლოს და გააფართოოს. გოგოლაშვილის აზრით, რუსეთი ამ კონფლიქტს რეგიონში თავისი გავლენის გასაზრდელად იყენებს. ამით კი სირიაში და ახლო აღმოსავლეთში თურქეთის გავლენის შემცირებას ცდილობს. ამ ყველაფრის გამო ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ეჯახება.

სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისაკენ იქნება მიმართული, ექსპერტის აზრით საერთაშორისო ძალისხმევა. პირველ რიგში ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, რათა რუსეთს თავისი ადგილი მიუჩინონ, მას ზედმეტი ამბიციები არ გაუჩნდეს, სირია თავის სამხედრო გავლენის სფეროდ არ გადააქციოს და შემდგომ იქიდან მთელ ხმელთაშუა ზღვის რეგიონს არ დაემუქროს.

"ყველაზე დიდი პრობლემა ესაა, რის აღმოფხვრასაც დასავლეთი შეეცდება და, ჩემი აზრით, მოახერხებს კიდეც", - დასძენს კახა გოგოლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×