როგორ მოქმედებს პოლიტიკოსთა რეიტინგზე საზოგადოებრივ ადგილებში დაცვის გარეშე სიარული
გვანცა ღვედაშვილი
28.11.2015

 სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა სურათები, რომელზეც ასახულია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და მისი პარტიის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, რომლებიც მეტროთი მგზავრობენ.

"თავისუფალი დემოკრატების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ირაკლი ალასანია ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის მეტროთი გადაადგილდება.

აქვე აღნიშნავენ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ეს ქმედება არ არის პიარკამპანიის ნაწილი და ეს მისი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმის ნაწილია.

"ეს რომ ყოფილიყო პიარკამპანიის ნაწილი, მას გავაყოლებდით კამერასაც, ჟურნალისტებსაც და ა.შ. ეს არის ირაკლი ალასანიას მუშაობის ჩვეულებრივი ფორმა. მას შემდეგ, რაც ის პარტიის თავმჯდომარე გახდა, მთელი წლის განმავლობაში აქტიური კავშირი აქვს მოსახლეობასთან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ეს ჩვეულებრივი მუშა რეჟიმია, არაფერი სიახლე და განსაკუთრებული ამაში არ არის.

"ის არა მარტო მეტროთი, არამედ ავტობუსითაც გადაადგილდება. დადის ბაზრობებზეც. როცა ხალხთან შესახვედრად მიდის, ძირითადად ფეხით გადაადგილდება და ყველაგან ხვდება ხალხს ქუჩაშიც, შტაბშიც ავტობუსებშიც... ბოლო ერთი წელია ეს სისტემატურად ხდება. უბრალოდ ფოტოები გადაიღეს ადამიანებმა, ვისთვისაც უცხო იყო ალასანიას მეტროში დანახვა", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" პიარმა.

მსგავსი უშუალობითა და უბრალოობით სხვა პოლიტიკოსებიც გამოირჩევიან. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. წელს აღდგომაზე მოქალაქეებმა იგი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაცვის გარეშე, ფეხით მიმავალი დააფიქსირეს. ასევე რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელი წერდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი რიკოთის უღელტეხილზე ნახეს, როდესაც დაცვის გარეშე მყოფს მანქანა გაუფუჭდა და ა.შ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხშირად ხედავენ დუშეთის მცხოვრებლები, მაღაზიაში და ბაზარში პროდუქტების შესაძენად მიმავალს. "რეზონანსი" ესაუბრა ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველს, რომლის ხშირი სტუმარიც არის გიორგი მარგველაშილი. მისი თქმით, პრეზიდენტი საკმაოდ ხშირად დადის მასთან მაღაზიაში და თავად ყიდულობს პროდუქტებს სახლისთვის. როგორც თავად ამბობს, მართალია, მას დაცვა დაჰყვება, მაგრამ ჩანს, რომ ეს უფრო ფორმალობისთვის ხდება.

 აგრეთვე აღნიშნავს, რომ დუშეთის მცხოვრებლები მარგველაშვილისადმი დადებითად არიან განწყობილი და მისი მაღაზიაში და ბაზარში გამოჩენა უკვე აღარც კი უკვირთ.

"ადრეც დადიოდა, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა და მას შემდეგაც თავად დადის. ბოლო დროს იმდენად ხშირად ვეღარ ვხედავთ პრეზიდენტს, თუმცა, მთელი ზაფხულის განმავლობაში ხშირად შემოდიოდა ჩვენთან მაღაზიაში.

"ძალიან უბრალო და მოკრძალებული ადამიანია. მაღაზიაშიც და ბაზარშიც თვითონ დადის პროდუქტის შესაძენად. დუშეთში ბევრი ემადლიერება მას, ბევრს დაეხმარა, თუმცა ამის პრესაში გახმაურებას ერიდება", - განაცხადა დუშეთის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მარგველაშვილის სუპერმარკეტში გამოჩენა არ არის მისი პიარისკენ მიმართული და ეს მისი ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა.

"ეს არის მისი ცხოვრების ნაწილი და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. ის ადრეც დადიოდა მაღაზიებში და ახლაც ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებს", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

როგორც პიარსპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, პოლიტიკოსების მსგავსი ქმედება მათი პიარკამპანიის შემადგენელი ნაწილია, რითაც ცდილობენ იმიჯი უფრო სახალხო გახადონ.

"ხალხთან გასვლის თემა და მსგავსი ქმედება მსოფლიოში ძალიან პოლულარულია და ძალიან კარგად მოქმედებს იმიჯზე, ისინი სწორედ იმიჯის შესაქმნელად იბრძვიან.

"გახსოვთ ალბათ, როდესაც პრეზიდენტი გადმოვიდა მანქანიდან და მოხუცს გზაზე გადასვლაში მიეხმარა და ა.შ. ფაქტობრივად ის აგრძელებს ამ ხაზს. ალასანიამ ჩათვალა, რომ ეს მიდგომა უფრო აქტუალური და მომგებიანია, რადგან ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის ამ ქმედებას და ბევრი არაფრორმალური დადებითი შინაარსის ინფორმაციაც გავრცელდა. შესაბამისად, მანაც გადაწყვიტა მსგავსი ტიპის პიარისთვის მიემართა.

"ჯერჯერობით მათ კონკურენტი არ ჰყავთ, რადგან სხვა არავინ იყენებს ასეთი ტიპის მეთოდს.

"პიარკამპანია ყოველთვის აისახება ნებისმიერი ფიგურის რეიტინგზე. მთავარია ეს იყოს კარგად დაგეგმილი, იცოდეს რატომ აკეთებს ამას, რა მიზანი აქვს და რა პოლიტიკა გააჩნია", - ამბობს პირმისაშვილი.

პიარსპეციალისტმა ნინა პერტენავამ ისაუბრა, თუ როგორი უნდა იყოს პიარკამპანია, რათა ის ბუნებრივად ჩაითვალოს და როგორ მოქმედებს მსგავსი ნაბიჯები პოლიტიკოსების რეიტინგზე.

"ზოგადად, როცა პოლიტიკოსი არის აქტიური და სამოქმედო გეგმა გააჩნია, ეს დადებითად აისახება მის რეიტინგზე. როდესაც ადამიანი დადის სუპერმარკეტში, თავად ყიდულობს რაღაცას, დადის მეტროთი საზოგადოებასთან შესახვედრად - ძალიან კარგია. უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს ძალიან დადგმული, ხელოვნური და კონტექსტიდან ამოვარდნილი.

"იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თვითონ არ დადის მეტროში, მაშინ მას უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ მეტროში ჩავიდეს, თავად მივიდეს ხალხთან, ესაუბროს და გაეცნოს მათ პრობლემებს. ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი ის არის თუ რამდენად არ იქნება მოწყვეტილი ეს ნაბიჯები რეალობას, როცა ეს ბუნებრივად ჩანს ძალიან კარგია. მსგავსი ქმედებები არ უნდა იყოს ძალიან ხელოვნური, მთავარია ეს პროცესი დაბალანსებული იყოს. პირადად მე ყოველგვარი ხელოვნურობის წინააღმდეგი ვარ. თუ პიარი არის კარგად დაგეგმილი, ეს ძალიან კარგია და არ ნიშნავს, რომ ამით ვინმეს ატყუებ.

"მინდა აღვნიშნო, რომ ერთჯერადად მეტროში ჩასვლა ვერანაირად ვერ იმოქმედებს ვინმეს რეიტინგზე. უნდა იყოს მიზანმიმართული, თანმიმდევრული გეგმა, რათა მას ჰქონდეს კონკრეტული შედეგი.

"პიარკამპანიის მნიშვნელობა და ეფექტურობა განისაზღვრება უფრო ხარისხობრივი, ვიდრე რაოდენობრივი კუთხით. აგრეთვე იმით, თუ რა შეიცვლება საზოგადოებისთვის. კომუნიკაცია აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი, რათა ის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხვდება კონკრეტული პირი, იქნება ეს პოლიტიკური ფიგურა თუ არა. ამ შემთხვევაში მისი რეიტინგი საგრძნობლად აიწევს", - განაცხადა ნინა პერტენავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×