ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პაატა პურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ფიგურის ჩანაცვლებას ეცდება. თუმცა, მიუხედავად ამ ორი ადამიანის განვლილ გზაში არსებული ანალოგებისა, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ივანიშვილზე უფრო დიდია ლეგენდა, ვიდრე პაატა ბურჭულაძეზე.
ამასთან, ხუხაშვილის ცნობით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნება" პაატა ბურჭულაძეს თავის საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავდა, თუმცა მაშინ მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.
ხუხაშვილი ბურჭულაძეს ავტორიტეტულ ფიგურად მიიჩნევს და მისი აზრით, დღესვე რომ არჩევნები ჩატარდეს, მას პარლამენტში ბარიერის გადალახვა გარანტირებული ექნებოდა. ექსპერტი ფიქრობს, რომ მას შანსი აქვს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე მოთამაშის მთავარი ფიგურაც კი დაიკავოს.
"რეზონანსი": 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ივანიშვილს და ბურჭულაძეს რა ურთიერთობა ჰქონდათ?
გია ხუხაშვილი: მათი ურთიერთობის დეტალებში არ შევალ, რადგანაც ეს სისტემატური სახის კონტაქტი არ იყო. მაშინ ბურჭულაძესთან მიდიოდა მოლაპარაკება იმაზე, რომ ის წინასაარჩევნოდ კოალიციასთან ერთად გამოსულიყო და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო, რადგანაც საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ქვეყანაზე გული შესტკიოდა. ამიტომაც მაშინ იდეა გაჩნა, რომ ისიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო.
პრინციპში, ეს კონსულტაციები რეალური შედეგით არ დასრულებულა.
"რ": მიმდინარეობდა თუ არა მასთან მოლაპარაკება იმაზე, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატად გასულიყო?
გ.ხ.: კი, დაახლოებით ერთ-ერთი ვარიანტი ასეთი იყო, რომ ის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებოდა. მე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ისიც ვიცი, უარი რატომ განაცხადა, მაგრამ ეს არის შიდა სამზარეულოს საკითხები, რაზეც ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ.
"რ": როგორ ფიქრობთ, ბოლო დროს ბურჭულაძის ფიგურის გააქტიურება რასთან არის დაკავშირებული?
გ.ხ.: იმ პერიოდში პოლიტიკაში მოსვლა ასეთი ადვილი არ იყო, რადგანაც ეს იყო ბრძოლა, ომი... ცივილიზებული პოლიტიკის წარმოება მაშინ ძალიან რთული იყო.
ვფიქრობ, რომ ბურჭულაძემ მაშინ სწორედ ამის გამო დაიხია უკან. მას პროფესიულ და პოლიტიკურ მოღვაწეობას შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა. ახლა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში შემოსასვლელად უფრო მზად არის. პოლიტიკის კეთება ამ დროში უფრო ცივილიზებული ფორმით და ნაკლები რისკის გარეშეა შესაძლებელი.
"რ": პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში რა შანსი აქვს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ბარიერის გადალახვას თუ შეძლებს?
გ.ხ.: მე ვფიქრობ, რომ ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლის და წარმატების აბსოლუტური შანსი აქვს იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკა ყოველთვის პიროვნებაზე ორიენტირებულია. ის ფართო საზოგადოებაში საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნებაა და გარდა ამისა, მისი წარსული პოლიტიკური ცოდვებით დამძიმებული არ არის.
დღეს რომ არჩევნები იყოს, ის ბარიერის გადალახვას ახლაც თავისუფლად შეძლებდა. თუმცა პოლიტიკაში მისი შემოსვლის პროცესი მტკივნეული იქნება და ეს გზა აუცილებლად უნდა გაიაროს, გაუძლოს იმ შეტევებს, რაც მასზე განხორცილედება. ხოლო საზოგადოებამ კი უნდა ნახოს, მას რკინის ნერვები თუ აქვს. ბურჭულაძე პოლიტიკური კაპიტალის მქონეა და მასზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს მის გაზრდას ან შემცირებას.
"რ": როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ბურჭულაძემ ივანიშვილის ფიგურა ჩანაცვლოს, ან ამას თავად ბურჭულაძე თუ ეცდება?
გ.ხ.: მე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ განვლილ გზაში გარკვეული ანალოგები არსებობს. ორივე თავის საქმიანობაში წარმატებული და ქველმოქმედია. მაინც ვფიქრობ, რომ მასშტაბები მათ შორის მაინც განსხვავებულია. ბიძინა ივანიშვილზე ლეგენდა უფრო დიდია, ვიდრე პაატა ბურჭულაძეზე.
თუმცა, ივანიშვილის ჩანაცვლებას ნებისმიერი პოლიტიკოსი ეცდება. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ბურჭულაძესაც მსგავსი ამბიცია გააჩნდეს. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკურ საჭადრაკოზე ივანიშვილიღა დარჩა. დანარჩენი ყველა შეფუთვა და ილუზიაა.
სააკაშვილიც ამ დაფაზე თამაშობდა, თუმცა, ბოლო დროს მისი მარგინალიზაცია მოხდა, როგორც მოთამაშე ფიგურა დასუსტდა. ამიტომაც ნებისმიერი პოლიტიკოსი ეცდება რეალურ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ივანიშვილთან შევიდეს და მისი დონის ფიგურა გახდეს. ხოლო ამას რამდენად მოახერხებენ, ეს უკვე სხვა საკითხია.
"რ": ბურჭულაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის ხვდება როგორც ივანიშვილს, ასევე ალასანიას. როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა ველოდოთ რომელიმე მათგანთან მის გაერთიანებას?
გ.ხ.: არა მგონია. მე ვფიქრობ, რომ ის ივანიშვილთან უკვე გარკვეულ პოლემიკაშია შესული, უკვე იგივე ველზეა, რაზეც ივანიშვილი იმყოფებოდა. მან ფაქტიურად "20/30"-ის და "მოქალაქის" ალტერნატივა შექმნა, თანაც საკამოდ კრიტიკული ხედვით.
შესაბამისად, აქ დიდ დიაპაზონს ვერ ვხედავ. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", კიდევ საკითხავია, ვინ ვისთან უნდა მივიდეს და ვის ვინ უფრო სჭირდება. მე ვფიქრობ მათ ბურჭულაძე უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე მას ირაკლი ალასანია.
"რ": ხომ არარის შესაძლებელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამომავლოდ პაატა ბურჭულაძის გვერდით ვიხილოთ?
გ.ხ.: მე საერთოდ პრეზიდენტს პარტიულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. რადგანაც, მისი კონსტიტუციური მოვალეობაა, რომ ის პოლიტიკური სივრცის გახსნის გარანტი იყოს.
თუ ის პოლიტიკურად მიკერძოებული გახდება, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი როლის დაკნინება მოხდება. ვერც ვერაფერს შეიძენს და მთლიანობაში საზოგადოებაც დაზარალდება. მე ამ პერსპექტივას ყოველ შემთხვევაში არ ვისურვებდი.