Ab homine locusorantur, non homo loco!
ო, როგორ მხიბლავს არჩევნების წინ დაპირებების ოქროსებრ ცვენა, და მერე,
როგორც ნამუსახდილის, თვალცრემლიანი თავის მართლება.
თამაზ აქუბარდია
რომაელთა ეს გენიალური შეგონება ათასწლეულებს ითვლის და მისი არსი განსაკუთრებით არჩევნების წინ მოჩანს მთელი სიცხადით, როდესაც უკლებლივ ყველა ხელისუფალი ყველანაირად ცდილობს ამომრჩეველს დაუმტკიცოს, რომ ის ამშვენებს სკამს და არა სკამი მას. რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ ორსტროფიან "ინტერმეცცოს", ათას ბოდიშს ვუხდი გალაკტიონის უჭკნობ გენიას, აქ მხოლოდ მისი ლექსის განუმეორებელი წყობის მუსიკაა გადმოტანილი!
ახლა კი თავად პრობლემის შესახებ. თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ 1996 წელს, როდესაც თქვენი მონა-მორჩილი სულ ახლად გამომცხვარი პარლამენტარი იყო, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ერთ-ერთი მუხლის თანახმადაც, ფიზიკურ პირს შეეძლო საზღვარზე გადმოეტანა 300 ლარის ღირებულების საქონელი დაბეგვრის გარეშე.
ეს მუხლი სავალუტო ფონდის დაჟინებული თხოვნით(?) იქნა მიღებული, რომელთა არგუმენტაცია საფუძველს ნამდვილად არ იყო მოკლებული, - რადგანაც იმდროინდელი ბიუჯეტის რაოდენობრივი მაჩვენებელი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, ეს უნდა ყოფილიყო ბიუჯეტის შევსების არც თუ ურიგო წყარო.
მოგეხსენებათ, თურქეთთან საზღვარი ახალი გახსნილი იყო და, ე.წ. "ხელბარგის ბიზნესი" მთელი გაქანებით ფუნქციონირებდა. ჯერ კიდევ მაშინ, რამდენიმე დეპუტატი არ ვეთანხმებოდით 300 ლარიან დაუბეგრავ მინიმუმს, და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ლარის დოლართან თანაფარდობა დღეისათვის დაუჯერებელ სიდიდეს შეადგენდა, - 1 დოლარი - 1,3 ლარი, ანუ, 300 ლარის ეკვივალენტი დოლარში 230 დოლარს შეადგენდა.
დღეს ეს კურსი წინანდელთან შედარებით, სულ ცოტა ორჯერ ნაკლებია და 300 ლარზე სულ რაღაც 125 დოლარს შეადგენს, ანუ, რა მივიღეთ?, - მცირე ბიზნესი, ხელშეწყობის ნაცვლად, დღეს ორჯერ უფრო მეტად იბეგრება.
ასეთი მიდგომა, ყველა უბედურებასთან ერთად, იმითაც არის საკვირველი, რომ დღესაც კი ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ აკრძალოს ნებისმიერი საქონლისა, თუ მომსახურების, თუნდაც არაოფიციალურად, მაგრამ მაინც, ყველაფრის დოლარებში გამოსახვა, - ეს იქნება მანქანები, ბინები, გაქირავების საფასური, და ა.შ. და მაინცდამაინც დაუბეგრავი მინიმუმია ლარებში გამოსახული, რასაც მხოლოდ მივესალმებით და დაჟინებით მოვითხოვთ, ყველგან, ეს იქნება ინტერნეტით, თუ მედიის ნებისმიერი საშუალებით, ფასი გამოსახული იყოს მხოლოდ ლარებში. მაგრამ ეს ფასები უნდა უნდა კორექტირდებოდეს კურსის მიხედვით.
და სწორედ იმიტომ, რომ არჩევნები მოდის, და არჩევნების გაყალბებაზე ქ-ნ ირმა ინაშვილის პარტიამ უკიდურესად მწვავე რეაქცია მოახდინა, იქნებ ხელისუფლებამ ყურად იღოს მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა სამართლიანი მოთხოვნა და, 300 ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმის სიდიდე, შესაბამისობაში მოიყვანოს დოლარის კურსთან, ანუ - 600 ლარი გახადოს.
ფინანსთა სამინისტრო ამას ვერ იტყვის, თავის ხელით ხომ არ გაიკეთებს ხარაკირს. ეკონომიკის სამინისტროც მასთან უნისონში მუშაობს და ვერც ის იტყვის. დანარჩენებს ალბათ "გამოეპარათ" ეს უმნიშვნელო ნიუანსი. არა და წინასაარჩევნიდ ეს იქნებოდა დიდი და წარმატებული სახელისუფლებო ნაბიჯიი