"მთავრობამ ვალდებულება დააკისრა ბიზნესს, მაგრამ არა საკუთარ თავს"
ელზა წიკლაური
01.12.2015

 შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ სტაჟიორს ხელფასი გადაუხადოს, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება საჯარო სექტორზე. სახელმწიფო უწყებებში სტაჟიორებს უფასოდ ამუშავებენ. იურისტების თქმით კი, სტაჟირების წესში ასეთი განსხვავება არ უნდა იყოს. თუკი კოდექსი ბიზნესს ავალდებულებს, რომ გამოსაცდელი ვადით პირის სამუშაოზე აყვანისას ხელფასი გადაიხადოს, მაშინ იგივე წესი უნდა ვრცელდებოდეს სახელმწიფო სექტორზეც.

დღემდე პრობლემას წარმოადგენს კერძო სექტორში სტაჟიორთა ანაზღაურებაც. მიუხედავად კოდექსში არსებული ჩანაწერისა, დამსაქმებლები სტაჟიორებს ისევ უხელფასოდ ამუშავებენ. დამქირავებელთა მახეში კი სამუშაოს მაძიებელი არაერთი ადამიანი გაბმულა, მათ შორის, სუპერმარკეტის კონსულტანტ-სტაჟიორები და მშენებლობაზე დასაქმებული რიგი მუშა-სტაჟიორები.

სტაჟირება თუ უბრალოდ სწავლება

აუნაზღაურებელი სტაჟირების საკითხი უკვე წლებია ქართული რეალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სტაჟირება სრულიად შესაძლებელია 3 ან 4 წელს გაგრძელდეს. იგი ე.წ. დასაქმებულს შანსს აძლევს ელოდოს, როდის წავა რომელიმე თანამშრომელი სამსახურიდან, რომ მისი ადგილი დაიკავოს. სრულიად მოსალოდნელია, რომ დამსაქმებელმა, მიუხედავად კანონისა, სამუშაოს შესრულებაში ერთი თეთრიც კი არ გადაიხადოს.

მართალია, საქართველოში სატაჟირების შესახებ სპეციალიზებული კანონი არ არსებობს, მაგრამ მოქმედებს სამართლისა და კანონის ანალოგიის გამოყენების ზოგადი საფუძვლები. არსებობს ასევე ჩანაწერი შრომის კოდექსში, რომელიც განსაზღვრავ სტაჟირების ზოგად წესებს.

"საქართველოს შრომის კოდექსის" მე-9-ზე მუხლში, "გამოსაცდელი ვადა" ვკითხულობთ: 1. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით;

2. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით;

3. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება;

4. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად".

თუ კერძო სექტორი ვალდებულია, რომ გამოსაცდელი ვადით აყვანილ თანამშრომელს, ანუ იგივე სტაჟიორს ხელფასი გადაუხადოს, საჯარო უწყებებს ეს ვალდებულება არ გააჩნიათ. "საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #410 დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლა ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო-პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. ამასთან, სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით სტაჟირება ანაზღაურებადია, ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი სტაჟიორს რამდენიმე თვის განმავლობაში ამუშავებს, შემდეგ კი ეუბნება, რომ მან ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და სამსახურიდან უშვებს. მასობრივი უმუშევრობის ფონზე კი დამსაქმებლების "ხაფანგში" არაერთი ახალგაზრდა გაბმულა.

თეა ბარაბაძე თბილისში მოქმედ ერთ-ერთი სუპერმარკეტში 3 თვის განმავლობაში სტაჟიორ-კონსულტანტად მუშაობდა. ყოველი კვირის ბოლოს მაღაზიის ფილიალის ხელმძღვანელი ეუბნებოდა, რომ შტატში მომდევნო კვირას ჩასვამდა, თუმცა ეს ლოდინი ერთ დღესაც მისი სამსახურიდან გაშვებით დასრულდა: "ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რას ვიზამდი. წამოვედი ისე, რომ გაწეული სამუშაოსთვის ერთი თეთრიც არ ამინაზღაურეს", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" თეა ბარაბაძემ.

სტაჟიორებად ამუშავებენ სამშენებლო კომპანიაში მუშებსაც. ჩვენი მორიგი რესპონდენტი გიორგი ღვედაძე ამბობს, მან ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში 4 თვის განმავლობაში იმუშავა, საბოლოოდ კი, სამსახურიდან ისე გაუშვეს, რომ ერთი თვის ხელფასიც კი არ მისცეს. "ასეთ სიტუაციაში არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრი ადამიანია. არ ვიცი, სხვა სფეროში რა ხდება, მაგრამ მშენელობაზე ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი აიყვანეს სტაჟიორად, ამუშავეს რამდენიმე თვე და მერე უცერემონიოდ გაისტუმრეს სახლში", - ამბობს გიორგი ღვინიანიძე.

პრობლემა აქვთ სამსახურის დაწყების იმედით საჯარო სექტორში მისულ ახალგაზრდებსაც. ამ შემთხვევაში უხელფასობას უსაქმურობაც ემატება. "ბიზნეს-რეზონანსის" რეპონდენტები, რომლებმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ დასახელებისგან თავი შეიკავეს, ამბობენ, რომ საჯარო სექტორში სტაჟირება ისე გაუვლიათ, რომ მათთვის ერთი პატარა ტექსტის დაწერაც კი არავის უთხოვია.

"6 თვის განმავლობაში ერთ-ერთ საჯარო სექტორში სტაჟიორად ვიმუშავე. თავიდან ძალიან გამიხარდა, რომ პროგრამაში მოვხვდი და მეგონა, რომ რაღაცას ვისწავლიდი, მაგრამ შევცდი. ამ 6 თვის განმავლობაში ჩემთვის არავის არაფერი უსწავლებია. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმედი მქონდა, რომ ადგილი გათავისუფლდებოდა და რაკი იქაურ გარემოს ვიცნობდი, შტატში ჩამსვამდნენ. საბოლოოდ, ესეც მხოლოდ სურვილად დარჩა, გათავისუფლებულ ადგილას არც ერთი სტაჟიორი არ ჩაგვსვეს, უბრალოდ, ყველა გამოგვიშვეს", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.

ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში 5 თვე მუშაობდა სტაჟიორად გელა გ. იგი ორგანიზაციაში მას შემდეგ მივიდა, რაც იმ დეპარტამენტში ვაკანსია გამოცხადდა, მაგრამ 5 თვის შემდეგ ისე გამოუშვეს, რომ არც ანაზღაურება მიუციათ და არც არაფერი უსწავლებიათ.

"რამდენიმე უწყებაში გავიარე სტაჟირება და სამსახური ვერსად ვიშოვე. ბოლოს ვაკანსია გამოცხადდა ერთ-ერთ უწყებაში და მივედი. 5 თვის შემდეგ, იმ ადგილას თავისივე თანამშრომელი, მოვალეობის შემსრულებელი აიყვანეს. თანაც, რეალურად არაფერს გასწავლიან. ასე რომ, სახელმწიფო სტრუქტურებში სტაჟიორობა არის მხოლოდ დროის უაზროდ გაყვანა და მეტი არაფერი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გელა გ-მ.

"ან ყველასთვის, ან არავისთვის"

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ საქართველოში სტაჟირების საკითხი დღემდე მოუგვარებელია. მიუხედავად კანონში არსებული ჩანაწერისა, რომ გამოსაცდელი ვადით დასაქმება ანაზღაურებადია, ხშირია შემთხვევა, როდესაც პროფკავშირებს დახმარებისთვის დაზარალებული მოქალაქეები მიმართავენ.

"სამწუხაროდ, დამსაქმებლების უმრავლესობას მიაჩნიათ, რომ გამოსაცდელი ვადით ადამიანის სამსახურში აყვანა ანაზღაურებადი არ არის და სტაჟირებას იყენებენ შრომითი ექსპლოატაციისთვის. სწავლების საფარველქვეშ აიყვანენ ახალგაზრდებს სტაჟიორებად, ამუშავებენ, პროდუქციას აწარმოებინებენ და არ უხდიან ხელფასს. მიაჩნიათ, რომ ისინი მხოლოდ სწავლობენ.

სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენ ბევრი ადამიანი მოგვმართავს, როგორც ტელევიზიის ჟურანლისტ-სტაჟიორები, ასევე ტურიზმის სექტორში დროებით დასაქმებულები და გვთხოვენ რჩევას. როდესაც ვეუბნებით, რომ დავიწყოთ იურიდიული და შრომითი დავა, ისინი რატომღაც უარს ამბობენ. არადა, დავის დაწყების შემთხვევაში, საკითხი სწორედ სტაჟიორის სასარგებლოდ გადაწყდება", - აცხადებს ალექსანდრია.

რაც შეეხება სახელმწიფო სექტორში სტაჟირებას, ალექსანდრიას თქმით, თუკი სწავლების კომპონენტი ამოწურულია, პირი კი ისევ მუშაობს, მაშინ საჯარო სამსახურშიც სტაჟირება უნდა იყოს ანაზღაურებადი.

განსხვავებულად ფიქრობს იურისტი ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, თუ შრომის კოდექსი ბიზნესს ავალდებულებს, რომ გამოსაცდელი ვადით პირის სამუშაოზე აყვანისას ხელფასი გადაიხადოს, მაშინ ანალოგიური წესი უნდა ვრცელდებოდეს სახელმწიფო სექტორზეც.

"პირის გამოსაცდელი ვადით სამსახურში აყვანისას კერძო სექტორისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც თანაბარი პირობები უნდა მოქმედებდეს: სტაჟირება ან ყველგან ანაზღაურებადი უნდა იყოს, ან - არა. სახელმწიფომ სცადა, რომ ეს ვალდებულება შემოეღო ბიზნესისთვის, მაგრამ არა თავისთვის. კარგი იქნება, თუ ბიზნესი სახელმწიფო ამ კითხვას დაუსვამს - რატომ ჩვენთან და რატომ არა თქვენთან? იმიტომ ხომ არა, რომ იქ ფული კერძოა, სახელმწიფო სტრუქტურებში კი საჯარო? მოკლედ, სტაჟირება ანაზღაურებადი ან უნდა იყოს ყველასთვის, არ არავისთვის", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ალაფიშვილმა.

მისივე აზრით, ადამიანი, რომელიც სახელმწიფო სექტორში გადის სტაჟირებას იმ იმედით, რომ სამსახურს იშოვის, შემდეგ კი რჩება ისევ გარეთ, არის ჩვენი საჯარო სამსახურის ძალიან დიდი ნაკლოვანება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×