თაკო მათეშვილი
01.12.2015

 თუკი ნატოს დღევანდელ მინისტერიალზე საქართველომ სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი ალიანსის წევრობის შესახებ დავკარგოთ - მიიჩნევენ პოლიტოლოგები და დასძენენ, რომ ნატოს გაფართოება არ შეუჩერებია.

თუ მონტენეგრო დღეს ალიანსის წევრობის შეთავაზებას მიიღებს (რისი მოლოდინიც არსებობს), ეს მათი აზრით, სწორედ ამის დასტური იქნება და შესაბამისად, თუკი საქართველო სწორი გზით სვლას გააგრძელებს, ადრე თუ გვიან იგივე ბედს გაიზიარებს.

მოგეხსენებათ, დღეს ნატოს მინისტერიალი გაიხსნა, რომელზეც თავდაცვის მინისტრი საკმაოდ დიდ მოლოდინბს ამყარებს. თინა ხიდაშელმა თამამი და ოპტიმიზმით სავსე განცხადება არაერთხელ გააკეთა და პოზიტიური მოლოდინის შესახებ აზრი არც ბოლო დღეებში შეუცვლია. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მან გამოთქვა იმედი, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"საქართველოში მიმდინარე ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნიდან და იმ პაკეტიდან გამომდინარე, რომელსაც ვახორციელებთ "ეიემპის" ფარგლებში, რომელიც ყოველწლიური სამოქმედო გეგმაა, სრულიად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მაპ-ის გარეშეც აქვს მაღალი შანსი წევრობის გზაზე დადგომის", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

იგი დარწმუნებულია, რომ 1 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან გამოსული დოკუმენტი საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტური იქნება და ვარშავის სამიტისკენ გზას გაგვიხსნის. მასში იქნება საუბარი იმ ინსტრუმენტების თავსებადობაზე ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს უკვე გააჩნია.

"ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენ უკვე გაგვაჩნია, რომ არის წევრობის გზაზე თავსებადი, ეს ნატოს ჩანაწერში პირველად უნდა გაჩნდეს. ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მინისტერიალზე ჩვენ ამას მივიღებთ. რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის გზის გახსნა ვარშავისთვის იმაზე, რომ შუალედური პროცესი არ გვქონდეს გადასალახი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.მისივე თქმით, საქართველოს არ სურს იყოს ნატოს წევრი სახელმწიფოების აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. იგი მაპ-ს არ ითხოვს, რადგან თვითმიზანი ეს არაა. მთავარია, საქართველო წევრობის გზაზე დადგეს და ხიდაშელის აზრით, ამის რეალური შანსი არსებობს.

ხიდაშელის განცხადებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება სკეპტიკოსების აზრს იმის თაობაზე, რომ მონტენეგროს მიღების შემდეგ ნატო გაფართოების პოლიტიკას დიდი ხნით შეაჩერებს. ამ მოსაზრებას ზედმეტად პესიმისტურად მიიჩნევენ.

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძის თქმით, რამდენადაც მონტენეგროს გაწევრიანების საქმე წინ მიდის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროცესი გაჩერებული არ არის და ნატოსაც არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.

რაც შეეხება ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას, მუჩაიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი. ასევე, პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს მხრიდან ჩვენს მიღებასთან დაკავშირებით მოსამწიფებელია. ამაზე კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მისი აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი გაწევრიანება მუდმივად გაიწელება.

მაგალითად კი ბალტიისპირეთის ქვეყნები მოჰყავს და ამბობს, რომ მათ მიმართაც არსებობდნენ სკეპტიკოსი ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანებას არ ეთანხმებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ბალტიის ქვეყნებმა ყველა ვალდებულება შეასრულეს, მხარდამჭერების კრიტიკული მასა დაგროვდა და, საბოლოო ჯამში, ნატომ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

დასძენს, რომ რამდენიმე წლით ადრე თავად ბალტიის ქვეყნებსაც არ ჰქონდათ ამის მოლოდინი, მაგრამ შესაბამისმა რეფორმებმა და სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა მათ მიმართ მხარდაჭერა გაზარდა.

"ჩვენ შემთხვევაში პროგნოზირება ძნელია როდის და რამდენ წელიწადში მიგვიღებენ, მაგრამ როცა აღებული ვალდებულებები შესრულდება და დემოკრატიული განვითარების მაგალითს ვაჩვენებთ, ჩვენი შანსი საგრძნობლად გაიზრდება. თუნდაც ბოლო რამდენიმე წელიწადს რომ გადავხედოთ, ინტეგრაციის ხარისხი იზრდება - საქარველოში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა. ბოლო შეფასებაც საკმაოდ პოზიტიური იყო", - აცხადებს მუჩაიძე.

ამასთანავე, მისი აზრით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსი, არამედ პოლიტიკური ორგანიზაციაცაა, რომელიც ერთობლივ ღირებულებაზეა დაფუძნებული. ისინი ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას თვალყურს აუცილებლად მიადევნებენ. სასამართლოს თავისუფლება იქნება, კანონის უზენაესობა, თუ პრესის თავისუფლება - ამ მხრივ, მუჩაიძის თქმით, წინ ვერგადადგმული ნაბიჯები ჩვენ ალიანსში გაწევრიანებისათვის სერიოზული ბარიერი შეიძლება გახდეს.

სკეპტიციზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მონტენეგროს მიღების შემდეგ ნატოს კარები დიდი ხნით დაიხურება, გადაჭარბებულად მიიჩნევს და ამის დამადასტურებელი საბუთი მონტენეგრო იქნება, თუკი წევრობის შესახებ შეთავაზება მართლაც მიიღო - "დინამიკა საკმაოდ პოზიტიურია" - დასძენს იგი.

"ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუ რას მოიფიქრებს ნატო იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ოპტიმიზმი შერჩეს", - ეს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის სიტყვებია, რომელიც თანადებობის პირებს ურჩევს, ისე დაბეჯითებით არ ისაუბრონ, თითქოს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მისი აზრით, ჯობია უარესს ველოდეთ და უკეთესის გამო სიხარულმა დაისადგუროს, ვიდრე უკეთესს ველოდეთ და უარესი შედეგის გამო იმედგაცრუება დაგვეუფლოს.

ნატოს გაფართოების შესაძლო შეჩერებას იგი ყველაზე პრაგმატულ ნაბიჯად მიიჩნევს და ამბობს, რომ ბრიუსელის ხედვა, სადაც ნატოცაა განთავსებული თავისი უმაღლესი სარდლობით და ევროკავშირიც თავისი სტრუქტურებით, სწორედ ესაა.

"თუ რაღაცას დიდხანს ელოდები და ეს მოლოდინი ხანგრძლივდება, იმ ოცნების მიმართ ნეგატივიზმიც იზრდება. ხოლო თუ აცნობიერებ, რომ რაღაც გსურს, მაგრამ ეს არ გამოდის და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მისი ასრულება შესაძლებელია, მეტ სიმშვიდესა და კმაყოფილებას გრძნობ. ამიტომ პოზიტიური თუ ნეგატიური უკიდურესად გამწვავებული შეფასებების გაკეთებისაგან თავი უნდა შევიკავოთ", - ამბობს ცისკარიშვილი.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ელის, რომ დღევანდელ სამიტზე წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმევა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე დროით განზომილებაზე საუბარი, მისი აზრით, უბრალოდ, შეუძლებელია.

"მე პირადად მჯერა, რომ ეს დრო დადგება. უბრალოდ, შეკითხვა-როდის, დღეს არაკორექტულია. ამას უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს. მოძრაობა დინამიკურია", - ამბობს ის.

ნატოს გაფართოების შეჩერებას და მისი ღია კარის დროებით დახურვას იგი ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების აღმოსავლური ფლანგი ჯერ კიდევ სტაბილიზაციას მოითხოვს. არაერთი მეტად სერიოზული პრობლემაა, რომელთა მოგვარების გარეშე ევროატლანტიკური სივრცე უსაფრთხო და სტაბილური ვერ იქნება. გაფართოების დღის წესრიგის დიდი ხნით დახურვა კი, მისი აზრით, ამას ხელს ვერ შეუწყობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×