ეკატერინე ბასილაია
02.12.2015

 ახლო აღმოსავლეთში ჯიჰადისტების მხარეზე ბრძოლისას აჭარიდან 4 ადამიანია გარდაცვლილი, ქვემო ქართლიდანაც 4, პანკისიდან კი 12. საქართველოდან სირიაში საომრად დაახლოებით 120-მდე ადამიანია წასული. მათგან ცნობილია 4 საველე მეთაური და ოთხივე ქისტია. აჭარიდან და ქვემო ქართლიდან საველე მეთაურები არ არიან, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, საქართველოში ისლამისტური ქსელი საკმაოდ წარმომადგენლობითია - არიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდების მოზიდვით, საზოგადოებასთან მუშაობით არიან დაკავებულნი და, ამდენად, ექსპერტი მომავალ დაკავებებსაც ელოდება.

"საქართველოში ისლამისტური ქსელი საკმაოდ წარმომადგენლობითია. ვერ გეტყვით, რომ ისეთი ორგანიზებული ძალაა, რომელსაც დღეს მთების შეძვრა შეუძლია, მაგრამ სახელმწიფო რომ არ ჩარეულიყო, ხვალ და ზეგ შესაძლოა, ორგანიზებული ძალა გამხდარიყო. აქედან გამომდინარე, როდესაც კითხვა ჩნდება, თუ აქ არიან, რას აპირებენ, მე ვამბობ: ჯერჯერობით ახალგაზრდების მოზიდვით, საზოგადოებასთან მუშაობით არიან დაკავებულნი და გააჩნია, რა ბრძანებას მიიღებენ მომავალში. როგორც ჩანს, ჯერ ბრძანების რიგი არ დამდგარა. თუმცა მათი საქმიანობა აღკვეთილი იქნა იმ ეტაპზე, როდესაც ახალგაზრდობასთან მუშაობას ეწეოდნენ და რეგიონში ამ მიმართულებით აქტიურობდნენ," - აცხადებს არეშიძე.

"რეზონანსი": 23 ნოემბერს გავრცელდა 4 ქართველი ჯიჰადისტის მუქარა, ამის შემდეგ კი 7 დღეში სოფელ ნასაკირალში აკავებენ 4 პირს, რომელთაც სახლში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოუჩინეს და თან დაკავებულთაგან 2-ს მუქარის გამავრცელებლებთან ნათესაობაც აკავშირებს. რას ნიშნავს ეს, მუქარის რეალურად შესრულება იგეგმებოდა გურიაში?

მამუკა არეშიძე: კიდევ იმ აზრზე ვარ, რომ იმ ოთხეულის გამოსვლა და მუქარა განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ნამდვილად არ იყო. ეს იყო საკუთარი თავის შეგულიანება და მომხრეებისთვის შეძახილი, ვიდრე რეალური ძალის დემონსტრირება.

"რ": თუ ძალოვნებს დავუჯერებთ, ამ ადამიანებს სახლში იარაღი ჰქონდათ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში რაღაც ტერორისტულ აქტიურობას აპირებდნენ? რაში დასჭირდათ იარაღის შენახვა?

მ.ა: ეს კარგი კითხვაა, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს. იარაღის ქონა პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას აპირებდნენ, მაგრამ რასაკვირველია, ასეთი ტიპის იარაღის შენახვა, პლუს შესაბამისი ლიტერატურისა და ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა, ბუნებრივია, გვიბიძგებს, ვიფიქროთ, რომ რაღაცისთვის ემზადებოდნენ. ალბათ ასეც იყო, მაგრამ დაბეჯითებით არ შემიძლია გითხრათ, რომ რაიმეს დღეს და ხვალ აპირებდნენ.

ხშირად მისვამენ ხოლმე შეკითხვას, სირიაში საბრძოლველად წასულები რომ დაბრუნდებიან, მერე რა გვეშველებაო. ისინი კი არ დაბრუნდებიან, აქ არიან.

"რ": შესაძლოა, ბევრი უკვე გადაიბირეს?

მ.ა: პანკისის მაგალითი უკვე გვაქვს, სადაც ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი (პროცენტების დასახელება გამიჭირდება, თუმცა ის 50%-ზე მეტია) უკვე დიდი ხანია სალაფიტური, იგივე ვაჰაბიტური, მეჩეთის გარშემო იყრის თავს. გურიასა და აჭარაში შესაძლოა, ასეთი პროცენტი არ იყოს, მაგრამ გადაბირების ინტენსიური მუშაობა იქაც მიმდინარეობს.

"რ": საქართველოში ქრისტიანების გადაბირების შემთხვევებიც არის?

მ.ა: ამის მაგალითებიც არის.

"რ": გურიაში დაკავებული 4 პირიდან ორი - მირიან ბერიძე და ლაშა გობაძე, ცნობილი ვიდეომუქარის ავტორების - მერაბ ირემაძისა და ხვიჩა გობაძის ახლობლები და ნათესავები აღმოჩნდნენ. ამის გამო გაჩნდა კითხვები, რომ შესაძლოა, მხოლოდ ნათესაური კავშირების გამო მიიტანეს ეჭვი ამ ორ ადამიანზე და ასევე შესაძლოა, იარაღიც კი ჩაუდეს ბრალის გასამყარებლად.

მ.ა: დაკავებულებიდან ერთი პიროვნების შესახებ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მარტო მეგობრობა-ნათესაობის გამო არ დაუკავებიათ. დანარჩენის თაობაზე ჩემთვის ცოტა რამ არის ცნობილი.

ერთ-ერთი პიროვნების დაკავება აბსოლუტურად ლოგიკური იყო, თუნდაც სახლი სულ გაკრიალებული ჰქონოდა და არაფერი აღმოეჩინათ. ის ადამიანი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

"რ": რადგან უკვე დაკავებულია, შეგიძლიათ გვითხრათ, რომელზე საუბრობთ? თან შესაძლოა, მოწმედაც კი მოხდეს თქვენი დაბარება.

მ.ა: ამას ვერ ვიტყვი, ეს იქნება იმის პირდაპირი მანიშნებელი, რომ საბუთის გარეშე კონკრეტულ პიროვნებას ბრალს ვდებ. სამართალდამცავებმა გამოიძიონ და თავად ნახონ მისი სააგიტაციო და ძირგამომთხრელი მუშაობის თაობაზე.

"რ": გურიაში რამდენად ბევრი ისლამისტია და რამდენად რთული ვითარებაა ამ მხრივ ამ რეგიონში?

მ.ა: დაკავებულები სოფელ ნასაკირალიდან არიან. გურიაში რადენიმე მუსლიმური სოფელია, სადაც აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ასეთი სოფლებია: ნასაკირალი, ბუკნარი და ზოტი. რომ გითხრათ, ეს სოფლები მთლიანად სალაფიტურია, ასე არ არის. ტრადიციული ისლამის მიმდევრებიც ცხოვრობენ. ზოტიდან არის საქართველოს გმირი მურთაზ ირემაძე, რომელიც 2008 წლის ომში დაიღუპა. ამ სოფლებში მხოლოდ თითო-ოროლა ქრისტიანი ოჯახი თუ იქნება.

"რ": ამბობთ, რომ დაკავებული ერთ-ერთი პირის იდეოლოგიური მუშაობის შესახებ ინფორმაცია გქონდათ, თუმცა საზოგადოებისთვს ძირითადად მაინც პანკისიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ისის-ის რიგებში საბრძოლველად წასულებზე თუ დაღუპულებზე. ვიცით, რომ 12-ია გარდაცვლილი. სირიაში საომრად წასულებიდან რამდენიმე კონკრეტული გვარიც გავრცელებულა. აჭარა-გურიიდან კი მსგავსი ცნობები არ მოსულა, სანამ თავად არ გადაწყვიტეს მუქარის გავრცელება. როგორ ახერხებდნენ ასე მალულად მოქმედებას?

მ.ა: ზუსტად იმიტომ ახერხებდნენ, რომ ჟურნალისტებზე ზემოქმედების მთელი პლასტი იყო შექნილი. პანკისი გახდა საერთაშორისო უარყოფითი ბრენდი, ზუსტად იმიტომ, რომ მუდმივად ყოფილიყო საქართველოს უარყოფითი მხარის დემონსტრირება პანკისის მეშვეობით. ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არაფერი ხდებოდა პანკისში, რა უარყოფითი ავტორიტეტიც ჰქონდა საერთაშორისო პრესაში. ჟურნალისტებმა დაღალეს პანკისის მცხოვრებლები.

"რ": პანკისის თემის აქტუალობა პრესის ბრალი სულაც არ არის. ობიექტური წინაპირობებიც არსებობდა, წლების წინ პანკისის კრიზისი, შემდეგ ლაფანყური და შემდეგ ცნობილი ტერორისტი საველე მეთაურის - ბათირაშვილის წარმომავლობა.

მ.ა: მართალია ეს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები 2000-2012 წლებში ხელოვნურად ქმნიდნენ ისეთ სიტუაციას, რომ პანკისის მოსახლეობას უარყოფითი იმიჯი ჰქონოდა. მერე რა, რომ ბათირაშვილი პანკისიდანაა?! ნიუ-იორკის "ტყუპების" ამფეთქებლები (11 სექტემბრის ტერაქტი - რედ.) საუდის არაბეთიდან იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ტერორისტების სახელმწიფოა.

"რ": და მაინც პანკისის გარდა, მაგალითად, გურია-აჭარაში რა ხდება, რამდენია წასული სირიაში და რამდენია გარდაცვლილი?

მ.ა: გურიიდან დაღუპულების რიცხვი ჩემთვის უცნობია, მგონი, არავინ დაღუპულა. ჩემი ინფორმაციით, აჭარიდან 4 ადამიანია გარდაცვლილი, ქვემო ქართლიდანაც - 4. ჯამში 20 ადამიანი დაიღუპა სირიაში და ეს საქართველოსთვის პატარა რიცხვი არ არის. საქართველოდან სირიაში საომრად 120-მდე ადამიანია წასული, თუმცა რთული სათქმელია, ზუსტად რამდენი, რადგან ბევრი მათგანი დაფიქსირებულია ამა თუ იმ ქვეყანაში დასაქმებულებად, თუმცა მერე ირკვევა, რომ ისლამისტების რიგებში არიან. ცნობილია 4 საველე მეთაური და 4-ვე ქისტია. აჭარიდან და ქვემო ქართლიდან საველე მეთაურები არ არიან.

აჭარის შესახებ ადრეც ვრცელდებოდა რაღაც ცნობები, მაგალითად, ის, რომ ბათუმში მოსამზადებელი ცენტრები იყო, სადაც ადამიანების ტვინის გამორეცხვა ხდებოდა. ჩვენ ვიცით მეთოდოლოგია, როგორ ხდება ადამიანების დამუშავება და რას აღუთქვამენ მათ. ახალგაზრდები სასწავლებლად მიჰყავთ, ოჯახებს მატერიალურად ეხმარებიან. ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად კი იდეოლოგიური დამუშავებაც ხდება, რომ სამომავლოდ გამოიყენონ.

"რ": პანკისელ ისლამისტებსა და გურია-აჭარის ისლამისტებს შორის არის კავშირი?

მ.ა: რასაკვირველია, არის. მაგალითად, მუქარის ვიდეოს ერთ-ერთი ავტორი ხვიჩა გობაძე პანკისში რამდენჯერმე იყო ჩასული. ასევე ბახუნტარიძე, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი რელიგიური მოღვაწეა აჭარაში, მასაც პანკისელ სალაფიტებთან ჰქონდა კონტაქტები. ასევე რუსი დიპლომატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლაკაევი წლების წინ ბათუმში იარაღის შეძენა-ტარებისთვის დააკავეს და ახლაც პატიმარია.

"რ": ამბობთ, პრესამ პანკისი გახადა უარყოფითი ბრენდი, ამას პლუს ის, რომ "აისისის" რიგებში პანკისიდან უფრო მეტი ახალგაზრდაა წასული და მაინც საქართველოს მიმართ ორი მუქარა გავრცელდა და ორივე აჭარლების მხრიდან, პანკისელებისგან კი ამ მიმართულებით აქტიურობა არ ყოფილა. რა არის ამის მიზეზი?

მ.ა: ეს ქისტების სწორ აზროვნებასა და მათ საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაზე მეტყეველბს. სირიაში მებრძოლ არც ერთ ჩეჩენს არ გაუკეთებია საკუთარი რესპუბლიკის მიმართ აგრესიული განცხადება, ერთადერთი კადიროვს ემუქრებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×