სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ არის იმის საფრთხე, რუსეთმა თურქეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სცადოს. მისი აზრით, რუსეთი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზენიტო დანადგარებს განათავსებს, რომლის მეშვეობითაც, თურქეთის საჰაერო სივრცის საკმაოდ დიდი ტერიტორიის გაკონტროლებას შეძლებს.
ალადაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება მოსალოდნელი იყო, რადგანაც ორივე სახელმწიფოს ძველი დიდების დაბრუნების ამბიცია აწუხებს - რუსეთს ყოფილ საბჭოეთზე გავლენის აღდგენა სურს, თურქეთს კი ოსმალეთის იმპერიის ოდინდელი გავლენის დაბრუნება.
"რეზონანსი": რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა, ორივე სახელმწიფოს მხრიდან მწვავე განცხადებები ისმის. როგორ ფიქრობთ, მოვლენები რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს?
ირაკლი ალადაშვილი: რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ დრომდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაგრამ მათ შორის დაპირისპირება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა, რადგანაც რუსეთს ახლა დიდი ამბიციები აქვს. პუტინს სურს, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელი ძალაუფლება დაუბრუნოს.
თავის მხრივ, თურქეთსაც არანაკლები სურვილი აქვს, რომ ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ტერიტრიები აღადგინოს. აქედან გამომდინარე, ამ ორ სახელმწიფოს შორის ინტერესთა შეჯახება სირიაში მოხდა, რადგანაც თურქეთის ინტერესებშია ბაშარ ასადის ჩამოგდება და მისი ხელისუფლების დამხობა. რუსეთს კი სირიის პრეზიდენტის დაცვა და მისთვის პოსტის შენარჩუნება უნდა.
სანამ თურქები რუსულ ბომბდამშენს ჩამოაგდებდნენ, რუსებმა სირია-თურქეთის საზღვრის მონაკვეთი დაბომბეს, რომელიც თურქმანებით დასახლებულ ტერიტორიას წარმოადგენს და რომლებსაც თურქული სპეცსამსახურები მხარს უჭერენ.
თურქებმა რუსული ბომბდამშენი სწორედ ამ დაბომბვების საპასუხოდ ჩამოაგდეს, რითაც რუსეთს აჩვენეს, რომ თავისუფლად მოქმედებისა და მათი მოკავშირეების შევიწროების უფლებას აღარ მისცემენ. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ მათ შორის ეს დაძაბულობა სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზარდება.
"რ": ამ სიტუაციამ საქართველოზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს?
ი.ა: თუკი რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება, მაშინ მათ შორის ბრძოლის ახალი ფრონტი იქნება არა მხოლოდ სირია, არამედ შავი ზღვის აკვატორიუმი და სამხრეთ კავკასია. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავ ზღვაზე თურქეთის ფლოტი ბატონობს. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ ზღვაზე უპირატესობა თურქეთმა მოიპოვოს.
თუმცა რუსეთს შავი ზღვის აკვატორიუმში ექვსი თანამედროვე სარაკეტო ხომალდი შემოჰყავს, რაც საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენს. გარდა ამისა, რუსეთმა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან სამხედრო ძალა გადაისროლა, საიდანაც როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სივრცის სრულ გაკონტროლებას შეძლებს.
საქართველოს ტერიტორია რუსეთს თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან სჭირდება და მის გამოყენებას ოკუპირებული აფხაზეთის სახით თავისუფლად მოახერხებს, საიდანაც თურქეთის სიღრმეში საჰაერო სივრცის გაკონტროლებას შეძლებს.
მათ გალის რაიონში ეს-300-ისა და ეს-400-ის ტიპის ანტისაჰაერო საზენიტო დანადგარები შეიტანეს, რისი საშუალებითაც თურქეთის საჰაერო სივრცის საკმაოდ დიდი მანძილს გააკონტროლებენ.
ამასთან ერთად, რუსეთს საბჭოთა კავშირის ცივი ომის დროინდელი რუკები აქვს, რომელშიც საქართველოს ის ტერიტორიებია მონიშნული, საიდანაც თურქეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების განხორციელებაა შესაძლებელი. მათთვის ტაქტიკურად ყველაზე ხელსაყრელი კოპიტნარის აეროპორტია, საიდანაც თურქეთის ტერიტორიის დაბომბვას ყველაზე ადვილად მოახერხებენ.
თუმცა განსხვავება ის არის, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში აღარ იმყოფება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის (არაოკუპირებულ ნაწილს) თურქეთის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს. თუმცა აფხაზეთი მათი კონტროლის ქვეშ იმყოფება და გალში თურქეთის საზღვრიდან ძალიან ახლოს იმყოფებიან.
"რ": თურქეთი რა ძალისხმევას განახორციელებს ამ მიმართულებით?
ი.ა: რა თქმა უნდა, თურქეთს რუსეთის მსგავსად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედების საშუალება არ აქვს. თუმცა ამ ორი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდება. ამ შემთხვევაში საიდუმლო ოპერაციების ჩატარებას ვგულისხმობ.
"რ": თუკი თუქეთი რუსეთს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაუკეტავს და რუსეთს ხმელთაშუა ზღვიდან საჰაერო სივრცე აღარ ექნება, მაშინ ის საქართველოს საჰაერო სივრცის სირიაში სამხედრო ძალის გადასასროლად გამოყენებას ეცდება?
ი.ა: 1936 წლის ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთს საზღვრისპირა ქვეყნებისთვის ამ სრუტეების ჩაკეტვის უფლება არ აქვს. თუმცა ომის შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს, უცნობია. რაც შეეხება საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სირიაში ჩასასვლელი გზა მაინც თურქეთზე გადის და ეს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის ისედაც ჩაკეტილია. ასე რომ, ამ მხრივ მაინც არაფერს კარგავს.
რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცეს, რუსეთს თუკი დასჭირდება, მის გამოყენებას აუცილებლად ეცდება - კერძოდ, ჩვენი ქვეყნის, ირანისა და ერაყის გავლით სირიაში სამხედრო ძალის გადაყვანას. თუმცა ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა რუსეთს საკუთარი საჰაერო სივრცე დაუთმო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
"რ": ამ დაპირისპირებაში საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს?
ი.ა: მართალია, ჩვენი ქვეყანა დასავლეთისა და ნატოსკენ მიისწრაფვის, მაგრამ ისე არ გამოვა, რომ რუსეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება დავიკავოთ, რადგანაც თავად ნატოს წევრი ქვეყნები თურქეთის ინტერესების დასაცავად თავს დიდად არ იკლავენ.