ნატო ბალკანეთის კონსოლიდაციას ასრულებს, იქნება თუ არა შემდეგი კავკასია?
ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი)
03.12.2015

 მონტენეგროს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიწვევა და ღია კარის პრინციპის კიდევ ერთხელ დადასტურება გუშინ ბრიუსელში დასრულებული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი შედეგებია.

მინისტერიალზე მონტენეგრომ ალიანსის წევრობის მიწვევა მიიღო. მის შემდეგ ნატოს ასპირანტ ქვეყნებად, საქართველოს გარდა, რჩებიან მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა.

სავარაუდოდ, მაკედონია ალიანსში მიწვევას მომავალ წელს მიიღებს, შემდეგ კი ბოსნია-ჰერცეგოვინას რიგი დგება. ამ ორი ქვეყნის შემდეგ ალიანსის ქოლგის ქვეშ ბალკანეთის კონსოლიდაცია სრულდება და ლოგიკურად საქართველოს საკითხი დგება დღის წესრიგში.

გუშინ ბრიუსელში კი საქართველოსთან მიმართებაში ალიანსმა კვლავ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო - ერთი მხრივ, ცალსახად აღნიშნა მიღწეული პროგრესი, მაგრამ კვლავ უარი გვეთქვა გაწევრების გზაზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაზე.

"ვარშავის სამიტისთვის მზადების ფარგლებში, ჩვენ შევისწავლით ახალ პრაქტიკულ გზებს, რათა უფრო ინტენსიური გავხადოთ ძალისხმევა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის და მზარდი თანამშრომლობის, ასევე თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროების ჩათვლით," - ასე გამოიყურება ღია კარის პოლიტიკის შესახებ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების ძირითადი გზავნილი საქართველოსათვის.ასევე მნიშვნელოვანია დოკუმენტში იმის ხაზგასმა, რომ გაწევრიანებისათვის აუცილებელია "წევრობის სამოქმედო გეგმის", ანუ მაპ-ის, ეტაპის გავლა.

"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი მაპ-ით, როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილით. დღეს კვლავ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ნატო ცალსახად მიესალმება იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეული იქნა 2008 წლის შემდეგ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.

"ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე, მათ შორის ერთობლივი სწავლებების დაწყებას, მომზადებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნას, რომელიც ეხმარება საქართველოს, გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვითუნარიანობა და სამხედრო შესაძლებლობები.

"ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია, მათ შორის მოახდინოს სასამართლო სისტემის და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირება და სამხედრო ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება," - ნათქვამია განცხადებაში.

ნატო ასევე მოუწოდებს საქართველოს გააგრძელოს რეფორმები მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით: "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეინარჩუნოს ტემპი რეფორმებისკენ მიმართულ ძალისხმევაში, რომელსაც ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს."

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე "მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი" უწოდა.

ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი მიზანია ნატო-ს წევრობა, ხოლო ალიანსის გადასაწყვეტია, რა ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაველოდოთ იმ დროს, როცა ეს შესაძლებელი გახდება. ნატო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრებაზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, საქართველო კი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რათა შეიძინოს ის ინსტრუმენტები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს გაწევრებას ალიანსში. ვფიქრობ, რომ უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი სახეზე, ამას ხაზს უსვამენ ჩვენი პარტნიორები და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას," - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკიავიჩუსის აზრით, მონტენეგროს, იგივე ჩერნოგორიის, ნატოში მიწვევა წარმოადგენს სიგნალს სხვა წევრობის მსურველი ქვეყნებისათვის ღია კარის პოლიტიკის შესახებ. მისი აზრით, ნატოს გაფართოება ბუნებრივი პროცესია, თუმცა არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები და განსაკუთრებით ეს საქართველოს გაწევრებას ეხება. მაგრამ, მისი აზრით, საქართველომ მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ლინკიავიჩუსი აღიარებს, რომ საქართველოში ნატოსთან მიერთებას აქვს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ქვეყანა აქტიურადაა ჩართული ნატოს საქმიანობაში, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილების მიღება მომავალში დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×