ნატოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს "ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორი კახა გოგოლაშვილი საერთო ჯამში დადებითად აფასებს. თუმცა, მისი თქმით, ეს არ იძლევა იმის იმედს, რომ საქართველოს მაპის გარეშე მიიღებენ. სამოქმედო გეგმას კი, გოგოლაშვილის აზრით, სავარაუდოდ საქართველოს მომავალი წლის ვარშავის სამიტზე მისცემენ.
"ძალიან ბევრი რაღაც მიანიშნებს, არსებობს შანსები, რომ 2016 წლის სამიტზე მაპი მოგვანიჭონ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კახა გოგოლაშვილი, რომელსაც ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვესაუბრეთ.
კახა გოგოლაშვილი: ვფიქრობ, საკმაოდ დადებითი კომუნიკე მიიღეს, თუმცა ეს არ იძლევა იმის იმედს, რომ საქართველოს მაპის გარეშე მიიღებენ. სამოქმედო გეგმის მინიჭება კი შესაძლებელია, რადგან ყველაფერი, რაც ჩაწერილია საქართველოსთან დაკავშირებით, ძალიან დადებითია. იძლევა იმის იმედს, რომ მაპი მივიღოთ, ნატოსთან ურთიერთობაში საქართველო წინ წავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს საუბრობდნენ საქართველოს გაწევრიანებაზე მაპის გარეშე.
განცხადების მე-10 პუნქტის პირველ აბზაცში წერია - საქართველოსთან მიმართებაში 2008 წლის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გაწევრიანებისთვის ფორმალურად მაინც უნდა მისცენ მაპი, მაგის გარეშეც მზად რომ იყოს.
"რეზონანსი": და რა მოლოდინი გაქვთ, მომავალ ვარშავის სამიტზე მოგვცემენ მაპს?
კ.გ: ვარშავის სამიტზე მაპს მისცემენ თუ არა საქართველოს, ეს აქ არ წერია. მართალია, ეს მოსამზადებელი მინისტერიალია, თუმცა ამ კომუნიკეში ამასთან დაკავშირებით მეტი არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ დადებით პოზიტიურ კონტექსტშია აღნიშნული საქართველოს პროგრესი და მისი მზადყოფნა. ანუ ძალიან ბევრი რაღაც მიანიშნებს, არსებობს შანსები, რომ 2016 წლის სამიტზე მაპი მოგვანიჭონ.
"რ": კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ ვარშავის სამიტისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ გზებს შეისწავლის და ამ განცხადების ფონზე რა თანამშრომლობის გზას უნდა ველოდოთ, ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ხომ უკვე არსებობს?..
კ.ხ: თანამშრმლობის ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. ძნელია რაიმეს წინასწარმეტყველება. ყველანაირი ფორმატი შეიძლება იყოს გამოყენებული, რაღაც კონკრეტულის მოძიება გამიჭირდება. ყოველ შემთხვევაში ამ განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ კმაყოფილები არიან ინტესიური თანამშრომლობის პროგრამებით და შედეგებით.
"რ": რაც შეეხება იმ კონტექსტს, სადაც რუსეთზეა საუბარი, ამასთან დაკავშირებით რას იტყვით, სიტყვა "ოკუპაცია" ნახსენები არ არის...
კ.გ: ოკუპირებული ტერიტორიების ხსენება ყოველ წუთს შეიძლება არ იყოს აუცილებელი. მაგრამ აღნიშნულია, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან უნდა წაიღოს. არ ცნობს ამ შეთანხმებებს, რომელიც აღნიშნულ მხარეებს შორის ცოტა ხნის წინ გაფორმდა. ჩემი აზრით, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებაა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ნატო არ ამწვავებს რუსეთთან დამოკიდებულებას და არ იყენებს უფრო მკაცრ სიტყვებს.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ცოტა რბილია ეს შეფასება, მაგრამ ეს გარკვეულწილად გასაგებიცაა. ისეთი განცხადების ფონზე მონტენეგროს იღებენ ნატოში, ასევე საუბარია საქართველოს გაწევრიანებაზეც. ახლა პირდაპირ მოწოდებას, რომ (რუსეთმა) ეს ტერიტორიები დატოვოს, შესაძლოა ვითარების გამწვავება გამოეწვია. რუსეთი იტყოდა, საქართველოში ნატოს ჯარების შეყვანას აპირებენ და ჩვენთან მოდიან კონფრონტაციაზეო. შეიძლება რუსეთმა ეს პროვოკაციად წარმოაჩინოს და ხელი შეუშალოს საქართველოს მშვიდობიანად გაწევრიანების პროცესს. ამიტომ ნატო ცდილობს არ იყოს პროვოკატორი.
"რ": გუშინდელ მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებით ნატოს 29-ე წევრი მონტენეგრო გახდა. დარჩა კიდევ 3 ასპირანტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო. თქვენი აზრით, მათთან დაკავშირებით როგორი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიდგომა?
კ.გ: მონტენეგროს შემდეგ ვფიქრობ, მაკედონიის საკითხი გადაწყდება. პრინციპში ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ალბათ ამ ქვეყანას მომავალ წელს გააწევრიანებენ. და აქ უკვე არანაირი კითხვები აღარ იქნება. რაც შეეხება ბოსნია-ჰერცოგოვინას, არ არის გამორიცხული, რომ ასევე მოხდეს მისი გაწევრიანებაც, თუმცა ეს ცოტა გრეძელვადიანი პროცესი მგონია. ყოველ შემთხვევაში, ნატოს თავის კომუნიკებში პირდაპირ აქვს ნახსენები, რომ ბალკანეთის ყველა ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. ამას ხელს ვერაფერი შეუშლის, უბრალოდ უნდა დაველოდოთ სამიტს.
გეოგრაფიულად კი საქართველო ბალკანეთთან შედარებით შორსაა. უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველო არ ჩამოშორდება ინტეგრაციის პროცესს. როგორც კი ბალკანეთის ინტეგრაცია დასრულდება, მთელი ყურადღება ჩვენს ქვეყანაზე გადმოვა. რა თქმა უნდა, იქ არის შვედეთისა და ფინეთის საკითხები, რომლებიც ასევე ნელ-ნელა წინ მიიწევენ. მათი წევრობა ძალიან მარტივი იქნება, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ ქვეყნებში. ისინი ყველა კომპონენტში მზად არიან, რაც გაწევრიანებისთვისაა საჭირო, ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პროცესი ხელს არ შეუშლის საქართველოს გაწევრიანების პროცესს.