დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად წარადგინა საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს ეხება. ამ ცვლილებით ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილი, რომელიც მთლიანად კეტავს ან აფერხებს ფეხით მოსიარულეთა სავალ გზას, აღარ დაექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ამ უკანასკნელს დაექვემდებარება მხოლოდ ის მანქანები, რომლებიც საავტომობილო მოძრაობას აფერხებენ.
ჯაჭვლიანის ინიციატივით, ეს ცვლილება ადმინისტრაციულ კოდექსში უნდა შევიდეს. ამჟამად კანონპროექტი საპარლამენტო კომიტეტებში განიხილება.
გუშინ ამ ინიციატივაზე მწვავე განცხადება გააკეთა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", რომლის დასკვნითაც, დამტკიცების შემთხვევაში ეს ცვლილება კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში არსებულ ვითარებას.
იგივეს ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ა/ო "დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში მანქანები ტროტუარების "სრულ ოკუპაციას მოახდენენ".
ლაშა ჩხარტიშვილი: ეს ინიციატივა სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. მისი დამტკიცების შემთხვევაში ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება არც პატრულის თანამშრომლებს, არც შესაბამის ორგანოებს აღარ ექნებათ, რაც ისედაც გადატვირთულ ტროტუარებს სრულიად გაუვალს გახდის.
ეს უხეშად ლახავს ფეხით მოსიარულეთა უფლებებს. ჩვენ, "დემოკრატიის უნსტიტუტმა" მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ამ სახით არ მიიღოს. ისედაც შელახულია ფეხით მოსიარულეთა უფლებები და ეს ინიციატივა კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას. საუბარია არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან ბავშვიან პირებზე, არამედ ნებისმიერ რიგით მოქალაქეზე. თბილისში ისედაც ჭირს ტროტუარებზე ფეხით გადაადგილება და თუ ავტომობილის პატრონებს იმის შიშიც აღარ ექნებათ, რომ გზის მთლიანდ გადაკეტვის შემთხვევაში მათ მანქანებს საჯარიმო სადგომზე გადაიყვანენ, ისინი ბუნებრივია ტროტუარების სრულ ოკუპაციას მოახდენენ.
"რ": რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივაცია ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას?
ლ.ჩ: არ ვიცი, რა იყო ბატონი სოსოს მოტივაცია. თუკი მას "ცენტრ-პოინტთან" ან "სითი პარკთან" დაკავშირებით უნდოდა გარკვეული პოზიტიური ცვილებების შეტანა, ბუნებრივია, ეს არ უნდა მოხდეს ფეხით მოსიარულეთა ხარჯზე.
სხვა საკითხია, თუკი იქნება ისეთი სამართლებრივი ფორმა, რომელიც "სითი პარკის" დრაკონულ ჯარიმებს შეამცირებს, ამას მივესალმებით, მაგრამ არა ფეხით მოსიარულეთა ხარჯზე.
"სითი პარკის" საჯარიმო სადგომის საფასური დაახლოებით 70 ლარამდეა, რაც ბუნებრივია ძალიან მაღალია, თავად ხელშეკრულების გაუქმებასაც უკვე დიდი ხანია ითხოვს პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ჩვენც, თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთი საკითხი მეორესთან არავითარ კავშირში არ უნდა იყოს და არ უნდა მოხდეს ფეხით მოსიარულეთა ხარჯზე, თუნდაც ამ ჯარიმების ნაწილისგან განთავისუფლება.
ქვეყანაში ავტომფლობელების ინტერესები ილახება, მათ შორის "სითი პარკის" მიერ, მაგრამ ამისთვის შეიძლება რაიმე სხვა სახის გამოსავალი იქნას მოფიქრებული, რაიმე ზღვრული ნორმა დაწესდეს ან სხვა გზა მოინახოს და არა ის, რომ ტროტუარების ავტოსადგომებად საბოლოოდ დაკანონება განხორციელდეს ან მანქანის მფლობელებს მიეცეთ საშუალება კიდევ უფრო ჩახერგონ ისედაც გაუვალი საფეხმავლო გზა.
"რ": ჰყავს თუ არა ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარდამჭერები და რამდენად შესაძლებელია მისი მიღება და დამტკიცება?
ლ.ჩ: ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამგვარი კანონპროექტის მხარდამჭერები არ მოიძებნებიან, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, ისინი აბსოლუტურ უმცირესობაში იქნებიან. მართალია, დეპუტატების უმრავლესობა მანქანით გადაადგილდება, თუმცა იმედი მაქვს ისინი სხვა მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ხანდახან მაინც ფიქრობენ.
იმედია თავად ჯაჭვლიანიც იქნება თანახმა, რომ კანონპროექტის შინაარსი შეცვალოს. მე ვერ ვხვდები რა სურვილი და ინტერესი უნდა ჰქონდეს ბატონ სოსოს, მაგრამ იმედია, თავადაც გააცნობიერებს რამდენად დიდი ზიანის მომტანი იქნება ამგვარი კანონმდებლობის დაკანონება და თავად იტყვის უარს მასზე. სხვა რაიმე პოზიტიურს თუ შეიცავს ეს საკანომდებლო აქტი, ჩემთვის უცნობია და უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გასჩენოდა რომელიმე დეპუტატს ამ ცვლილების მიღების სურვილი.